როგორ გავწმინდოთ მობილური ტელეფონი კორონავირუსისგან თავის დასაცავად
კორონავირუსის და, ზოგადად, ვირუსებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გქონდეთ მუდამ სუფთა ხელები და არ მოისვათ ისინი სახეზე, თუმცა მუდმივად სიფხიზლის შენარჩუნება რთულია.
თითების მიკრობებისგან დაცვის კიდევ ერთი ჭკვიანური გზაა ტელეფონის დეზინფექცია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მობილურ ტელეფონს „ხშირად შეხებად ზედაპირად“ მიიჩნევს, რომელიც ვირუსების მატარებელია.
ტელეფონის საფუძვლიანად გასუფთავება სინამდვილეში არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს – უამრავი ნახვრეტი, ამოშვერილობა, მინა, დამცავი ჩასადები და ა. შ.
რა არ შეიძლება
ტელეფონის დეზინფექციას ბრწყინვალედ გაართმევს თავს რბილი საწმენდი ქსოვილი 70 პროცენტზე მეტი ალკოჰოლის შემცველი სითხით. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური სადეზინფექციო ხელსახოცები, ისე სადეზინფექციო ხსნარით დანამული ქსოვილი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, წმენდის დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები. მრავალჯერადი გამოყენების ხელთათმანები შეიძლება, ტელეფონის მსგავსად იყოს ვირუსის მატარებელი და წმენდას აზრი დაუკარგოს.
არ დაგავიწყდეთ ტელეფონის ჩასადებიც. გაწმინდეთ ის ყველა მხრიდან, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ ისე მოარგეთ ტელეფონს.
რატომ?
ეს შეიძლება საუკეთესო რამ იყოს, რასაც დღის განმავლობაში გააკეთებთ. ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, ვირუსი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის და უცნობია, რამდენ ხანს ცოცხლობს ზედაპირზე, თუმცა, სავარაუდოდ, საგნების ზედაპირზე მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა.
ტელეფონები კი ამ მხრივ უსაფრთხო არ არის. 2017 წელს 27 ტელეფონზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მათგანი ატარებდა ბაქტერიებს, ვირუსებსა და პათოგენებს. მეცნიერთა აზრით, ეს ფაქტორი სერიოზულ როლს უნდა თამაშობდეს საზოგადოებაში ინფექციურ დაავადებათა გავრცელებაში.
გახსოვდეთ, უსაფრთხოება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.
1tv.ge
კომენტარები