„ოზონოთერაპიით 3 პაციენტს კორონავირუსი გაუქრა, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საოცარია“
თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა არის ოზონოთერაპია, რომელსაც ბათუმში კარგი შედეგები ჰქონდა
კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბათუმელმა ექიმებმა გამოიყენეს ოზონოთერაპია, რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, დიდი წარმატება ჰქონდა. თენგიზ ცერცვაძის თანახმად, მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე „ალაგდა“, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება:
„მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია, იმიტომ რომ ჩვენს პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება ორი თვის შემდეგ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი განმარტებით, ოზონოთერაპია არის ოზონის ინტრავენურად შეყვანა ადამიანის ორგანიზმში:
„ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის, ყველამ იცის რა არის, შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს”, – უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
25 აპრილს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ მომუშავე ექიმების პირველი შეკრება გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლინიკის ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის ექიმები.
შეხვედრაზე, თენგიზ ცერცვაძის თანახმად, ექიმებმა ისაუბრეს კოვიდ-19-ის მიმდინარეობის თავისებურებებზე და მკურნალობის გამოცდილებაზე, მათ შორის, ახლებურ მიდგომებზე.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობამ 25 აპრილის საღამოსთვის 139 შეადგინა.კოვიდ-19-ით ინფიცირება დადასტურებული აქვს 456 ადამიანს, გარდაცვლილია 5 პაციენტი.
კომენტარები