სახლები გველოდებიან…
აყვავებულმა ხეებმა არ მოგატყუოთ, ამ ეზოში გაზაფხული წლებია აღარ მოდის. ბუნების წესია, თორემ ოდესღაც ნაფერებ და მერე მიტოვებულ ხეებს, აბა, რა ეყვავილებათ?!
ეზოსა და სახლის კედლებში მოგონებების ხმა ისმის წარსულიდან, ვენახში წლების წინ დაკრეფილი ყურძნის სურნელი ტრიალებს, დიდი ხნის წინ ამ ჭიდან ამოღებული ყინულივით ცივი წყლის დაუვიწყარ გემოს ახლაც იგონებენ სადღაც… წარსულიდან ყეფა მოისმის ეზოს უერთგულესი დარაჯის, შორს, ძალიან შორს ვიღაც ბავშვი ცრემლებშეპარული ხმით იხსენებს ხის საქანელას, რომელსაც ახლა ქარი არხევს მხოლოდ…
აქ ყოველ კუნჭულში მოგონებები დგანან. მოგონებები ეზოდან წლების წინ უზარმაზარი ჩემოდნებით გასული კაცის, ატირებული ქალისა და გულუბრყვილო ბავშვის, რომელსაც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ სახლისა და ეზოს თან წაღება შესაძლებელი იყო, დატოვება კი – შეუძლებელი. წაღება მხოლოდ ჩემოდნების მოხერხდა და კიდევ რამდენიმე მოგონების. ცრემლებიც არ დაგვავიწყდეს…
ნაბიჯებს დანატრებულ ქუჩაზე საკეტჩაჟანგებული ჭიშკარი დიდი ხანია არავის შეუღია. რახანია არავინ მოსულა, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს არ მოვლენ. ან მოვლენ კი საერთოდ?.. ფერგახუნებული სახლის კედლები ავადმყოფი ადამიანის სახეს დამსგავსებიან, რაღაც სენს ებრძვიან თითქოს, რაღაც ტკივილს განიცდიან, ოღონდ ვერგამოთქმულ ტკივილს. მიტოვებულ სახლებსა და ეზოებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, ისეთ მძიმე სევდაზე მოყვებოდნენ, ადამიანებს რომ წარმოდგენაც არ გვაქვს. მე ასე მჯერა… წარმოიდგინეთ, რას იტყოდნენ სახლები, რომელთა ფანჯრებში ოდესღაც ჩამქრალი სინათლე არა და არ ინთება; სახლები, რომელთა საკვამურებსაც უკვამლობა მიუსაჯეს ოდესღაც; სახლები, რომელთა ერთადერთი სტუმრები დროდადრო სარეცხის თოკებზე ჩამომსხდარი ჩიტები არიან…
ეზოში სიჩუმე დგას ჯიუტად და ხმაურს აგრძელებს. თუკი ვინმეს გაუგონია, იტყვის, რომ ყველაზე გულისგამაწვრილებელი ხმაური სიჩუმემ იცის სწორედ. ძაღლების ყეფა მოისმის ხოლმე, ოღონდ შორიდან. შორიდან, თორემ აქ ძაღლს რა უნდა?! აქ კაცი არ არის. ერთმანეთის ამარა დარჩენილი ეზო და სახლი კი იცდიან და იცდიან…
ჩაუვლი მიტოვებულ ეზოებს, სიჩუმისაგან დაყრუებულ სახლებს და ხვდები, რომ რაღაც დარდი გამოგაყოლეს. მიდიხარ და ფიქრობ, მაინც რა საჭიროა ეზოში გაზაფხულის მწვანე, ხასხასა ბალახის ამოსვლა, თუ ბავშვები პაწაწინა ფეხებით არ გათელავენ, ან თოვლის მოსვლა რის მაქნისია, თუკი სახლამდე მიმავალ ბილიკს ადამიანების ნაკვალევი არ დაეტყობა?!.. მათ ვერგამოთქმულ ტკივილებს დანახვა უნდა… დახავსებული კედლები; წაქცეული ვაზი; სინათლე, რომელსაც არავინ ანთებს; კარი, რომელიც არასდროს იღება; ეზო, სადაც ძაღლი არ ყეფს…
ჩვენ მივდივართ, სახლები კი გველოდებიან გულისფანცქალით. ყოველ წამს მზად არიან ჩაგვიხუტონ, მოგვეფერონ – მთავარია ჩვენ მივიდეთ… მანამ მივიდეთ, სანამ დრო შთანთქავდეს და გაანადგურებდეს მათ, სანამ ჯერ კიდევ გვახსოვს და ვახსოვართ, სანამ ჯერ კიდევ გვიყვარს და ვუყვარვართ…
კიდევ რამდენი გაზაფხულის მოსვლაა საჭირო იმისათვის, რომ საკეტჩაჟანგებულ ჭიშკარს მოადგნენ ჩემოდნებიანი კაცი, ატირებული ქალი და უკვე გაზრდილი ოდესღაც გულუბრყვილო ბავშვი?
აყვავებულმა ხეებმა არ მოგატყუოთ. ამ ეზოში გაზაფხული მანამ არ მოვა, სანამ ჭიშკრის საკეტს ჟანგი არ მოშორდება… ეს ყვავილები კი, სიკვდილის პირას მისული კაცის ღიმილივით სევდიანები, ნამდვილი გაზაფხულის მოსვლას როდი ნიშნავს… სწორედაც რომ ბუნების წესია, თორემ ამ ოდესღაც ნაფერებ და აქამდე მიტოვებულ ხეებს, აბა, რა ეყვავილებათ?!
ნინო წულაია
კომენტარები