1944 წლის 9 ოქტომბერს, იალტის კონფერენციამდე რამდენიმე თვით ადრე მოსკოვში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სტალინი და ჩერჩილი მონაწილეობდნენ. როგორც უინსტონ ჩერჩილი თავის ავტოგრაფიულ წიგნში ჰყვება, მან სტალინს ბალკანეთის ნახევარკუნძულის თავიანთი გავლენის სფეროებად განაწილება შესთავაზა.
ძალთა ფაქტობრივი ბალანსის საფუძველზე, ჩერჩილმა მოითხოვა, რომ დიდ ბრიტანეთს საბერძნეთზე გავლენის 90 პროცენტი ჰქონოდა, ხოლო საბჭოთა კავშირს კი – 10 პროცენტი. ბრიტანელები განსაკუთრებით დიდ ინტერესს იჩენდნენ საბერძნეთის მიმართ და მზად იყვნენ, სანაცვლოდ თითქმის მთლიანად დაეთმოთ საბჭოელებისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძული. ბულგარეთი და რუმინეთი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში გადადიოდა და მხოლოდ უნგრეთსა და იუგოსლავიაში ითხოვდა ჩერჩილი ბრიტანული გავლენის 50 პროცენტით შენარჩუნებას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი ტექსტი ქაღალდის ხელსახოცზე დაწერა და სტალინს აჩვენა. ამ უკანასკნელმა შეთანხმება მოიწონა და ჩერჩილს უკან დაუბრუნა. „მილიონობით ადამიანის ბედის ასე სახელდახელოდ გადაწყვეტა ზედმეტად ცინიკურად რომ არ გამოჩნდეს, ხომ არ ჯობია დავწვათ ქაღალდი ?“ – იკითხა ჩერჩილმა. „არა, შეინახე“ – უპასუხა სტალინმა.
აღწერილი ამბის ერთადერთი წყარო უინსტონ ჩერჩილის მოგონებებია. შეთანხმება ოფიციალურად არ გაფორმებულა, თუმცა მოვლენების განვითარება მის რეალურობას ადასტურებს: ამ ამბიდან ცოტა ხანში საბერძნეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. დიდი ბრიტანეთი აქტიურად დაეხმარა საბერძნეთის მთავრობას აჯანყებული კომუნისტების დამარცხებაში, ხოლო სტალინმა კი ბერძენ კომუნისტებს მხარი არ დაუჭირა. ცხადია, საბერძნეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებისთვის ცნობილი არ იყო სტალინისა და ჩერჩილის შეთანხმების ამბავი, მათ ბრძოლა ბოლშევიკების დახმარების იმედით დაიწყეს. შედეგად, სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მათი დამარცხებით დასრულდა, ხოლო საბერძნეთი გასაბჭოებას გადაურჩა.
გიორგი ჯანელიძე
საინტერესო ფაქტი – რას წერდა ბერძნული გაზეთი 1938 წელს სტალინის დედის შესახებ.
რას წერდა გაზეთი „კათიმერინი“ 1938 წელს სტალინისა და კეკე ჯუღაშვილის შესახებ
კომენტარები