მგელიკა ლიქოკელი – ხევსური დასტაქარი, რომელიც თავის ქალის ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებდა
მგელიკა ლიქოკელი ხევსური დასტაქარი იყო, რომელსაც გრიგოლ რობაქიძე ჯადოსანს უწოდებდა. მგელიკა ხევსურეთში 1870-1930 წლებში ექიმობდა.
ქართული მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მგელიკა ლიქოკელი თავის ქალის ოპერაციებს ანესთეზიის გარეშე აკეთებდა, სხვების დაუხმარებლად და ოთხ საათში ამთავრებდა პაციენტის თავის ქალის ტრეპანაციას. „მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე, მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს“.
„ახლა ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავ? ღმერთმანი, როცა მისი უბრალო ჩაქუჩები, მახათები, დანები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. ამ იარაღებით მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა ირჩია“, – წერს მწერალი და ჟურნალისტი ჰელენა ბობინსკა.
ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის, მგელიკა ლიქოკელის შესახებ დაწვრილებითი მონაცემები აქვს გამოქვეყნებული ექიმ გიორგი თედორაძეს თავის წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. გიორგი თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მიუვლენიათ. მაღალმთიან ხევსურეთში დასტაქრობის ტრადიცია ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. ეს მხარე თითქმის მთელი წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო დანარჩენ საქართველოს, ზვავების და უგზოობის გამო.
როცა თედორაძე მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო და მაშინაც მეტად რთულ ოპერაციებს აკეთებდა. გიორგი თედორაძე გაოცებულა ლიქოკელის ღრმა, თავისებური ცოდნით. მაგალითად, ავადმყოფ ბიძურა არაბულს თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა, კიდურები – დადამბლავებული. გიორგი თედორაძეს იგი თბილისის ნეიროქირურგიულ საავადმყოფოში გაუგზავნია. რამდენიმე ხნის შემდეგ ავადმყოფს შემთხვევით შეხვედრია და გაკვირვებული დარჩენილა, ასეთი ტრავმის შემდეგ მორჩენილი რომ უნახავს. გამოურკვევია, რომ არაბული თბილისში კი არ წასულა, მისთვის ოპერაცია მგელიკას გაუკეთებია.
მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისა და ძვლისგან დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ ნივთებსაც თავად ამზადებდა და რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც შემორჩა, სოფელ კორშის მუზეუმშია დაცული.
მას 440 ადამიანი განუკურნავს.
მისი შთამომავლი შოთა არაბული ინტერვიუში წერს: „როდესაც თავის ტრეპანაციას ახსენებენ, ხალხს წარმოუდგენია თითქოს მგელიკა ლიქოკელი თავის ქალას ხდიდა… ეს მცდარი ინფორმაციაა! დაჭრილს სხვანაირი მკურნალობა სჭირდებოდა და როდესაც ადამიანი თავს ტრავმის გარეშე იტკივებდა, მას – სხვანაირი. როდესაც ადამიანმა არ იცოდა მიზეზი, თუ რატომ სტკიოდა თავი, ხევსური ექიმები იგებდნენ, სად იყო დაზიანების კერა. ცომივით მოზელდნენ თხელ ფენას, თავზე გადააკრავდნენ და სადაც დაზიანების კერა იყო, იქ ამოფუვდებოდა. იმ ადგილს მონიშნავდნენ და შემდეგ მონიშნულ ადგილს ბურღავდნენ. ასე დავიდოდნენ დაზიანების კერამდე და მკურნალობას იწყებდნენ… მგელიკა ლიქოკელი იმიტომ არის აღიარებული, რომ იგი გამორჩეულად წარმატებული იყო. თან ისეთი ხელსაწყოები ჰქონდა, პოლონელი მწერალი წერდა, მისი ინტრუმენტების მიხედვით მეწაღე უფრო მეგონა, ვიდრე ექიმიო…
1930-იან წლებში ხევსურეთში ქირურგები გამოგზავნეს და მგელიკას სამედიცინო ოსტატობით ყველა გაკვირვებული იყო. აღრიცხვაც კი ჩაატარეს, მგელიკას მხოლოდ თავის ქალაზე 440 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და აქედან 98% – წარმატებულად. ხალხი მისი გაკეთებული ოპერაციის შემდეგ კიდევ დიდხანს ცოცხლობდა. იგი თავის ჩამტვრეულ, დაჭრილ ადგილსაც ბურღავდა დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის დიამეტრით, ძვალს მოფხიკავდა, რაღაც დონემდე დავიდოდა და შემდეგ მკურნალობას იწყებდა…
ცნობილი, უდიდესი ეზოთერიკოსი გიორგი გურჯიევი მგელიკა ლიქოკელის შესახებ თავის მოგონებებში წერს. გურჯიევი დაიჭრა და სამკურნალოდ მგელიკასთან ჩამოიყვანეს… უნდა აღინიშნოს, რომ დიდი საიდუმლოებით არის მოცული, ვინ და რატომ დაჭრა იგი. ამ დროს თბილისში პროფესიონალი ქირურგები იყვნენ და ის მაინცდამაინც მგელიკასთან რატომ ჩამოვიდა? როგორც მოგახსენეთ, მგელიკა დიდ ენერგიას ფლობდა და გიორგი გურჯიევმა ამას მიაგნო. ჩემი აზრით, მას მგელიკას ცოდნის წაღება სურდა…“
ბოლოს, ას წელს მიღწეულ მგელიკას თავადაც დასჭირდა თურმე ოპერაცია და არ გაიკეთა. თავად ამზადებდა წამლებს და ეგონა, რომ იმ წამლებით განიკურნებოდა. უკვე ას წელს მიღწეული იყო და რომ მიხვდა, თავისით ოპერაციას ვეღარ გაიკეთებდა და წამლებიც ვეღარ უშველიდა, 1935 წელს თავი მოიკლა.
კომენტარები