ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებას, რომელიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებსა და პროვინციებში თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. საკარანტინე ზონად გამოცხადდა მთლიანად ჩრდილოიტალიური რეგიონი ლომბარდია (დედაქალაქი – მილანი) და ოთხი რეგიონის – ვენეტო (დედაქალაქი – ვენეცია), ემილია რომანია (დედაქალაქი – ბოლონია), პიემონტი (დედაქალაქი – ტურინი), მარკე (დედაქალაქი – ანკონა) – 14 პროვინცია (მოდენა, პარმა, პიაჩენცა, რეჯო ემილია, რიმინი, პეზარო და ურბინო, ალესანდრია, ასტი, ნოვარა, ვერბანო კუზო ოსოლა, ვერჩელი, პადუა, ტრევიზო და ვენეცია). 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში მოექცა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
„ეს არ არის „აბსოლუტური აკრძალვა“, – განმარტავს კონტე და დასძენს, რომ მატარებლები და თვითმფრინავები იმოძრავებს: გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემოწმებული სამუშაო მოთხოვნილებების ან საგანგებო სიტუაციის დროს, აგრეთვე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ პოლიციას შეუძლია გააჩეროს მოქალაქეები და ჰკითხოს, რატომ გადადგილდებიან ტერიტორიაზე, სადაც ვირუსის გავრცელებამ მთავრობა უპრეცედენტო ზომების მიღების აუცილებლობის წინაშე დააყენა.
#Coronavirus, appena firmato il nuovo decreto: https://t.co/jYbSx7FEpG
— Giuseppe Conte (@GiuseppeConteIT) March 8, 2020
მთავრობამ გადაწყვეტილება გუშინ ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მიიღო. კონტე წუხელ, ღამის 2 საათზე ჩავიდა კიჯის სასახლის პრესცენტრში, რომ ახალი ზომების შესახებ განცხადებები გაეკეთებინა მედიის წინაშე. „მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მან და მოქალაქეებსაც მოუწოდა შეგნებისკენ, რათა მათაც თავიანთი ქცევით ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლას და მაქსიმალურად შეზღუდონ სოციალური აქტივობა და გადაადგილება.
დღეიდან 3 აპრილამდე მოძრაობა შეიზღუდება, საკუთარ სახლში დაბრუნების გარდა; ბარები და რესტორნები საღამოს 6 საათზე დაიკეტება, დროის სხვა მონაკვეთში კი მათ უნდა უზრუნველყონ ადამიანთა შორის დისტანცია არანაკლებ ერთი მეტრისა. სხეულის ტემპერატურის 37,5 ნიშნულის შემთხვევაში მოქალაქეებს მითითება აქვთ, დარჩნენ სახლში, ხოლო კარანტინში მყოფ პირებს ქუჩაში გამოსვლა ეკრძალებათ.
ამასთან, სკოლები და სხვა სასწავლებლები მთელ იტალიაში დაკეტილი რჩება. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, კონტეს თქმით, მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს, როგორც კი მზად იქნება მთავრობის ბრძანებულების პროექტი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გამოყოფილი 7,5 მილიარდის შესახებ, იგი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, მაგრამ, ამასთან, კონტე ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე მთავრობა უპირატესად ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით იმუშავებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯანდაცვის სფეროს პრობლემები არ შეექმნას არც ადგილების (განსაკუთრებით ინტენსიური და სუბენტენსიური თერაპიის კუთხით), არც კადრების, არც აპარატურის და არც საჭირო სამედიცინო მასალების კუთხით. და რადგანაც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების ზონებში საავადმყოფოები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლებელია პაციენტების სხვა რეგიონებში გადანაწილება. გაიზრდება ვირუსისგან დამცავი მასალების, მათ შორის, სამედიცინო ნიღბების წარმოება.
კონტე აცხადებს, რომ მთავრობა „გაბედულ გადაწყვეტილებებს“ იღებს და მოუწოდებს მოქალაქეებს, „მათაც იგრძნონ პასუხისმგებლობა“ და საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესონ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს მონაცემებით, იტალიაში ვირუსის გამოჩენის დღიდან ამ დრომდე ინფიცირებულია 5883 ადამიანი, გარდაიცვალა 233, გამოჯანმრთელდა 589.
ნიკო აბაშიშვილი
p. s. კიდევ ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი დაინფიცირდა კორონავირუსით – პიემონტის რეგიონის პრეზიდენტი ალბერტო ჩირიო. იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას გააგრძელებს, რა თქმა უნდა, დისტანციურად.
როგორც ცნობილია, გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა ლაციოს რეგიონის პრეზიდენტს, იტალიის მმართველი კოალიციის შემადგენელი დემოკრატიული პარტიის ლიდერს ნიკოლა ძინგარეტის.
დაწვრილებითი სტატისტიკა რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ რუკაზე.
una mappa dei contagi di coronavirus in tutta Italia realizzata dalla Protezione Civile
ჯუზეპე კონტეს გამოსვლა კიჯის სასახლეში:
კომენტარები