ემიგრანტი ქალის წერილები: შვილის ქორწილში ჩემი ადგილი ცარიელი იყო და სკაიპით ვუყურებდი
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც…
სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში ზოგჯერ გაუსაძლის პირობებში შრომობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭსა და უნარს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია…
ეს ღია წერილი ეკუთვნის ემიგრანტ ზოია სადუნიშვილს, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობს.
„მე ვარ ზოია სადუნიშვილი, 41 წლის ემიგრანტი იტალიიდან. მიყვარს პოეზია, ვწერ ლექსებს და ჩანახატებს. ასე ვილამაზებ ემიგრანტულ ცხოვრებას. ჩემი გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, თუმცა არ ვწუწუნებ და ვცდილობ პოზიტიური ვიყო. არ მიყვარს იმ დღის გახსენება, როცა ოჯახი მივატოვე და ჩემთვის სრულიად უცხო გარემოში აღმოვჩნდი. იქ, სადაც ირგვლივ სიცარიელეა, დედას ვერავის დაუძახებ და ვერავის ჩაეხუტები. აქ ვერავინ გაიგებს შენს გულისტკივილს და გზასაც მარტოდ მიუყვები. როცა აქ პირველად მოვხვდი, მახსოვს, როგორი ცივი მეჩვენებოდა ყველაფერი და საქართველოში დატოვებულ სითბოს ყველა ადამიანში ვეძებდი. თუ გაგიმართლა და იპოვე, უნდა გაუფრთხილდე და არ დაკარგო. სამყაროში ხომ ცოტა დარჩა სუფთა გულის და უნიღბო ადამიანი…
იყო დრო, როცა ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდებოდი და მათ გვერდით არ ვიყავი. შვილის ქორწილში ჩემი ადგილი ცარიელი იყო და მას სკაიპით ვუყურებდი… ღამეები არ მძინავს ხოლმე თორნიკეს მონატრებით – ხუთი წელია არ მინახავს. უცხოეთში ვერ ვგრძნობ თავს ბედნიერად, რადგან აქ ჩემი ქვეყნის სიყვარული მაკლია, ჩემი იმერეთი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ლაგოდეხი, სადაც შემდგომი პერიოდი ვიცხოვრე. აქ ჩემთვის სხვანაირად თენდება, სხვანაირია შემოდგომა და ზამთარი…
თუმცა ევროპაში ცხოვრებამ ბევრი რამეც მასწავლა, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ცხოვრებაც სხვა თვალით დამანახა. მეტად დავაფასე ის, რასაც ადრე არაფრად ვთვლიდი. დღეს აქ ოჯახით ვცხოვრობ და ყველაფერი უფრო მიადვილდება, თუმცა ყოველთვის მივტირი იმ დაკარგულ დროს, რომელიც ჩემი ოჯახისა და ახლობლების გარეშე გავატარე.
დღეს ფლორენციაში ვმუშაობ და ამ ხალხის უზომოდ მადლიერი ვარ. აქ მყავს ჩემი პატარა შვილიშვილი, სამი წლის ანდრია და როგორც ერთი ოჯახი, ისე ჰარმონიულად ვცხოვრობთ. ასე რომ, რასაც გასცემ, ცხოვრება ყველაფერს უკან გიბრუნებს…
აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, მათ შორის იტალიელებიც, რომლებიც ემიგრაციაში ყოფნას მილამაზებენ. მინდა მოგიყვეთ ერთ ჩემს უახლოეს მეგობარზე, ესაა ფრანკა ველარდო, რომელიც როგორც დედა, ისე ზრუნავდა ჩემზე და ჩემს ოჯახზე. მახსოვს, ფლორენციიდან კალაბრიაში ჩასულს, თავისი ხელით გაკეთებულ საჭმელს მიწყობდა და გზაში მატანდა. ახლაც შობისთვის თავის შვილთან არ წავიდა ამერიკაში და ჩემთან მოდის კალაბრიიდან, რომ შობას ერთად შევხვდეთ. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, ჩემი ერთი ზარი და ის მზადაა დამეხმაროს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს შვილიშვილსაც იტოვებდა, როცა ჩემი შვილი მუშაობდა. დღეც და ღამეც მასთან იყო. ბავშვსაც ისე უყვარს, როცა ვაკითხავდით, სახლში არ მოგვყვებოდა. მისი სიკეთის დავიწყება არ შეიძლება, როგორი ქართული გადაპატიჟება გვქონდა, სანამ იქ ვცხოვრობდი. მადლობა მინდა გადავუხადო იტალიელ ხალხს, იმ ოჯახებს, სადაც ვიმუშავე, ყველა სითბო, რაც კი გამიცია, უკან მიმიღია…
არ შემიძლია ერთფეროვანი ცხოვრება, ამიტომ სულ სიახლეების ძებნაში ვარ. მომწონს, როცა ადამიანები ჩემთან თავს კარგად გრძნობენ. კეთილი და უბოროტო ხალხი მიყვარს. თუმცა სამედიცინო არ დამიმთავრებია, იტალიაში იმდენ ოჯახში ვიმუშავე და იმდენნაირ ავადმყოფს დავეხმარე და ფეხზე დავაყენე, რომ ვხედავ, ეს საქმე კარგად გამომდის. აქაური ბებიები Dotoresa-ს მეძახიან… თუ რამე შემიძლია სხვებს დავეხმარო, ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებ ხოლმე, რადგან მერე თვითონ ვარ კმაყოფილი ეს რომ შევძელი.
თავისუფალ დროს ვწერ, ვმღერი და ვკითხულობ. არ მინდა დრო უქმად დავკარგო, მინდა ყველა დღეში რაღაც ფასეული დავინახო, რადგან წლები მართლაც შემოდგომის ფოთლებივით მიფრინავენ. ამაზეა ჩემი ლექსი „ფოთოლცვენა“:
მეც თავი რაღაცით ვამსგავსე იმ ფოთლებს,
რომლებიც ხეს მოსწყდნენ და სადღაც მიქრიან,
დეკემბრის სიცივემ მათ ბოლო მოუღო,
უჩუმრად, ფარფატით დაეშვნენ, ტირიან.
აჯობა ზამთარმა, აცივდა, გათოვდა,
ფოთლებმა დაკარგა ჩვეული სიმწვანე,
აქ მზესაც არ ჰყოფნის სითბო და სხივები,
ან „უცხოობაში რაა სიამე?“
და მეც ხომ ასე ვარ, მეც მოვწყდი ჩემს ფესვებს,
შორსა ვარ, შორსა ვარ და მტკივა ძალიან,
თუმცა სამშობლოს გულით დავატარებ
და ჩემი სავალიც ფიქრებმა გალია…
რაც შეეხება ჩემს ოცნებას, მინდა დავბრუნდე ისეთ საქართველოში, სადაც არ იქნება შიმშილი, სიძულვილი და ერთმანეთის გაუტანლობა. მჯერა, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს…“
sputnik-georgia.com
კომენტარები