ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა უკვე დაიწყო ცხოველებზე როსპოტრებნადზორის სამეცნიერო ცენტრმა. ამის შესახებ ცენტრის საიტი იუწყება. ინფორმაციას „გაზეტა.რუ“ ავრცელებს.
როგორც განმარტავენ, მისი გამოცდა მგრძნობიარე ლაბორატორიულ ცხოველებზე დაიწყეს, უდაბლესი პრიმატების ჩათვლით.
მეცნიერთა თქმით, კვლევის შედეგად დადგინდება ვაქცინის ყველაზე უფრო უსაფრთხო პროტოტიპები, აგრეთვე, განისაზღვრება შემადგენლობა, დოზა და პრეპარატის შეყვანის საშუალება.
როგორც „ვექტორის“ სპეციალისტები განმარტავენ, ამჟამად არსებობს მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის რამდენიმე პროტოტიპი, რომლებიც 6 სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმას ეფუძნება. ისინი იმედოვნებენ, რომ ვაქცინის ფართოდ გამოყენება უკვე მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იქნება შესაძლებელი.
19 მარტს რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის გენომის გაშიფვრა შეძლეს. სპეციალისტთა თქმით, კვლევების შედეგები იძლევა იმის გაგებას, თუ როგორ ევოლუციონირებს ვირუსი, რაც მეცნიერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და მედიკამენტების შექმნაში დაეხმარება.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უჰანში ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. დაავადებას (რომელსაც მოგვიანებით ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა COVID-19) ახალი ტიპის კორონავირუსი (ოფიციალური სახელწოდება – Sars-CoV2) იწვევს. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ახალი კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაზე არერთი ორგანიზაცია მუშაობს მსოფლიო მასშტაბით. იტალიამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში (კვირის ბოლომდე) ახალი ვაქცინის ტესტირებას დაიწყებს ცხოველებზე.
ვაქცინაზე მუშაობენ გერმანელი მეცნიერებიც გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია CureVac-იდან. მათი თქმით, ვაქცინა გამოსაყენებლად, სავარაუდოდ, შემოდგომაზე იქნება მზად.
ვაქცინაზე მუშაობენ ებრაელი მეცნიერებიც და მათგან კარგი ახალი ამბები უახლოეს მომავალში გვექნება.
კანადელი მეცნიერები კი გვპირდებიან, რომ მალე მოგვიყვებიან, თუ რა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს ვირუსის შესწავლისას. ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმები კი მიიჩნევენ, რომ სანამ არ არსებობს ვაქცინა და ეფექტიანი წამლები კორონავირუსის წინააღმდეგ, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლი უნდა შევისწავლოთ. მათი მტკიცებით, ასეთ პაციენტთა სისხლში არსებული ანტისხეულები კორონავირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება – ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
ნიდერლანდებში მეცნიერებმა, აგრეთვე, აღმოჩინეს კოორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეული, რომელსაც კორონავირუსის პროფილაქტიკისა და „კოვიდ-19“-ის მკურნალობის სერიოზული რესურსი აქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილად არსებობს იმედი, რომ კაცობრიობას დიდი ხანი ცდა არ მოუწევს კორონავირუსის დასამარცხებლად.
მანამდე კი თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, გავითვალისწინოთ სპეციალისტთა რჩევები, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ შემოღებულ წესებს და დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე გარშემო მყოფთა სიცოცხლე.
ამგვარი ზომების ეფექტიანობის დასტურია ჩინეთის მაგალითი, სადაც ინფექცია, პრაქტიკულად, შიდა გადაცემებით აღარ ვრცელდება, მეორე დღეა, ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ უცხო ქვეყნებიდან (იტალია, ირანი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი…) შესულ მოქალაქეებს უფიქსირდებათ. უჰანში საზეიმოდ დახურეს დროებითი საავადმყოფოები, რომლებიც ეპიდემიის პიკის დროს უმოკლეს ვადაში აშენდა, მოიხსნა შეზღუდვები ქვეყნის რეგიონებს შორის გადაადგილებაზე, უჰანში ადამიანებს სახლებიდან თავისუფლად გამოსვლის ნება დართეს. ჩინეთში აცხადებენ, რომ ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ჩინეთმა ამას, პირველ რიგში, მკაცრი ზომების მკაცრი დაცვით და სამედიცინო რესურსის სწრაფი და სრული მობილიზებით მიაღწია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები