მიგრაციასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

რამდენმა ქართველმა მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა 2017 წელს

ჩვენი საიტი ხშირად გაწვდით ინფორმაციას საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის შესახებ. ასეთი სახის ინფორმაციებს ზოგი მკითხველი უნდობლობით ეკიდება, რაც გაკვირვებას იწვევს. ცხადია, ადვილი ვერ იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება და ეს სრულიად ბუნებრივია. ამდენად, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად, თუკი, ცხადია, საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება გინდათ. ჩვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

სინდაგმის მოედანი, ათენი

2017 წელს 33 718 ადამიანი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, – სტატისტიკურ მონაცემებს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. დაგვეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. მათგან თითქმის 25 ათასი ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც ბერძნული სკოლა დაამთავრეს და შესაბამისი ატესტატი აიღეს. ამდენად, ვინც იზრუნა საკუთარი შვილების განათლებაზე, რაც საბერძნეთში სრულიად უფასოა, მათ მოქალაქეობის მიღებაც გაუადვილა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, „ყველაზე ჭკვიანები“ ალბანელები აღმოჩნდნენ: იმ ადამიანთა კატეგორიაში, რომლებმაც მოქალაქეობა იმის საფუძველზე მიიღეს, რომ ბერძნული ატესტატი ჰქონდათ, თითქმის 23 ათასი ალბანელი მოხვდა. მეორე ადგილზე ინდოელები არიან – 239, მესამეზე უკრაინელები – 216, მეოთხეზე მოლდოველები – 202 და მეხუთეზე სომხები – 180.

ქართველები ამ სიაში ცალკე არ ფიგურირებენ – არა იმიტომ, რომ არავის უსარგებლია აღნიშნული შესაძლებლობით, არამედ იმის გამო, რომ მათი რიცხვი ძალიან მცირეა და სამინისტრომ ისინი ცალკე გრაფაში („სხვა ქვეყნები“) შეიყვანა. აქ, რომ იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. სამაგიეროდ, ქართველების სტატისტიკური მონაცემები ფიქსირდება სხვა კატეგორიაში, როგორიცაა ბერძნების მიერ შვილად აღიარებულთა კატეგორია, ანუ სადაც, გარკვეულ ვითარებაში, ყველაზე ადვილია მოხვედრა. აქ ალბანელებს არც ისე ჩამოვრჩებით: 173 ალბანელი და 65 ქართველი. დაგვეთანხმებით, კომენტარის გარეშეც ყველაფერი ნათელია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ცუდად მუშაობს თესალონიკის საიმიგრაციო სამსახური: შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ უწყებაში გასულ წელს შესული განაცხადების მხოლოდ 31 პროცენტი განიხილეს. ათენში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა (53 პროცენტი). განცხადებების დაკმაყოფილების ყველაზე დაბალი პროცენტი ფიქსირდება იმ ზრდასრული მოქალაქეების შემთხვევაში, რომლებიც გასაუბრების მეშვეობით იღებენ მოქალაქეობას. ოთხიდან ერთი აპლიკანტი გამოცდაზე უარყოფით შეფასებას იმსახურებს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომლებიც ამჟამად მზადდება და გასაუბრების პროცედურის გამარტივებას ისახავს მიზნად. უკვე ვწერდით ამის შესახებ და აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ რა სახეს მიიღებს შესაბამისი კანონი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, რაც, როგორც გვპირდებიან, რამდენიმე თვეში მოხდება.

ევზონები – ბერძნული არმიის ქვეითი ჯარისკაცების ელიტური დანაყოფი

აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი კანონით, მოქალაქეობის მიღების თაობაზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველას, ვინც ლეგალურად ცხოვრობს საბერძნეთში ბოლო 12 წლის განმავლობაში. არსებული კანონმდებლობით, დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ბინადრობის მოწმობის მქონეთ ჰქონდათ. შესაბამისად, გაიზრდება მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობაც – როგორც საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, 250 ათას ადამიანს გაუჩნდება შანსი, გახდეს საბერძნეთის მოქალაქე. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი თანამემამულეები სიახლისთვის მზად იყვნენ, რათა მათაც ისარგებლონ იმ პრივილეგიებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა რომ იძლევა.

გიორგი ჯანელიძე

p. s. სრული სტატისტიკური მონაცემების გაცნობის მსურველებს შეუძლიათ ნახონ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიში შემდეგ ბმულზე:

http://www.ypes.gr/UserFiles/f0ff9297-f516-40ff-a70e-eca84e2ec9b9/statistika-stoixeia-2017-06022018.pdf

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close