მედიცინაიტალია

კოვიდ-19 – იტალიაში ოქსფორდის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა იწყება

Astrazeneca-მ ვაქცინის მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო - „2021 წლის დასაწყისში 3 მილიარდი დოზა გვექნება“

იტალიაში  Covid-19-ის საწინააღმდეგო Oxford-Astrazeneca-ს ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა იწყება. იმ 7 ცენტრიდან, რომლებიც იტალიაშია შერჩეული, პირველი ტესტირებები მოდენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ჩატარდება. მოდენის საავადმყოფოში ვაქცინაცია დაახლოებით პირველი დეკემბრისთვის დაიწყება.

ნოემბერში შეარჩევენ 18 წლის და მეტი ასაკის 300 მოხალისეს, რომლებსაც ორმაგი „ბრმა გამოცდა“ ჩაუტარდებათ: 200 მოხალისეს ვაქცინით აცრიან, 100 მოხალისეს კი პლაცებოს გაუკეთებენ (არც სამედიცინო პერსონალს და არც მოხალისეებს არ ეცოდინებათ, ვინ აიცრა ვაქცინით და ვინ – პლაცებოთი).

მოხალისეთა განაცხადების მიღებისთვის უფასო ტელეფონის ნომერი მალე გახდება ცნობილი. აარჩევენ პირველ 300 ადამიანს,  რომლებიც მესამე ფაზის ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ და თან მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

რაც შეეხება მოხალისეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კრისტინა მუსინი, Infectious Diseases Aou-ს დირექტორი და UniMoRe-ის პროფესორი ვიდეოკონფერენციაზე განმარტავს: „შეირჩევა 300 სრულწლოვანი ადამიანი, ჯანმრთელებიც და ნებისმიერი პათოლოგიის მქონენიც, სანამ დაავადება სტაბილურ სტადიაშია“. მისი თქმით, შესაძლებელია, მაგალითად, ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის დაუშვან „კომპენსირებული დიაბეტიკი“ ან „აივ-პაციენტი, რომელიც რეტროვირუსულ თერაპიას გადის“. მონაწილეობა შეუძლით მათაც, ვისაც კოვიდი გადატანილი აქვს, თუმცა არა მძიმე ფორმით. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ავადმყოფები და ფეხმძიმე ქალები ექსპერიმენტში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.

Aou of Modena-ს მიზანია, ადგილზე რიგები თავიდან აიცილოს, ამიტომ განაცხადების მიღებისთვის ხელმისაწვდომი იწქნება უფასო სატელეფონო ნომერი, ხოლო მოხალისეთა რეგისტრაციის მართვა ელექტრონული დღიურის საშუალებით მოხდება. ადმინისტრირებისთვის  არჩეულია კლინიკა  Aou, სადაც გამოიყოფა სპეციალური ზოლი მათთვის, ვინც მესამე ფაზის კლინიკურ ცდაში მონაწილეობას მიიღებს.

შვედურ-ბრიტანულმა კომპანია AstraZeneca-მ კორონავირუსის ვაქცინის მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო, კლინიკური კვლევების დასრულებამდე. ამის შესახებ 2 ნოემბერს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, კატალონიელმა ექიმმა ხოსე ბასელგამ განაცხადა. მისი თქმით, „არ სურთ, რომ კიდევ ნახევარი წელი დაიკარგოს“ ვაქცინის გამოცდის საბოლოო დასრულებასა და მასობრივ წარმოებაზე გადასვლას შორის, ამიტომ უკვე 2021 წლის დასაწყისისთვის 3 მილიარდი დოზა იქნება მზად. ამის შესახებ ilmessaggero.it-ი წერს.

ბასელგას თქმით, ვაქცინის გამოცდის წარმატებით დასრულებასა და მის ეფექტიანობაში დარწმუნებულია.

აქედან გამომდინარე, Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი გამოყენება უკვე 2021 წლის მარტისთვის იგეგმება.

ბასელგამ დააზუსტა, რომ ვაქცინის ფასი 2 ევრო იქნება; ერთი ადამიანისთვის საჭიროა 2 დოზა, 28 დღის შუალედით. მისივე თქმით, „კომპანიას სურს ვაქცინა მთელ მსოფლიოში გაავრცელოს და არა მარტო კონკრეტულ ქვეყნებში, ან მხოლოდ ევროპაში“. ამჟამინდელ სიტუაციას რაც შეეხება, სპეციალისტის შეფასებით, „ზამთარი მძიმე იქნება და ჩვეულ ცხოვრებას ჯერ ვერ დავუბრუნდებით“.

José Baselga-ს ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოში 175 სხვადასხვა ვაქცინა მუშავდება კოვიდის წინაღმდეგ, მათგან 35 უკვე კლინიკურ გამოცდას გადის პაციენტებზე, 10 – ტესტირების ფინალურ სტადიაზეა… „ვაქცინა დაგვეხმარება, მაგრამ ის ერთადერთი გამოსავალი არ არის“, – ამბობს იგი და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, AstraZeneca-ში მუშავდება „მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის“ მეთოდიც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close