როგორ მივიღოთ აშშ-ის ვიზა: რამდენიმე წესი კონსულთან გასაუბრებაზე გამსვლელთათვის
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად აუცილებელია კონსულთან გასაუბრების გავლა. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენს თანამემამულეს კონსული უარით ისტუმრებს ხოლმე. ამ წერილში რამდენიმე წესს გაგაცნობთ, რომლებიც გასაუბრების წარმატებით გავლაში დაგეხმარებათ. ცხადია, ეს წესები სხვადასხვა ადამიანთა გამოცდილებას ეყრდნობა და აბსოლუტურ გარანტიას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ვიზის მიღებაში.
უწინარესად, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ამოცანაა კონსულს დაუმტკიცოთ, რომ არ აპირებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩენას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებთ ვიზას.
პირველი წესი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც კონსული გეკითხებათ ვიზიტის მიზანზე, საჭირო არაა დეტალური ახსნა-განმარტება. საკმარისია მოკლე, გარკვეული პასუხი. მაგალითად, თუკი ტურისტული ვიზა გჭირდებათ, უნდა უპასუხოთ, რომ მიზანი ტურიზმია. თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით კითხვებს დაგისვამენ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ დეტალური ახსნა-განმარტების გაკეთება. უნდა გქონდეთ ნათელი და გარკვეული გეგმა, თუ რა ადგილების მონახულებას აპირებთ და რამდენი დღე დაგჭირდებათ თქვენი მიზნის შესასრულებლად.
ნუ ეცდებით კონსულს მიაწოდოთ ბევრი დოკუმენტი, რომლებიც იმ მიზნით მოაგროვეთ, რათა დაგემტკიცებინათ, რომ სამშობლოსთან თქვენი კავშირი მტკიცეა და უკან აუცილებლად დაბრუნდებით. ასეთ შემთხვევაში კონსულს, სავარაუდოდ, ეჭვი გაუჩნდება, რომ თქვენ ძალიან გჭირდებათ ვიზა და თქვენმა მცდელობამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს. კონსულს მხოლოდ ის დოკუმენტები აჩვენეთ, რომელთაც თავად მოითხოვს.
მნიშვნელოვანია, ამერიკის ვიზის მოთხოვნამდე სხვა ქვეყნებში იყოთ ნამყოფი – ცხადია, უმჯობესია, ევროკავშირის ქვეყნებში. თუკი ამერიკული ვიზის მოთხოვნამდე საზღვარგარეთ არასდროს ყოფილხართ, კონსულისთვის თქვენი სურვილი, შორეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავროთ, უცნაურად გამოჩნდება.
კონსული აუცილებლად დაინტერესდება თქვენი ოჯახური მდგომარეობით. თუკი დაოჯახებული არ ხართ, ეს ვიზის მიღებას გაგირთულებთ, რადგან მარტოხელა ადამიანი უფრო ადვილად მიიღებს ამერიკაში დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას. თუკი სტუდენტი ბრძანდებით, მიუთითეთ, რომ ფინანსურად მშობლები გეხმარებიან. შესაძლოა კარგი სამსახურიც გქონდეთ, მაგრამ კონსულისთვის უფრო ბუნებრივი იქნება, თუკი სტუდენტს მშობლები უწევენ სპონსორობას. თუკი დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხართ, ესეც საეჭვო გარემოებად შეიძლება გამოჩნდეს გასაუბრების დროს. კონსულმა შეიძლება ჩათვალოს, რომ აპირებთ სწავლა დაამთავროთ და სამუშაოდ ამერიკაში წახვიდეთ, თუმცა თუკი უკვე მუშაობთ თქვენი სპეციალობით და კარგ ანაზღაურებასაც იღებთ, შეგიძლიათ კონსულს ეჭვები გაუფანტოთ.
უარის შემთხვევაში ჯობია არ იჩქაროთ ხელახლა საბუთების შეტანა, უკეთესი იქნება, დაახლოებით 6 თვე მოიცადოთ და ამ ხნის განმავლობაში თქვენი „ბიოგრაფია“ გამოსაწოროთ. მაგალითად, თუკი ცოტა მოგზაურობა გქონდათ, სადმე გაემგზავრეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ადამიანებმა უარის შემდეგ ერთ კვირაში ისევ შეიტანეს საბუთები და ვიზა მიიღეს, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.
დაბოლოს, გასაუბრებაზე არ უნდა ინერვიულოთ. შეეცადეთ თავი ბუნებრივად დაიჭიროთ. იყავით კათილგანწყობილი და ხშირად გაიღიმეთ. დაძაბული გამომეტყველება და ზედმეტი სერიოზულობა კონსულის უარისკენ უბიძგებს.
გისურვებთ წარმატებებს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები