ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ყველასთვის საყვარელი და კარგად ცნობილი რობერტ რედფორდი 1988 წელს ოჯახთან ერთად თბილისს სტუმრობდა.
იმდროინდელ თბილისში ამერიკელი მეგავარსკვლავის ვიზიტი ნახევრად გასაიდუმლოებული იყო, ტელევიზიაც კი არ იყო ინფორმირებული და ჟურნალისტებს მხოლოდ კინომოღვაწეებთან მისი ოფიციალური შეხვედრის ერთწუთიანი სიუჟეტის გადაღების საშუალება მიეცათ „მოამბისთვის“.
ამ „იდუმალი“ ვიზიტის დეტალების შესახებ ფართო საზოგადოებამ წლების შემდეგ შეიტყო. რობერტ რედფორდის მასპინძელი რეჟისორი ელდარ შენგელაია იყო. სწორედ მისი მონათხრობიდან გავიგეთ, თუ როგორ გაატარა სამი დღე თბილისში ცნობილმა მსახიობმა.
ელდარ შენგელაია:
„რობერტ რედფორდი ოჯახთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა. გზაში მეუბნებოდა, სასტუმროში წავალთ, ძალიან დავიღალეთო. თქვენთვის სპეციალურად კონცერტია დაგეგმილი-მეთქი. „სუხიშვილების“ კონცერტი იყო. მაშინ ოჯახი დავტოვოთ და მე წამოვალო. სასტუმრო „თბილისში“ დავტოვეთ. ძალიან ემოციური კაცი იყო. დაიწყო კონცერტი და პირველივე ცეკვის შემდეგ მთარგმნელს მიუბრუნდა, სასწრაფოდ ჩემი ოჯახი მოიყვანეთო. უყურა, უყურა ქართულ ცეკვებს, ძალიან მოეწონა, ხალხიც ძალიან თბილად შეხვდა, კონცერტის ბოლოს ავარდა სცენაზე და ნინო რამიშვილს ხელები დაუკოცნა. თითქმის მთელი ანსამბლი დაკოცნა.
…დილაობით ალექსანდრეს ბაღში დარბოდა ხოლმე. ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა, როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, აიჩემა, მეც მინდა პურის ჩაკვრაო. დაიწყო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე. მერე წავედით ჯვარზე. მცენარეები უყვარს და იღებდა, ახლა კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მერე დეზერტირების ბაზარში გამოვიარეთ, სუნელების ყიდვა უნდოდა. გამყიდველმა ყველანაირი სუნელი შეუხვია და მიაწოდა. რობერტმა ასდოლარიანი გაუწოდა. გამყიდველმა, კინოში გნახეთ და თქვენგან ფულს როგორ ავიღებო?! რედფორდი გადაირია, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო…
როცა 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, წერილი გამომიგზავნა: ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია და ასეთი სასჯელის ღირსი არ არიანო! ამდენი ნაცნობი ხელოვანი მყავს და მხოლოდ რედფორდმა გამომიგზავნა მაშინ წერილი“, – იხსენებს რეჟისორი.
„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი რობერტ რედფორდი ახლა 84 წლისაა. მის კარიერაში გამორჩეული ფილმებია: „დიდი გეტსბი“ (1974), „კონდორის სამი დღე“ (1975) , „აფრიკიდან“ (1985) და „უხამსი წინადადება“ (1993).
საინტერესოა, როგორ გაიხსენებდა ახლა, წლების შემდეგ რობერტ რედფორდი თბილისში ვიზიტს…
მანანა ბანძელაძე
კომენტარები