დიაბეტი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ადამიანს კლავს – რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების და მისი პროფილაქტიკის შესახებ?
შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. ამავდროულად, ის შეიძლება ნებისმიერ დროს თითოეული ჩვენგანის პრობლემად იქცეს.
რა იწვევს დიაბეტს?
დიაბეტი ჩნდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმი სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონეს ვერ უმკლავდება. დიაბეტის მქონე ადამიანების რაოდენობა კი სისტემატურად იმატებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ეს 40 წლის წინანდელ მაჩვენებელზე დაახლოებით ოთხჯერ მეტია.
როდესაც ადამიანი საკვებს იღებს, ორგანიზმი მასში შემავალ ნახშირწყლებს შაქრად (გლუკოზად) გარდაქმნის. ამის აღქმაზე კი პასუხისმგებელია ინსულინი (კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონი), რომელიც უჯრედებს სიგნალს აძლევს, სისხლში დაშლილი გლუკოზა შთანთქან და ენერგიის წყაროდ გამოიყენონ. დიაბეტი კი წარმოიშობა მაშინ, როდესაც ინსულინის გამომუშავება წყდება ან ჰორმონი თავისი ფუნქციის ნორმალურად შესრულებას ვეღარ ახერხებს. ამის შედეგად კი სისხლში შაქარი გროვდება.
მიუხედავად იმ სერიოზული საფრთხისა, რასაც დიაბეტი ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს, დიაბეტით დაავადებულების ნახევარს თავის დაავადებაზე წარმოდგენაც კი არ აქვს. გარდა ამისა, ხშირად შაქრიანი დიაბეტის თავიდან ასარიდებლად საკმარისია საკუთარი ჩვევების შეცვლა და ცხოვრების წესის კორექტირება.
რამდენნაირი დიაბეტი არსებობს?
შაქრიანი დიაბეტი რამდენიმე სახის არის. პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინის წარმოებას წყვეტს და შაქარი სისხლში გროვდება. ყველაზე ხშირად ეს ხდება ადრეულ – ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში.
მეცნიერებმა ამ დრომდე არ იციან, ეს პროცესი კონკრეტულად რა მიზეზით იწყება. ისინი ვარაუდობენ, რომ აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი ან ვირუსული ინფექცია, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედს აზიანებს. არადა, სწორედ ეს უკანასკნელია ინსულინის გამომუშავებაზე პასუხისმგებელი. დიაბეტით დაავადებულთა დაახლოებით 10%-ს დაავადების სწორედ ეს ტიპი აქვს.
მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ინსულინის გამომუშავება სრულად არ წყდება. ის ან არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, ან მის ეფექტიან მუშაობას რაღაც ხელს უშლის. დაავადების ეს ტიპი, როგორც წესი, შუახნის ან მოხუცებულობის ასაკში ყალიბდება, თუმცა მეორე ტიპის დიაბეტი ახალგაზრდებშიც გვხვდება, თუ მათ ჭარბი წონისა და გაცხიმოვნების პრობლემა ან ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი აქვთ. ამ დაავადებისკენ მიდრეკილება გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებს ახასიათებთ, მათ შორის არიან სამხრეთ აზიური ქვეყნების წარმომადგენლები.
დიაგნოზი „გესტაციური დიაბეტი“ ხანდახან ფეხმძიმე ქალებშიც გვხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ინსულინს არ გამოიმუშავებს (ის მომავალ დედასა და ნაყოფს არ ჰყოფნის). შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, ასეთი დიაგნოზი ფეხმძიმე ქალების დაახლოებით 6-16%-ს აქვს, ამიტომ ისინი სისხლში შაქრის დონეს ძალიან დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა დააკვირდნენ. ორსულმა ქალებმა გლუკოზის ნორმა უნდა შეინარჩუნონ დიეტის, ფიზიკური დატვირთვის ან ინსულინის ინიექციის მეშვეობით, რათა მათ მეორე ტიპის დიაბეტი არ ჩამოუყალიბდეთ.
სპეციალისტები ეგრეთ წოდებულ პრედიაბეტსაც განასხვავებენ. ამ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის დონე მომატებულია, რასაც დაავადების სრული ფორმის ჩამოყალიბებაც შეიძლება მოჰყვეს.
რა სიმპტომები აქვს დიაბეტს?
დიაბეტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
– წყურვილის მუდმივი შეგრძნება;
– უჩვეულოდ ხშირი შარდვა, განსაკუთრებით კი ღამის საათებში;
– დაღლილობის მუდმივი შეგრძნება;
– წონის უმიზეზოდ კლება;
– მხედველობის დაქვეითება;
– ჭრილობის ან განაკაწრის შეხორცების პროცესის გაჭიანურება.
დიაბეტის თავიდან აცილება შესაძლებელია?
დიაბეტით დაავადების რისკი გენეტიკურ ფაქტორებსა და გარემო პირობებზეა დამოკიდებული, თუმცა სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება ჯანსაღი დიეტისა და აქტიური ცხოვრების წესითაც შესაძლებელია. დასაწყისისთვის აუცილებელია საკონდიტრო ნაწარმისა და ტკბილი სასმელების მიღების შეზღუდვა, ასევე თეთრი პურის და მაკარონის შეცვლა ხორბლის ცეხვილი ფქვილისგან დამზადებული პროდუქციით. კვების ჯანსაღ რაციონში შედის ბოსტნეული, ხილი, პარკოსანი და მარცვლეული პროდუქტები. სასარგებლოა მცენარეული ზეთი, თხილი და თევზის ის სახეობა, რომელიც ომეგა 3-ით არის მდიდარი (ორაგული, სკუმბრია და სხვ.). ასევე მნიშვნელოვანია კვების რეგულარული ინტერვალის შემუშავება და დაცვა.
სისხლში შაქრის შემადგენლობის შემცირებისთვის ფიზიკური ვარჯიში ძალიან ეფექტიანია. ექიმების რეკომენდაციაა, რომ კვირაში, სულ ცოტა, ორსაათ-ნახევარი აერობიკას დაუთმოთ. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სიარული ან კიბეებზე ასვლა.
ორგანიზმს უფრო გაუადვილდება სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება, თუ თქვენ ჭარბი წონა არ გაწუხებთ, თუმცა თუ გახდომა გჭირდებათ, უმჯობესია, ეს ნელი ტემპით გააკეთოთ. 1 კვირაში 1,5 კილოგრამზე მეტი არ უნდა დაიკლოთ. ამით თქვენ გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს შეამცირებთ. ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია, რომ სიგარეტი არ მოწიოთ და ქოლესტერინის დონე აკონტროლოთ.
რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დიაბეტს?
სისხლში შაქრის მაღალ შემცველობას სისხლძარღვების დაზიანება შეუძლია. როცა სისხლი დედდება, მას ორგანიზმში გადაადგილება უჭირს, ზოგიერთ უჯრედამდე კი საერთოდ ვერ აღწევს, რაც ნერვების დაზიანების რისკს ზრდის. დიაბეტს მხედველობის დაკარგვის ან ფეხის არეში ინფექციური დაავადების გამოწვევა შეუძლია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შაქრიანი დიაბეტი სიბრმავის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. მას შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ინფარქტი, ინსულტი და ქვედა კიდურების განგრენა, რომელსაც ძალიან ხშირად ფეხის ამპუტაცია მოჰყვება. 2016 წელს დიაბეტით გამოწვეული პირდაპირი შედეგებით 1,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.
მთელ მსოფლიოში რამდენ ადამიანს აქვს დიაბეტი?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1980 წლიდან 2014 წლამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 108 მილიონიდან 422 მილიონამდე გაიზარდა. 1980 წელს დიაბეტი ჩვენი პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს ჰქონდა, 2014 წელს კი ამ მაჩვენებელმა 8,5%-ს მიაღწია.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, ამ დაავადების მქონე ადამიანების 80% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც შემოსავლის დაბალი ან საშუალო მაჩვენებელია. განვითარებულ ქვეყნებში ეს დაავადება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ ან/და იაფფასიანი ნახევარფაბრიკატებით იკვებებიან.
საქართველოში დიაბეტი აქტუალურია?
უკანასკნელ წლებში საქართველოში დიაბეტის ზრდის ტენდენციაა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის ახალი შემთხვევების 1% 15 წლამდე ბავშვებში დაფიქსირდა. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის მონაცემებით, გლუკოზის მომატებული მაჩვენებელი 18-69 წლის მოსახლეობის 2%-ს აღმოაჩნდა, სისხლში შაქრის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი კი – 4.5%-ს.
კომენტარები