საბერძნეთის სიახლეები: 2 სექტემბრის დაიჯესტი
დღეს დილით დასრულდა კუნძულ ლესბოსიდან ლტოლვილების გადაყვანის ოპერაციის პირველი ფაზა. ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული 635 ლტოლვილი გემით თესალონიკში გადაიყვანეს.
ოპერაციაში სამხედროებიც მონაწილეობდნენ. სულ დაგეგმილია საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილზე ლესბოსიდან 1 500 ლტოლვილის გაყვანა. მათ ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე სპეციალურ ბანაკებში განათავსებენ. საბერძნეთის ახალი მთავრობა თავის ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს – ცდილობს ეგეოსის კუნძულებს ტურისტული დანიშნულება დაუბრუნოს.
* კვირას, პირველ სექტემბერს, ღამით, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თესალონიკის პოლიხნის რაიონში. მოტოციკლეტი, რომელსაც 21 წლის ახალგაზრდა მართავდა, უცნობი მიზეზით ტროტუარის ბორდიურს დაეჯახა. მძღოლი და მისი 26 წლის თანამგზავრი ადგილზე გარდაიცვალნენ.
* საბერძნეთი თითქმის მთელი ზაფხული ხანძარს ებრძვის. განსაკუთრებით დაზარალდა ატიკის ოლქი. ამჯერად ხანძარი ნეა მაკრის რაიონში გაჩნდა. 45 მეხანძრე 12 სახანძრო მანქანის მეშვეობით ცდილობან ხანძრის კერის ლოკალიზებას.
* საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა პელოპონესის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ კალამატიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით აღმოაჩინეს იალქნიანი ნავი, რომელზედაც 19 არალეგალური იმიგრანტი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი. გემი თურქეთის დროშით დაცურავდა. არალეგალები კალამატის პორტის უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს. გემის მეპატრონეს კი ბრალდება წაუყენეს ტრეფიკინგის მუხლით.
* ათენში, ვულის (ვულა) რაიონში, ერთ-ერთ პლაჟზე კანალიზაციის ნარჩენები გამოჩნდა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, საკანალიზაციო მილი არ ფუნქციონირებს, თუმცა გაქვავებული ძველი ნარჩენები ზღვაში მაინც ჩაიღვარა. პლაჟი დროებით დაიხურა.
* წუხელ, გვიან ღამით მიწისძვრა მოხდა ცენტრალურ საბერძნეთში, ქალაქ ლამიის სამხრეთით. მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 4.3 ბალი შეადგინა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
კომენტარები