ათენის აკადემია – ქალაქის მშვენება
ათენის აკადემიის შენობა საბერძნეთის დედაქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობაა. მისი აშენება ქველმოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი.
ათენის აკადემია ე. წ. არქიტექტურული ტრილოგიის (ეროვნული ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტი, აკადემია) ნაწილია. ეს შენობები ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ანტიკურ საბერძნეთში სიბრძნის სიყვარულის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.
აკადემიის შენობის გეგმა 1859 წელს დანიელმა არქიტექტორმა თეოდორ ჰანსენმა შექმნა. სხვათა შორის, აკადემიის გვერდით მდებარე უნივერსიტეტის შენობა თეოდორის უფროსმა ძმამ, კრისტიანმა დააპროექტა. რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკას, მისი პროექტიც თეოდორ ჰანსენს ეკუთვნის. სპეციალისტები ათენის აკადემიას მსოფლიოს საუკეთესო ნეოკლასიკურ შენობად აღიარებენ.
ჰანსენი აკადემიის პროექტის შექმნისას ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ანტიკური არქიტექტურის ნიმუშებს დაეყრდნო (სწორედ ამ ეპოქაშია აშენებული ათენის აკროპოლისის მონუმენტური ნაგებობები). შენობის ექსტერიერში ასახულია ძველბერძნული ქანდაკებისა და ხატვის ტრადიცია.
აკადემიის აგების იდეა ცნობილ ბერძენ მეწარმეს და ქველმოქმედს სიმონ სინასს ეკუთვნის. სინასი წარმოშობით ჩრდილოეთ ეპირუსის ოლქიდან იყო, მაგრამ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცხოვრობდა. ვენაში მან კარგი განათლება მიიღო – ისწავლა ფილოსოფია, ისტორია და პოლიტიკური მეცნიერება. სიმონ სინასი ძალიან დიდი ქონების მემკვიდრე იყო, მაგრამ თავად მეწარმეობა ნაკლებად აინტერესებდა და ქველმოქმედებას ეწეოდა ავსტრიასა და გერმანიაში. 1958 წელს იგი გახდა საბერძნეთის კონსული ვენაში, თუმცა საბერძნეთში თავად არასდროს ყოფილა.
1856 წელს სინასმა ათენის აკადემიის ასაშენებლად თანხა გამოყო და ეს საქმე თეოდორ ჰანსენს დაავალა. 1859 წელს ათენის მუნიციპალიტეტმა შენობის ასაგებად შესაბამისი მიწის ნაკვეთი შეარჩია. თავდაპირველად მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობდა, თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გამწვავების შედეგად აკადემიის მშენებლობა შეყოვნდა. 1876 წელს სინასი გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლობის გაგრძელება მისი ქვრივის, იფიგენიას მცდელობით მოხერხდა და 1887 წელს აკადემია საზეიმოდ გახსნა პრემიერ-მინისტრმა ხარილაოს ტრიკუპისმა.
გიორგი ჯანელიძე
ნახეთ ვიდეო:
კომენტარები