მიგრაციამსოფლიოინტერვიუსაზოგადოება

მწვანე ბარათის გათამაშება დაიწყო – პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე

2 ოქტომბერს აშშ-ის მწვანე ბარათის მორიგი, 2021 წლის გათამაშება დაიწყო. მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში, 5 ნოემბრამდე (თბილისის დროით – 5 ნოემბრის 20:00 საათამდე). შარშანდელ გათამაშებაში საქართველოს 1131 მოქალაქეს გაუმართლა და მწვანე ბარათი მოიგო. ბუნებრივია, წელსაც ბევრ ჩვენს თანამემამულეს სურს, ცადოს ბედი და მოიპოვოს ოცნების ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლება, თუმცა სანამ გათამაშებაში მონაწილეობას გადაწყვეტთ, კარგი იქნება დეტალურად გაეცნოთ საჭირო ინფორმაციას. ყველა აქტუალურ კითხვაზე აშშ-ში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, ჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ მოდერატორი თინა ბედიაშვილი გვიპასუხებს:

თინა, უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ: მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა მომავალში ამერიკის ვიზის მიღებაში შეუშლის თუ არა ხელს მოქალაქეს?

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა მომავალში არ შეუშლის ადამიანს ხელს, რომ ვიზა მიიღოს ამერიკაში წასასვლელად. ეს ორი პროცედურა ერთმანეთთან კავშირში არ არის.

თუ ადამიანი აშშში იმყოფება არალეგალურად და მოიგო მწვანე ბარათი, შეექმნება თუ არა პრობლემა? მაგ., არალეგალურად ვარ, გავგზავნე ჩემი მონაცემები და რაღაც დროის მერე დავბრუნდი საქართველოში. მერე გავიგე, რომ მოვიგე მწვანე ბარათი. რამე დაბრკოლება შემექმნება?

არალეგალურად თუ არის ადამიანი აშშ-ში, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს განაცხადის შევსებას, რადგან კიდეც რომ მოიგოს, საკონსულო შეამოწმებს მის დოკუმენტებს და უარს ჩაურტყამს, რადგან სავიზო რეჟიმის დარღვევა ამ ქვეყანაში დანაშაულად ითვლება. აქედან გამომდინარე, არალეგალურად თუ იმყოფება ადამიანი აშშ-ში, ან ადრე იყო არალეგალურად და დაბრუნდა საქართველოში, აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს გათამაშებაში მონაწილეობას – ტყუილად დაკარგავს დროს და მოგების შემთხვევაში სხვა ადამიანს წაართმევს ამის შესაძლებლობას.

თუ ადამიანი ევროპაში ცხოვრობს არალეგალურად, ეს თუ ქმნის პრობლემას?

არა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ამერიკის სავიზო რეჟიმი არ ჰქონდეს დარღვეული.

თუ ადამიანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, შეუძლია გათამაშებაში მონაწილეობა?

დიახ, რა თქმა უნდა, შეუძლია. თუ ადამიანს ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ორჯერ შეუძლია განაცხადი შეავსოს, სხვადასხვა პასპორტით, რადგან სხვადასხვა პასპორტით ადამიანს სხვადასხვა იდენტიფიკატორი აქვს. ამით მოგების შანსი იზრდება (თუ, რა თქმა უნდა, მეორე ქვეყანა არ შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც მწვანე ბარათი არ თამაშდება).

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ინფორმაციის შევსებისას რომელი ოჯახის წევრების ინფორმაცია უნდა წარადგინოს გათამაშებაში მონაწილეობის მსურველმა?

სამოქალაქო ქორწინებაში თუ იმყოფება ადამიანი, მაშინ მეუღლის მონაცემებიც უნდა შეავსოს, აგრეთვე, არასრულწლოვანი შვილებისაც – სრულწლოვნად ამერიკაში ადამიანი ითვლება 21 წლიდან, ასე რომ, თუ 18-იდან 21 წლამდე შვილები გყავთ, მათი მონაცემებიც შეგიძლიათ შეიტანოთ; 18-იდან 21 წლამდე ასაკის შვილებს თავადაც შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და მშობლებიც შეიყვანონ, ასე მოგების შანსი ორმაგდება.

როცა ნასამართლევია ადამიანი, თუ აქვს შანსი, რომ მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში აშშ-ში ცხოვრების უფლება მისცენ?

ნასამართლეობას გააჩნია. როდესაც კონსული შეამოწმებს დოკუმენტებს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, მისცემს თუ არა აშშ-ში წასვლის უფლებას. თუ მძიმე დანაშაულისთვის იყო ადამიანი ნასამართლევი და ციხეში იჯდა, დიდი ალბათობით, არ გაუშვებენ. ვიცი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც შარშანდელ გათამაშებაში მოიგო კაცმა და სწორედ ამ მიზეზის გამო არ გაუშვეს. ზუსტად რომელ დანაშაულებებზე, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ის ვიცი, რომ პასუხი უნდა გასცეს, იყო თუ არა ნასამართლევი და რა დანაშაულისთვის.

სტატისტიკას რაც შეეხება, რამდენი მწვანე ბარათი თამაშდება წელს?

წელსაც, ტრადიციულად, თამაშდება სულ 55 ათასი მწვანე ბარათი მსოფლიო მასშტაბით (იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც მონაწილეობის უფლება აქვთ).

და თითოეულ ქვეყანას თავისი კვოტა აქვს?

დიახ, განსაზღვრულია კვოტები მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად.

შარშანდელ გათამაშებაში, მაგალითად, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს 1131-მა მოქალაქემ მოიგო მწვანე ბარათი. მათგან, ცხადია, ყველა ვერ შეძლებს წასვლას, რამდენიმე ვიცი უკვე, რომ ნამდვილად  ვერ წავლენ. წელსაც, სავარაუდოდ, დაახლოებით ამდენი გათამაშდება.

თინა, როგორც ვიცი, თქვენი ჯგუფის „ჩვენ ამერიკაში“ ადმინისტრატორები და მოდერატორები სრულიად უსასყიდლოდ, უანგაროდ ეხმარებით ადამიანებს რეგისტრაციაში, დიდი მადლობა ამისთვის. მოდით, კიდევ ერთხელ გვითხარით დეტალურად, რა ინფორმაციაა საჭირო რეგისტრაციისთვის?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავაფრთხილო ჩვენი მკითხველი, ვისაც მწვანე ბარათის გათამაშებაში სურს მონაწილეობა: არსებობს ერთადერთი, ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ხდება გათამაშების მონაწილის რეგისტრაცია: www.dvlottery.state.gov. რეგისტრაცია აბსოლუტურად უფასოა, ასე რომ, თუ სხვა ვებგვერდიდან მოგივათ შემოთავაზება, იგნორირება გაუკეთეთ, თაღლითების მახეში არ გაებათ.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი ინფორმაცია:

* წესებში ცვლილებაა და საჭიროა საქართველოს ბიომეტრული პასპორტი, რომელსაც ვადა არ აქვს გასული;

* ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია 600*600 (ფოტო გადაიღეთ სპეციალურ ფოტოსალონში და უთხარით, რომ მწვანე ბარათის რეგისტრაციისთვის გინდათ), არ გამოგადგებათ შარშანდელი ფოტოები;

* პასპორტის ან პირადობის მოწმობის ფოტო ან სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ადგილი (ეს ყველაფერი ლათინური შრიფტით);

* ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი საფოსტო ინდექსით (Zip Code);

* ტელეფონის ნომერი და ელფოსტა;

* განათლება (სკოლა ან უნივერსიტეტი);

* ოჯახური მდგომარეობა (თუ ხართ სამოქალაქო ქორწინებაში, მეუღლის შესახებაც უნდა შეავსოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია):

* არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა (ასევე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია შვილებზეც);

* საქართველოს პასპორტის მთავარი გვერდის ფოტო – საჭიროა მხოლოდ აპლიკანტისთვის. თუ სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებით და გსურთ მოგების შანსი გაიორმაგოთ, მაშინ აუცილებელია პასპორტი ჰქონდეს მეუღლესაც. შვილებისთვის სავალდებულო არ არის.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყველა ანკეტას ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც საჭიროა შესამოწმებლად. გათამაშების პასუხები იქნება 2020 წლის მაისში. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

p. s. ზუსტ ინფორმაციას ქართულ ენაზე, აგრეთვე, შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/immigrant-visas-ka/diversity-visa-ka/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close