საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ ვერ მოხერხდა იტალიის კლინიკებში პატარა ანიტასთვის ოპერაციის ჩატარება
საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მიზეზებსე საუბრობს, თუ რატომ ვერ მოხერხდა იტალიის კლინიკებში 2 წლის ანიტასთვის ოპერაციის ჩატარება.
nostal.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ყველას გული შეგვტკივა პატარა ანიტა ფაცაციას უკიდურესად რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თავს ვალდებულად ვთვლით საქმის კურსში ჩაგაყენოთ იმ ქმედებების შესახებ, რასაც სახელმწიფო, ყველა მისი შესაბამისი ინსტიტუტი, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები ახორციელებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და მისი აპარატის უშუალო ზედამხედველობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საელჩოები ავსტრიის რესპუბლიკაში, იტალიაში, ბელორუსში, ინდოეთში აქტიურ ქმედებებს ახორციელებენ იმისათვის, რომ შევძლოთ ანიტასთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა. საუბარი მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკასთან, სადაც კი შესაძლებელია გაკეთდეს ეს ურთულესი და უიშვიათესი ოპერაცია, სამწუხაროდ, ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული მცირე პრაქტიკა, არ იძლევა ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ჩვენი საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა ავსტრიის სახელმწიფო სტრუქტურებთან, უშუალოდ გრაცის კლინიკის ხელმძღვანელობასთან, სადაც იმყოფება ანიტა, და მის მკურნალ ექიმთან. საელჩოს თანამშრომლები იმყოფებიან კლინიკაში და ადგილზე ესაუბრებიან როგორც მედიკოსებს, ისე ოჯახის წევრებს.
რაც შეეხება იტალიას, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რატომაც ვერ მოხერხდა ანიტასთვის მკურნალობის ჩატარება იტალიაში. საქართველოს საელჩო ყოველდღიურ კავშირზე იყო როგორც იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტთან, ისე იტალიის ბერგამოს Papa Giovanni-ს კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელობასთან და, რაც მთავარია, ტრანსპლანტაციის ეროვნულ ცენტრთან, რომელიც პასუხისმგებელი ორგანოა იტალიის ტერიტორიაზე არსებული კლინიკებისა და საავადმყოფოების გულის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურაზე.
იტალიური მხარე დიდი გულისხმიერებით მოეკიდა პატარა ანიტას საკითხს, ზედმიწევნით შეისწავლეს მისი მდგომარეობა, თავადაც აქტიურ კავშირზე იყვნენ გრაცის საავადმყოფოსა და ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროსთან. იტალიის ტრანსპლანტაციის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება პატარა ანიტას გულის გადანერგვის მომლოდინეთა სიაში არ ჩასმის და მანამდე ხელოვნურ აპარატზე მიერთების შესახებ, გამოწვეული იყო არა ანიტას მოქალაქეობის გამო, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ იტალიაში მომლოდინეთა სიაში ამჟამად არსებულ 45 ბავშვს შორის 5 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და აქედან 2 უმძიმესი პაციენტი უკვე წელიწად-ნახევარი ელოდება დონორს. იტალია ტრანსპლანტაციას ახდენს მხოლოდ იტალიაში არსებული დონორების ხარჯზე, რაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო ზრდის ლოდინის პერიოდს და ამცირებს შანსს.
ვაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც შეიძლება ჩატარდეს მსგავსი სახის ოპერაცია, მათ შორის, ბელორუსში, დროებითი იმპლანტის განთავსების შემთხვევაში ნებართვის მიღებაზე და ინდოეთში, სადაც ასევე დიდია მსგავსი ოპერაციების ჩატარების პრაქტიკა.
თითოეულ თქვენგანთან ერთად ვიბრძვით ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად!“ – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები