მედიცინამიგრაცია

მძინარე ბავშვები – ემიგრანტებში გავრცელებული უცნაური სინდრომი

მოულოდნელად ბავშვები კომისმაგვარ მდგომარეობაში ვარდებიან, რომელიც თვეების, ხან კი წლების განმავლობაში გრძელდება.

Resignation Syndrome (RS) – ამ სინდრომს შვედეთში 90-იანი წლებიდან იკვლევენ. ეს არის დაავადება, რომელიც თავშესაფრის მაძიებელი ოჯახების ბავშვებს ემართებათ. მოულოდნელად ბავშვები კომისმაგვარ მდგომარეობაში ვარდებიან, რომელიც თვეების, ხან კი წლების განმავლობაში გრძელდება.

RS – შეიძლება ითარგმნოს, როგორც გაუცხოების, განყენების სინდრომი. უცხოური პრესა წერს, რომ ის, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა კავშირისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ლტოლვილ ბაშვებშია აღმოჩენილი, ძირითადად 10-15 წლის მოზარდებში. ბავშვები არ რეაგირებენ გარე გამღიზიანებელზე, წვანან უძრავად, თვალდახუჭულები. საჭმელს ხელოვნურად აჭევენ სპეციალური მილით ან კოვზით. ამასთან, საქმე ერთეულ შემთხვევებს არ ეხება. საუბარია ასობით ბავშვზე, რომლებიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მძინარე ბავშვების ისტორიები პირველად წლების წინ მოხვდა მედიაში. მაგალითად, ჯერ კიდევ 2017 წელს „ნიუ იორკერი“ წერს გიორგიზე, რომელმაც მას შემდეგ „დაიძინა“, რაც მის ოჯახს თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრეს.

გიორგი 5 წლის იყო, როცა ჩრდილოეთ ოსეთიდან შვედეთში გადმოიყვანეს. მისი მამა, სოსლანი პაციფისტურ რელიგიურ სექტას ფინანსურად ეხმარებოდა, რის გამოც მას და მის ოჯახს 2007 წელს ამოწყვეტით დაემუქრნენ. მათ შვედეთს მიაშურეს.

2015 წელს ოჯახმა შვედეთის მთავრობისგან თავშესაფარზე უარი მიიღო. ამ დროისთვის ბაშვები, ფაქტობრივად, უკვე „შვედები“ იყვნენ და, როგორც სოსლანი ამბობს, „მათთვის რუსეთში დაბრუნება მთვარეზე წასვლას ნიშნავდა“. როცა გიორგიმ უარის ფურცელი ნახა, იატაკზე დააგდო და თავის ოთახში საწოლზე დაწვა. როგორც მერე იხსენებს, სხეულს, ფაქტობრივად, ვეღარ გრძნობდა, თვალები კი თავისით დაეხუჭა.

გიორგიმ ძილში რამდენიმე თვე გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მას ხელოვნურად კვებავდნენ. სხეული უფრო და უფრო სუსტდებოდა, კუნთები თითქმის აღარ შერჩა.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თავს ისე გრძნობდა, თითქოს მინის თხელკედლებიან ყუთში იჯდა, ყუთი კი ოკეანის სიღრმეში იყო ჩაშვებული. ეგონა, ერთი სიტყვის თქმაც კი კედლებს დაამსხვრევდა და წყალში დაიხრჩობოდა.

რატომ მხოლოდ შვედეთი?

ამ ფენომენმა ექიმებს ბევრი თავსატეხი გაუჩინა. ისინი ვერ იგებენ, რატომ ხდება ეს მხოლოდ შვედეთში და ისიც მხოლოდ ლტოლვილ ბავშვებში. პირველი შემთხვევა აქ 90-იან წლებში დაფიქსირდა. 2003-2005 წლებში, ანუ 2 წლის განმავლობაში, იგივე დიაგნოზი 400-ზე მეტ ბავშვს დაუსვეს. შემდეგ წლებში რაოდენობამ იკლო – მხოლოდ 169 შემთხვევა დაფიქსირდა 2015-2016 წლებში.

თავდაპირველად იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მშობლები თავად აძლევდნენ ბავშვებს პრეპარატებს მსგავსი ეფექტის გამოსაწვევად, მაგრამ ეს ვერსია არ დადასტურდა.

შვედეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომელიც დიდი რაოდენობით იფარებდა ლტოლვილებს. მათი რიცხვი ქვეყანაში იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო წლებში შვედეთის მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და თავშესაფრის მიღება გაძნელდა. ხშირად უარს ეუბნებიან მათაც კი, ვისაც ოჯახში RS სინდრომის მქონე ბავშვი ჰყავს და საბუთების გადახედვას ითხოვს.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს სინდრომი თავს იჩენს ერთი და იმავე ოჯახის ბავშვებში, მეზობელ ბავშვებში, ანუ იმ მოზარდებში, რომელთაც ამ დაავადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სინდრომი „გადამდებია“, თუმცა ამომწურავი კვლევა, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებდა, არ არსებობს.

მეცნიერები პარალელს ავლებენ მსგავს Pervasive Refusal Syndrome-თან, რომელიც ბრიტანეთში 90-იან წლებში დაფიქსირდა, მაგრამ შემთხვევების რაოდენობა იქ ძალიან მცირე იყო. ეს სინდრომი ასევე ბავშვებშია გავრცელებული. ბავშვი, ფაქტობრივად, უარს ამბობს სიცოცხლეზე, ჭამაზე, დალევაზე, ლაპარაკზე, ჰიგიენაზე.

ძილში გატარებული თვეები

„ბიბისი“ წერს 10 წლის სოფიზე, რომელიც ძალიან მოძრავი იყო და ცეკვა უყვარდა, ახლა მას ე.წ. პამპერსი უკეთია და ეტლში გაუნძრევლად ზის (ავტორი – ლინდა პრესლი, 2017 წელი).

სოფის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმალურია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვს თვალები დახუჭული აქვს და არაფერზე რეაგირებს.

სოფის ოჯახი შვედეთში რუსეთიდან მოხვდა. იქ მათ თავს დაეხნენ. მშობლებს ბავშვის თვალწინ სცემეს.

„ბიბისი“ წერს, რომ ასეთი მდგომარეობა ერთგვარი დამცავი ფარია ამ ბავშვებისთვის. ისინი იმდენად უსამართლო სამყაროში ცხოვრობენ, რომ ამ მეთოდით მისგან დისტანცირებას ცდილობენ. RS სწორედ იმ მოზარდებში გვხვდება, რომელთა მშობლები საკუთარი ქვეყნებიდან ძალმომრეობას გამოექცნენ.

კარენს, რომლის ოჯახიც შვედეთში სომხეთიდან ჩამოვიდა, 14 თვე რეაქცია არაფერზე ჰქონია. მისი საჭმელი წყალწყალა პიურე იყო, რადგან სხვას ვერაფერს ყლაპავდა.

3 თვე მკურნალობდნენ ქეთის. „ბავშვი კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნიდან“ – ასე მოიხსენიებენ მას მეცნიერები, რომლებმაც ეს ავადმყოფობის ისტორია კვლევისთვის გამოიყენეს.

კითხვა გააგრძელე აქ:  radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close