ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„ჩვენ ვართ ემიგრანტები, საქართველოს გვერდში მდგომი მეომარი ქალები!“

„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ცხოვრებას საკუთარ სიცოცხლესაც კი დავესესხები, მაგრამ შენს თავს არავის და არაფერს დავანებებ, საჭიროც თუ გახდა, მთელ ქვეყანას გადავატრიალებ და შენ კარგად იქნები!“ – ეს სიტყვები 53 წლის შეყვარებულ ბერძენ მამაკაცს ეკუთვნის, რომელიც ყველაფრისთვის მზად არის, რომ მისი ოცნების ქალი მის გვერდით იყოს.
გულახდილმა ინტერვიუმ, რომელმაც ყველა ემოცია გააღვიძა ჩემში, ქვეცნობიერში საგულდაგულოდ შენახული ფრაზაც ამოატივტივა გონებაში გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველიდან“ – „დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო!“

ნათია თელია – უშუალო და სულიერად ძლიერი ადამიანი ლონდონიდან, რომელიც სხვა ემიგრანტების მსგავსად დიდი ტკივილის მატარებელია და სავსეა მოყვასის თანაგრძნობისა და თანადგომის კეთილშობილური გრძნობით, ბევრ ოჯახს გვერდში უდგას, საკუთარ ცხოვრებას პოზიტიური ენერგიით ავსებს და ცდილობს, ყველაფერში კარგი დაინახოს.

რა იყო თქვენი ლონდონში საცხოვრებლად წასვლის მიზეზი?

სწავლის გასაგრძელებლად წამოვედი ლონდონში, მინდოდა ყველასთვის და, მათ შორის, საკუთარი თავისთვისაც დამემტკიცებინა, რომ ძლიერი ვარ. ამას ერთვოდა ისიც, რომ ჩემი ოჯახი უნდა მერჩინა. მყავს 20 წლის ვაჟი – ამიკო, რომელიც საკმაოდ პატარა ასაკში დავტოვე საქართველოში. დედაჩემი მეხმარებოდა მის გაზრდაში. თითქმის არასდროს ვყოფილვარ ამ ხნის მანძილზე მასთან, მის გვერდით. მახსოვს, ერთ-ერთი საუბრის დროს დედამ როგორ მითხრა მისი სიტყვები: „ბებია, ვაფასებ შენს ამაგს, მაგრამ რა კარგი იქნებოდა, ჩემი ლამაზი დედიკო ყოფილიყო ახლა ჩემს გვერდით“. დამიჯერებ? რაც ლონდონში წამოვედი ჩემი შვილის სურათსაც კი არ ვუყურებდი, რომ არ მომნატრებოდა – ისედაც სულ მისი სახე მედგა გულსა და გონებაში. ვიმეორებდი ფრაზას: „ნათია, შენ აქ უნდა იყო, სხვა გზა არ გაქვს, უნდა იმუშაო, შენს შვილს სჭირდები!“ ძალიან მიჭირდა, ენაც კი არ ვიცოდი.  ეს იყო იმაზე ძლიერი ტკივილი, რაც კი ვინმეს ოდესმე გადაუტანია.

რაზე სწავლობდი ლონდონში? როგორც ვიცი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი გაქვ დამთავრებული…

დიახ, ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, სპეციალობა – ავტომატიკა და მართვის სისტემები, თუმცა ლონდონში, ფაქტობრივად, 3 თვეში მეგობართან სტომატოლოგიურ კლინიკაში დავიწყე სისტემატური პრაქტიკის გავლა ექთნის პოზიციაზე. ამის მერე დავამთავრე „კინგ კოლეჯი“ და საკმაოდ კარგად დავეუფლე ჩემს ამჟამინდელ საყვარელ საქმესა და პროფესიას იმპლანტის განხრით.

ბევრი რესპონდენტი მეუბნება ხოლმე, რომ ყველაფერი გამართლებაზეა, თქვენც ფიქრობთ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდით?

რა თქმა უნდა. იღბალი ერთ-ერთი ყველაზე მთავარია საკუთარი თავის რეალიზებისთვის, მაგრამ შრომაც უმთავრესია. მაქსიმალურად ვეცადე, დავხარჯულიყავი, რათა საყვარელ სფეროში თავი დამემკვიდრებინა და ვთვლი, რომ გამომივიდა. 14 წელია, რაც ამ საქმიანობას ვეწევი „მაქსდენტ კლინიკში“ (Maxdent clinic).

მახსოვს, კლინიკაში როცა მოვედი, არამც თუ პრაქტიკული გამოცდილება არ მქონდა, ენაც არ ვიცოდი. სხვა ჩემზე სტაჟიანი და ბევრად გამოცდილი ექთნებიდან მე, 2 წლის მისული ახალბედა ექთანი, გავხდი მთავარი ექიმის – მარტინის დამხმარე. არ დამავიწყდება: 5 ექთანი იყო ასარჩევი, თითოს გვქონდა 12 წუთი საკუთარი შესაძლებლობის გამოსამჟღავნებლად. ძალიან ვნერვიულობდი: იქ არა მარტო ჩემი, ჩემი ოჯახის ბედიც წყდებოდა. ფიქრებში ვიყავი გართული, სულ საქართველოში დატოვებულ ჩემს შვილზე ვფიქრობდი, თან სამედიცინო სათვალე მეკეთა. სათვალე ჩემს ცრემლებს მალავდა მანამ, სანამ სიხარულისგან არ მოვიგლიჯე სახიდან სიტყვების გაგონებაზე: „შენში პოტენციალს ვხედავ!“

ენის ცოდნა კომუნიკაციისთვის უმთავრესია, მით უმეტეს, სამსახურში როგორ დაძლიეთ ეს ბარიერი?

მე იმაზე კარგად ვფლობდი ჩემს საყვარელ საქმეს, ვიდრე სიტყვებია. ზედმეტი ლაპარაკი არ მჭირდებოდა, ყველაფერს ზუსტად ვაკეთებდი… თუ რაღაც ისე ვერ გამოდიოდა, როგორც უნდა ყოფილიყო, ამასაც ვასწორებდი და ვხვეწდი.
მახსოვს, როგორ მითხრა პროფესორმა: „ასეთ ნიჭიერ ადამიანს, როგორიც შენ ხარ, რატომ საქართველოში არ მოგენახა ადგილი?!“

ნათი, როგორც ვიცი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ლონდონში წასვლა გადაგაწყვეტინათ, თქვენი ჯანმრთელობა იყო. ახლა როგორ ხართ ჯანმრთელობის მხრივ?

დიახ, მართალი ხართ, ესეც იყო მიზეზი: დამიდგინეს საკმაოდ ვერაგი დაავადება – ძვლის და სისხლის სიმსივნე. არ მინდოდა, რომ ჩემებს გაეგოთ. ყველასგან შორს, უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო, საყვარელი ადამიანების მონატრების გრძნობასთან ერთად ვებრძოდი ამ ჩემს დაავადებასაც. საშინელი დღეების გავლა მომიხდა, ძალიან რთული იყო…

მიხარია, რომ ყველაფერი კარგადაა…

ახლა შედარებაც არაა, კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ სისტემატური დაკვირვების ქვეშ ვარ. წამლებს მე არ ვყიდულობ, სახელმწიფო მიფინანსებს, ძალიან მეხმარება ჩემი დაავადების დაძლევაში.

გისმენთ და ვფიქრობ: რა ძლიერი ადამიანი ხართ, როგორ გადაიტანეთ ეს პერიოდი? როგორც ვიცი, ლონდონში ცხოვრების სიყვარული იპოვეთ…

სრულიად შემთხვევით… ნათქვამია: „სადაცაა ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“. მეგობრის სუფრაზე ვიყავი რესტორანში, სადაც სპირო – ჩემი მომავალი მეუღლე მოვიდა. სრულიად შემთხვევით მოხვდა ჩვენს სუფრაზე – თავისი მეგობრები მოიყვანა მანქანით და, ჩვენი სტუმარმასპინძლობის ამბავი ხომ იცით?! – მოიპატიჟეს. ამის მერე იყო ინტერესი, ისევ მისი მხრიდან, რადგან, სიმართლე რომ გითხრათ, არც მიფიქრია ახალი ურთიერთობის დაწყება, მით უმეტეს, როგორ მდგომარეობაშიც ვიყავი მაშინ. ყველაფერი, როგორც ახლა, მაშინაც მხოლოდ ჩემი შვილისთვის მინდოდა და მინდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი სხივი ჩემი ვაჟია.

თქვენი დაავაების შესახებ რომ გაიგო, რა გითხრა?

სწორედ მისი თანადგომით მოვედი აქამდე. ხელები ძლიერად მომხვია და მითხრა, რომ არასდროს გამიშვებდა. ყოველდღე მიმეორებდა სიტყვებს: „ერთად ყველაფერს შევძლებთ, ცხოვრებას საკუთარ სიცოცხლესაც კი დავესესხები, მაგრამ შენს თავს არავის და არაფერს დავანებებ, საჭიროც თუ გახდა, მთელ ქვეყანას გადავატრიალებ და შენ კარგად იქნები!“ შენ არა მარტო მე და შენს ვაჟს, შენს მომავალ შვილიშვილებსაც უნდა უყვარდეო. შთაგონება ყველაზე დიდი წამალია. სულ რაღაც 4 წელია, რაც ამიკო აქეთ, ლონდონში წამოვიყვანე ჩემთან. უმისოდ გატარებული ყოველი წამი ისე მენანება, მხოლოდ ამ ფაქტს შევცვლიდი და გამოვასწორებდი, რომ შემეძლოს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთად ავინაზღაუროთ ის დაკარგული დრო.

სპირომ ხელი გთხოვათ?

საკმაოდ პომპეზურად, უამრავი ხალხის თანდასწრებით, როგორც ამერიკულ მელოდრამებში ხდება: მუხლზე დაიჩოქა და თავისი გული, გონება და სული შემომთავაზა.

თქვენ ზღაპრული ქორწილის ორგანიზატორი ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი და თქვენი უახლოესი მეგობარი ირმა ყიფშიძე იყო. სად და როგორ გაიცანით ირმა?

ჩემი საქმროს ოჯახში როცა ვიყავი გასაცნობად, მაშინ გავიცანი ირმაც. მას სპიროს ქალაქში საკუთარი სასტუმრო აქვს. ყოველთვის ვცდილობ, სადაც არ უნდა მოვხვდე, ჩემი თანამემამულეები მოვნახო… და აი, ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობაც.

თქვენი შვილი ლონდონში სწავლობს?

ამიკო ფინანსების განხრით, ბუღალტერიაზე სწავლობს ბრომლის კოლეჯში (Bromley collage), Level 3-ზე.

დედათქვენი საქართველოშია, დაბრუნება თუ გიფიქრიათ დედასთან?

დაბრუნებას რაც შეეხება: სურვილი დიდია, რადგან ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, თუმცა სურვილი სხვაა და შესაძლებლობა – სხვა. ჩვენ, ემიგრანტები ჩვენი ქვეყნის მეომრები ვართ. საქართველოში ვერ მივიღებ ჩემი ნიჭის და რესურსების შესაბამის ჰონორარს, რომელიც ელემენტარულად თავის და ოჯახის რჩენის საშუალებას მომცემს. მე ბინაც კი ვიყიდე საქართველოში, კომპანია „ცენტრ პოინტში“, აქ შრომით და წვალებით დაგროვებული თანხით, როგორც სხვა ემიგრანტებმა. საქართველოში რომ ვიყო, გამიჭირდებოდა ამის გაკეთება. ლონდონში შემოვრჩი, რადგან სამშენებლო კომპანიამ ბინა დროულად არ ჩაგვაბარა, ვერ დასრულდა მშენებლობა. სულ რაღაც 4 წელია, რაც დედაჩემი გადავიდა შეძენილ ბინაში. დედა აქ, ჩემთან ჩამომყავს ხოლმე, მაგრამ დიდხანს ვერ ჩერდება, სულ საქართველოსკენ მიუწევს გული. ვერ ეგუება აქაურობას. მე კი ალბათ გამიჭირდება კიდეც უკან დაბრუნება.

რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?

ქართველობას გავუფრთხილდეთ! საქართველოდან წასული თითო კაცი თითო ოჯახია. ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ – სულ რაღაც 3 მილიონი, რომლისთვისაც ჩვენს ხელისუფლებას ვერ მიუხედია. ჩვენ ვართ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენივე თავის პატრონი. აი, ახლაც ორი ყუთი საჩუქარი მაქვს გამოსაგზავნად გამზადებული.

კომენდანტის საათიც გავიარე შევარდნაძის დროს და სააკაშვილის პერიოდიც. აქ ერთ-ერთი ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილს ვკითხე: „საქართველოში დარჩენილია 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი, რაც თქვენივე ვებსაიტებზე მაქვს წაკითხული და 2 მილიონ 200  ათასი საზღვრებს გარეთაა გასული, ნუთუ ქვეყანაც კი არ ვართ ისეთი, რომ გაჭირვებულებს მაინც დავეხმაროთ-მეთქი. ეს ყველაფერი საშინელებაა!.. საქართველო უქართველოდ რჩება! სწორედ იმიტომ, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე, გამოსწორებაზე არავინ ფიქრობს! უმუშევრობის და ადამიანური რესურსების ბოროტად გამოყენების გამო გამორბიან ახალგაზრდები საქართველოდან! დავაფასოთ ასეთი ადამიანები!

ნათია, დიდი მადლობა გულახდილი საუბრისთვის!

 ესაუბრაეთი კვირკველია.

იხილეთ ვიდეო, როგორ სთხოვს ნათიას ხელს და გულს მისი მომავალი მეუღლე:

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close