საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კიდევ რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა?
გასულ ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ იყო 6 ახალი შემთხვევა), ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24-ით (გუშინ – 7-ით) გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევა ბოლნისის კლასტერიდანაა და მანამდე გამოვლენილ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია.
ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 702 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 456 პაციენტი, გარდაიცვალა12. კლინიკებში მკურნალობს სულ 234 პაციენტი კორონავირუსული ინფექციით, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, პისიარტესტით (PCR) პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდა სულ 40 711 პირს.
საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესაბამისად, მოიხნა ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის, სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა, თუმცა ისევ არ არის ნებადართული ათზე მეტი ადამიანის შეკრება.
აკრძალული რჩება სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ ავტომანქანის უკანა სავარძელზე, მძღოლის გვერდზე ადგილი თავისუფალი უნდა იყოს.
18 მაისს დასრულდა მარნეულში მკაცრი კარანტინი, რომელიც 23 მარტს დაწესდა. გუშინ დილიდანვე გაიხსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ-გასასვლელები.
მარნეულის მერმა მოსახლეობას მიმართა, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენა და ნიღბები გამოიყენონ, რადგან, მისი თქმით, კარანტინის მოხსნა არ ნიშნავს, რომ ვირუსი „დამთავრდა“.
მკაცრი კარანტინის ზონებად ჯერჯერობით ისევ რჩება ბოლნისი და თეთრიწყარო.
ზოგიერთი შეზღუდვა უფრო ადრე მოიხსნა, ვიდრე იგეგმებოდა
საქართველოს მთავრობა „ეკონომიკის გახსნის“ თავდაპირველი, 6-ეტაპიანი გეგმით, სილამაზის სალონების გახსნას 8 ივნისისთვის გეგმავდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შესაბამისად, სილამაზის სალონებს და ესთეტიკურ ცენტრებს 18 მაისიდან მიეცათ მუშაობის განახლების უფლება. მათ ევალებათ, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები:
- რიგის და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა;
- საერთო სივრცეში 5 კვ. მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს;
- თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება,რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას;
- სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომლებსაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ თანამშრომლების და ვიზიტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ. შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;
- თუ პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, მომხმარებლის განთავსებისთვის უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;
- ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბარათით გადახდას. მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით;
- რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს. მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები;
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები