ანუკი არეშიძემ ლედი გაგას შავი კაბა ჩააცვა
ოსკაროსანმა მუსიკოსმა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა. ამის შესახებ VOGUE-ი წერს.
ანუკის დიზაინით შექმნილი ტყავის კაბით ლედი გაგა თავისი კოსმეტიკის ხაზის წარდგენაზე მივიდა.
ანუკი არეშიძემ ეს კაბა თბილისის „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე წარადგინა. ნამუშევარი 2019-2020-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.
ანუკი 14 წლის იყო, როდესაც სამოდელო კარიერა დაიწყო; სულ რაღაც ოთხი წლის წინ კი, უკვე პოლიტიკოსის მეუღლემ, გადაწყვიტა, ტანისამოსი და ფეხსაცმელი საკუთარი დიზაინით შეექმნა.
ასე ჩამოყალიბდა ბრენდი ANOUKI, რომელსაც ქართველი და არა მხოლოდ ქართველი მოდის მიმდევრები კარგად იცნობენ. ეს არის ბრენდი, რომელიც არაერთხელ ეწვია ყველაზე პრესტიჟულ მოდის კვირეულებს და ყველაზე პრეტენზიული შემფასებლების კომპლიმენტებიც დაიმსახურა; მათ შორის იყო ანა ვინტურიც, რომელმაც ანუკის შემოქმედება მილანში გამართულ პროექტზე „The Next Talents” გაიცნო. მან და თვით Giuseppe Zanotti-მ განსაკუთრებულად მოიწონეს ქართველი დიზაინერის ფეხსაცმელები და ხელით ნაქარგი ქურთუკები.
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე თითქმის 13 წელია, ერთად არიან. მათ ოთხი ვაჟიშვილი ჰყავთ.
კომენტარები