ლონდონის დიდი ჭირი მე-17 საუკუნეში, 1665-1666 წლებში მძვინვარებდა. მან უმსხვილეს მეგაპოლისში წელიწად-ნახევარში დაახლოებით 100 000 ადამიანი მოცელა, რაც მაშინდელი ლონდონის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი იყო.
თუ თანამედროვე სამყარო კორონავირუსს ებრძვის, რამდენიმე საუკუნის წინათ მას ბრძოლა ბევრად უფრო მზაკვარ მოწინააღმდეგესთან მოუწია. ეს იყო შავი ჭირის ინფექცია, რომელიც ევროპაში შუასაუკუნეებში გავრცელდა და მომდევნო პერიოდშიც გრძელდებოდა, თუმცა გაცილებით უფრო სუსტი მასშტაბებით.
ლონდონის დიდი ჭირი ინგლისზე ამ საშინელი დაავადების ერთ-ერთი ბოლო დარტყმა იყო.
დაავადებამ, როგორც ჩანს, ქვეყანაში ჰოლანდიური სავაჭრო გემით შეაღწია, რომელსაც ამსტერდამიდან ბამბა ჩამოჰქონდა.
ინფექცია პირველად ლონდონის გარეუბანში, ნავსაშენის რაიონებში გამოჩნდა, მაგრამ შედარებით ცივი ზამთრის გამო ჭირი მაშინვე არ გავრცელებულა. მან თავი სრულად იჩინა 1665 წლის გაზაფხულიდან და ზაფხულის თვეებშიც, რომელიც იმ დროისათვის უჩვეულოდ თბილი იყო. სიცხეებმა დიდად შეუწყო ხელი ლონდონში ჭირის ფართოდ გავრცელებას.
შავი ჭირის ეპიდემიის საფრთხემ შეშინებული მეფე ჩარლზ II აიძულა, თავისი სასახლე დაეტოვებინა და ოჯახთან ერთად ოქსფორდში გადასახლებულიყო.
ქალაქის მოსახლეობამ თანდათანობით ევაკუაცია დაიწყო. ინფექციის შიშის გამო ლონდონიდან გაიქცნენ როგორც ვაჭრები, ისე ხელოსნები, ასევე, მეტროპოლიის მდიდარი მოსახლეობა,
ამასთან, ოფიციალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავის ადგილზე დარჩენილიყო, რათა დროებით მაინც უზრუნველეყო ქალაქის მართვა, რომელიც საყოველთაო პანიკამ მოიცვა.
ექიმები, მათ შორის, ისინიც კი, რომელთაც ოფიციალური განათლება არ ჰქონდათ, ლონდონის ქუჩებში დადიოდნენ და დიაგნოზს სვამდნენ, ვინ იყო ჭირით დაავადებული და ვინ – არა.
მალე ლონდონი მოჩვენებათა ქალაქს დაემსგავსა: ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თუ არ ჩავთვლით უამრავ გვამს, რომლებსაც ყველგან დაინახავდით.
ისტორიკოსების შეფასებით, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად, 100 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, რაც იმ დროს ლონდონის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი იყო.
1665 წლის სექტემბერში კვირაში 7000-მდე ადამიანი იღუპებოდა.
შემოდგომაზე ჭირის ინტენსივობა შემცირდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩაქრობა დაიწყო.
1666 წლის თებერვალში ჩარლზ II ლონდონს დაუბრუნდა. ქალაქი თანდათანობით გამოფხიზლდა და ნორმალური ცხოვრება დაიწყო. განახლდა მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობა.
1666 წლის სექტემბერში ლონდონს კიდევ ერთი სტიქიური უბედურება დაატყდა თავს – ძლიერი ხანძარი, რომელმაც, პარადოქსია, მაგრამ – დადებითად იმოქმედა. მან ჭირის გავრცელება შეაჩერა, რადგან ცეცხლმა ჭირის გამავრცელებელი ვირთაგვები და მათი რწყილები მოსპო.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები