ნენო გაბელია: „ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის ელჩები ვართ უცხო ქვეყანაში“
მასთან უბრალო საუბრის დროსაც კი ენერგიით ივსები – ნენო გაბელიას საოცარ შინაგან ენერგიას, შრომისმოყვარეობას და მიზანსწაფულობას გადამდები ძალა აქვს. იგი მხოლოდ 28 წლისაა, თუმცა მის ბიოგრაფიაში უკვე ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა და, რა თქმა უნდა, მთავარი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინაა.
ნენო გაბელია 8 წელია იტალიაში ცხოვრობს, რომში 2011 წელს ჩავიდა და ლა საპიენცას უნივერისტეტში ჩაირიცხა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, წლეულს თებერვალში კი უნივერსიტეტში სადოქტორო ხარისხი დაიცვა. იგი უკვე 2 წიგნის ავტორია – პირველი წიგნი ლა საპიენცას უნივერსიტეტის ფონდმა გამოსცა, როგორც საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომი, მეორე კი – კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ. ნენომ იტალიაში თავისი ბედიც იპოვა – დათო უკლება რომში ჩამოსვლიდან მალევე გაიცნო, 2,5 წლის წინ კი ახალგაზრდებმა ოჯახი შექმნეს და ახლა წლის და 7 თვის სებასტიანი ალამაზებს მათ ცხოვრებას.
ნენო გაბელია გალიდანაა, 3 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა. სწორედ აფხაზეთის და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები იყო მისი სადოქტორო ნაშრომის თემაც. წლეულს მან თავის საკმაოდ შთამბეჭდავ ბიოგრაფიას კიდევ ერთ კონკურსში გამარჯვება მიუმატა – „ახალგაზრდა ელჩის“ მანდატი მოიპოვა იტალიაში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს. მისი თქმით, უნდა, ქართველი ემიგრანტებიც ჩართოს თავის აქტივობებში და, ზოგადად, ისეთი პროექტებიც განახორციელოს, რომლებიც ემიგრანტებს გაახარებს, გაახალისებს. ამ საკითხებზე უფრო ვრცლად და დეტალურად თავად ნენო გაბელია გვესაუბრება.
ნენო, პირველ რიგში, გაგვაცანით, რა ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი „ელჩობის“ პერიოდში? როგორც ვიცი, იტალიიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკურსში ყველაზე მეტი – 16 კონკურსანტი გავიდა შესარჩევი ეტაპის შემდეგ და საბოლოოდ თქვენ გაიმარჯვეთ. თქვენს ბიოგრაფიას რომ გავეცანი, იმდენი რამე მოასწარით საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, რომ კონკურენციის გაწევა თქვენთვის ნამდვილად ძნელი იქნებოდა…
გულწრფელად გეტყვით, რომ ამ პროექტს, რომელიც 2014 წლიდან ყოველ წელს ხორციელდება, მოუთმენლად ველოდებოდი. იტალია წლევანდლამდე არ იყო მონაწილე ქვეყნების სიაში. წელს პროექტის გეოგრაფია გაფართოვდა და ბიუჯეტიც გაიზარდა – უკვე 15 სახელმწიფო ჩაერთო. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 29 წლამდე, მე სექტემბერში გავხდი ზუსტად 28 წლის და ბოლო წელი იყო, როცა მონაწილეობა შემეძლო. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე რომ შევედი და ქვეყნების ჩამონათვალში იტალია დავინახე, გული ამიჩქარდა, ისე გამიხარდა.
ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენი სამშობლო საუკეთესო კუთხით გავაცნოთ უცხოელებს (ჩემს შემთხვევაში – იტალიელებს). „ახალგაზრდა ელჩის“ მანდატი ერთწლიანია, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგაც, ცხადია, გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის „ელჩობას“. საერთოდ, საზღვარგარეთ წამოსულები, ყველანი ისედაც ვართ ჩვენი ქვეყნის ელჩები, ყოველგვარი პროგრამის და პროექტის გარეშე. უნივერსიტეტში სწავლის დროს უამრავ ადამიანს გავაცანი ჩვენი ქვეყანა, მოვუყევი ჩვენზე; უბრალოდ, ეს პროგრამა გზრდის შინაგანად, პიროვნულად უფრო იხვეწები… მეც ვეცდები, რომ მაქსიმალური გავაკეთო, რათა იტალიელებს უკეთ გავაცნო საქართველო, ჩვენი მდიდარი კულტურა, ისტორია… საერთოდ, ვცდილობ ხოლმე, ხაზი გავუსვა ისეთ რამეებს, რაც მათთვის საინტერესო იქნება და ჩვენი ტრადიციები ერთმანეთს დავუკავშირო. როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირს ხედავენ, ეს მათთვის უფრო მისასალმებელი და გასაგებია.
ქართველი ემიგრანტების ჩართვას თუ აპირებთ პროექტში?
ძალიან მინდა, რომ იტალიაში მყოფ ქართველებს, რაღაც კუთხით, გავუხალისო ცხოვრება იმიტომ, რომ ვიცი, რას ნიშნავს ემიგრაციაში ყოფნა, ვიცი, რამდენს შრომობენ, დასვენების დღეც კვირაში ერთი აქვთ და ზოგს ისიც არ აქვს. ძალიან მინდა, რომ ჩემს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა და ამით მაინც მივანიჭო ბედნიერება – ქართული კულინარიული კურსი იქნება, ცეკვის მასტერკლასები თუ სხვა. მინდა, რომ ქართველი და იტალიელი ახალგაზრდები ერთ დიდ მრგვალ მაგიდასთან დავსვათ და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნების განვითარების გზებზე, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე. აუცილებლად მოვაწყობთ მრგვალ მაგიდებს იტალიის სხვადასხვა ქალაქში. მომავალი ახალი თაობისაა – ახალი თაობა ყველაფრის სულისჩამდგმელია, მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდებს დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. ჩვენ უზარმაზარი ძალა და პოტენციალი გვაქვს და მინდა, რომ ეს რესურსი სწორად გამოვიყენოთ.
როგორ მოხვდით იტალიაში და მანამდე საქართველოში რას საქმიანობდით?
საქართველოში დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. მესამე კურსის ბოლო და მეოთხე კურის პირველ სემესტრში, ერთი წლის განმავლობაში, გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში ვისწავლე, ერასმუს მუნდუსის სტიპენდიით. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მეორედ გავიმარჯვე ერასმუს მუნდუსის კონკურსში და მოვიპოვე სტიპენდია რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში მაგისტრატურაში სასწავლებლად. 2011 წელს ჩამოვედი რომში, ჯერ მაგისტრატურა დავამთავრე, შემდეგ – დოქტორანტურა, წლეულს თებერვალში დავიცავი დოქტორის ხარისხი. ჯერჯერობით აღარ ვსწავლობ, თუმცა ვაპირებ – შემდეგი ეტაპი არის პოსტდოკი და აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას.
ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ; პარალელურად ვარ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი, მყავს მაგისტრები და, შესაბამისად, ბევრ საქმეში ვარ ჩართული.
გამოდის, რომ ხშირად გიწევთ საქართველოსში ჩამოსვლა, ხომ?
დიახ, საკმაოდ ხშირად, ზოგჯერ მთელი ორი თვით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტთან ვთანამშრომლობ, ძალიან ხშირად ვიწვევთ პროფესორებს იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. უკვე მოვაწყვეთ საზაფხულო სკოლა, შემდეგ კი – საშემოდგომო სკოლა; ვატარებთ კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს, მომავალ ზაფხულსაც ვგეგმავ სკოლის ორგანიზებას, რომელიც უკვე იტალიაში ჩატარდება.
რა ენაზე სწავლობდით იტალიაში?
იტალიაშიც და ბულგარეთშიც ინგლისურად ვსწავლობდი.
იტალიურიც იცით ალბათ ხომ?
დიახ, რა თქმა უნდა. სტუდენტებისთვის განკუთვნილ უფასო კურსებზე დავდიოდი, ადამიანებთან ურთიერთობაც დამეხმარა; ენის უცოდინარობის პრობლემა 8 წლის შემდეგ აღარ უნდა გქონდეს, თუ სურვილი გაქვს, რომ ენა ისწავლო.
იტალიელი მეგობარი ბევრი გყავთ?
დიახ, საკმაოდ, უნივერსიტეტშიც იმდენ ხანს ვსწავლობდი, 5 წელი გამოდის საერთო ჯამში… ვმეგობრობ როგორც იტალიელებთან, ისე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. რომში ჩემი საუკეთესო მეგობარი, ვისთან ერთადაც წიგნი დავწერე, ნახევრად იტალიელი და ნახევრად ალბანელია – რომინა გურაში.
მე თვითონ ვარ იძულებით გადადგილებული პირი გალიდან, შესაბამისად, ამ თემას მივუძღვნი ჩემს მომავალ პროექტებსაც. მე და რომინამ წიგნი დავწერეთ ზუსტად ფედერალიზმთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება აფხაზეთს მოვარგოთ ეს მოდელი. კვლევა რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტმა დაგვიფინანსა, წიგნი კი კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა ბრიტანეთში და შესაძლებელია მისი ონლაინ შეძენა. ეს ჩემი მეორე წიგნია. (https://www.cambridgescholars.com/a-federal-perspective-on-the-abkhaz-georgian-conflict).
პირველი წიგნი რომის უნივერსიტეტის ფონდმა (Fondazione Roma Sapienza) გამოსცა – საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომების კონკურსში ჩემმა თემამ გაიმარჯვა და იტალიურმა გამომცემლობამ წიგნად გამოსცა. (http://nuovacultura.it/en/catalogue/decline-of-the-soviet-union-economic-and-political-reasons-for-the-dissolution-of-an-empire/).
იტალიის განათლების სისტემას რაც შეეხება, რით არის საქართველოს მსგავსი და რა განსხვავებაა? ჩვენი უნივერსიტეტები ბოლონიის პროცესს შეუერთდნენ და ალბათ დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.
კარგია ის, რომ ბოლონიის პროცესის წევრები ვართ, რადგან ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა. ამ კუთხით რომში არანაირი პრობლემა არ შემქმნია, არ დამჭირვებია ზედმეტი კლასის გავლა, ან საგნების ჩაბარება. ვისაც ბოლონიის პროცესთან შეერთებამდე, ძველი სისტემით ჰქონდა დამთავრებული ბაკალავრიატი, მათ შეექმნათ პრობლემები – ზოგს ზედმეტი გამოცდების ჩაბარება, ან ერთი სასწავლო წლის დამატება მოუწია.
რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში იგივე სისტემაა, როგორიც საქართველოში, ერთადერთი, ზეპირი გამოცდები უფრო ხშირია, ვიდრე ჩვენთან; ამ კუთხით ჩვენ უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენთან ტესტირებები უკვე ფართოდ არის დანერგილი. რომის უნივერსიტეტში გამოცდების დროს ხშირად ნახავთ ჰოლში შეგროვილ სტუდენტებს, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან ზეპირ გამოცდაზე გასასვლელად და გამოცდა ძალიან იწელება დროში. ლა საპიენცა, სადაც მე ვსწავლობდი, რომის ყველაზე ძველი და მნიშვნელობითაც პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, როგორც თსუ არის თბილისში. რომ ჩამოვედი, თავიდან სულ სხვა გარემოს, უფრო თანამედროვე აუდიტორიებს ველოდებოდი, მაგრამ ასე არ არის. იტალია სხვანაირი ქვეყანაა, აქ სიძველს მაინც უფრო დიდ პატივს სცემენ. თუმცა ფლორენციაში, მაგალითად, არის ძალიან თანამედროვე ევროპული უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტზე ხომ საუბარი ზედმეტია – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია… საერთოდ, ეს ქვეყანა ყველანაირ შესაძლებლობას გაძლევს, კარგი განათლება მიიღო, თუ სწავლა და შრომა არ გეზარება.
რომში ცხოვრებას როგორ შეეგუეთ, ასე ხალხმრავალ ქალაქში არ გაგიჭირდათ?
რომი მართლა ქალაქი-მუზეუმია, რომელსაც არასდროს სძინავს. შეუძლებელია, თავი არ შეგაყვაროს. აქ ცხოვრება ცოტა რთულია იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ტურისტია. თავიდან ამაზე ვბრაზობდი და თან საკუთარ თავზე მეცინებოდა (მე თვითონაც ხომ არ ვარ ადგილობრივი, მეც ჩამოსული ვარ), მაგრამ ძალიან ძნელია, როდესაც ყოველდღე მეტროში უამრავი ხალხია, ქუჩაში სულ საცობია, ფეხით გადაადგილებაც კი ჭირს და ეს ცოტა დამღლელია. ძალიან მიკვირს იტალიელების, ამდენის მოთმენა რომ შეუძლიათ.
თავიდან ცოტა მიჭირდა, არც ვაპირებდი იტალიაში ამდენ ხანს დარჩენას, ახლა უკვე ოჯახი მყავს და პროფესიაც მაქვს. ჩემი მეუღლე, დათო უკლება უკვე წლებია, იტალიაში ცხოვრობს, ჩვენი სახლი გვაქვს, შესაბამისად, აქ დავმკვიდრდით ამ ეტაპზე, თუმცა საქართველოში ძალიან ხშირად ჩამოვდივართ. დათო უკვე რამდენიმე წელია საქართველოს საელჩოში მუშაობს წმინდა საყდართან (ვატიკანში). რომში გავიცანით ერთმანეთი, რომ ჩამოვედი, მალევე. 2,5 წლის წინ კი ოჯახი შევქმენით და ახლა წლის და 7 თვის სებასტიანიც გვყავს.
სებასტიანი რომში დაიბადა? ვინ გეხმარებათ ბავშვის აღზრდაში, თქვენ ხომ ამდენ საქმეში ხართ ჩართული.
დიახ, სებასტიანი 2017 წლის 7 აპრილს დაიბადა რომში. ყოველთვის ვგიჟდებოდი და მიყვარდა ბავშვები, თან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც მაქვს: რომში ინგლისური ენის კერძო სკოლაში ვასწავლიდი, ამიტომ ძალიან ველოდი ჩემს საკუთარ შვილს. სებასტიანს, ძირითადად, მე ვზრდი, ჩემი მეუღლე და ჩემი დედამთილი ლიაც მეხმარებიან. ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ლია საოცარი მზარეულია, დღის პირველი ნახევარში სამსახურშია, ამიტომ საღამოობით ვატარებთ ხოლმე დროს ერთად.
მე და სებასტიანს ჩვენი რეჟიმი გვაქვს, დღეში ორჯერ ვსეირნობთ, ვთამაშობთ, ვერთობით, ვცდილობ ყველგან წავიყვანო. საქართველოში როცა მივდივარ, ისიც ჩემ გვერდითაა; უკვე მალე წავა ბაღში და იმედია, იქ უფრო დამოუკიდებელი გახდება. მახსოვს, უნივერსიტეტში ხარისხის დაცვის დღესაც მყავდა სებასტიანი ჩემს მეუღლესთან ერთად, ყველა გაოცებული მიყურებდა, როცა ხედავდნენ, რომ ერთი წლის ბავშვთან ერთად მოვახერხე სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობა და ხარისხის დაცვა. შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომებაა. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ ჩემი შვილი იმხელა სტიმულს მაძლევს, ალბათ სწორედ ის არის ჩემი ულევი ენერგიის წყარო.
რომში ბევრი ქართველია?
დიახ, ძალიან ბევრი ქართველია რომში და, ზოგადად, იტალიაში; სამწუხაროდ, ქართული დიასპორული ორგანიზაცია რომში ოფიციალურად არ არსებობს და კარგი იქნება, თუ შეიქმნება, თუმცა არის რომის სამრევლო, რომელსაც მამა იოანე ხელაია ხელმძღვანელობს. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 9 წლის წინ დაარსდა. შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე იკრიბება ქართული მრევლი, ეკლესია ყოველდღე ღიაა და ადამიანს შეუძლია მივიდეს, როცა უნდა (ეკლესია მდებარეობს მეტრო კავურთან ძალიან ახლოს, via della Madonna dei Monti). ამ ეკლესიაში დავიწერეთ ჩვენ ჯვარი.
მე პირადად ვცდილობ, ემიგრანტებისთვის სასარგებლო პროექტები განვახორციელო: ქართველი ემიგრანტებისთვის მაქვს საკვირაო სკოლის პროექტი, აგრეთვე, ვეხმარები სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს, ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ – მაბედნიერებს, როდესაც შემიძლია ვინმეს ჩემი დახმარებით შრომა შევუმსუბუქო. რომ ჩამოვედი, თავიდან მეც გამიჭირდა და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ვიღაც გვერდში დაგიდგება. ახლა, მით უმეტეს, „ახალგაზრდა ელჩების“ პროექტის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებთან უფრო მეტი კონტაქტი მექნება.
დევნილობას რაც შეეხება: პატარა იყავით და არც გახსოვთ ალბათ, მაგრამ ეს თემა თქვენთვის ძალიან მტკივნეულია, როგორც ვხედავ.
1993 წელს, როდესაც გალიდან წამოვედით, 3 წლის ვიყავი. მყავს 2 და და ერთი ძმა, რომელიც 2 წელია ჩეხეთში ცხოვრობს თავის მეუღლესთან ერთად; მე იტალიაში ვარ ჩემი ოჯახით, დანარჩენები ყველანი საქართველოში არიან. იტალიაში რომ ჩამოვედი, არც მე მქონია იმის განცდა, რომ დავრჩებოდი, თან წარმოიდგინეთ დიდი მეგრული ოჯახი (დედაჩემსაც ბევრი და-ძმა ჰყავს)… ძალიან მიყვარს ჩემი დიდი მეგრული ოჯახი.
გალში ყოფილხართ? სახლი თუ გაქვთ იქ ისევ და ვინ ცხოვრობს?
არა, გალში არასდროს ვყოფილვარ მას მერე, რაც 3 წლისა იქიდან წამომიყვანეს. მშენებარე სახლი გვქონდა და კიდევ ბინა საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც ვცხოვრობდით. ამ ბინაში დღეს, როგორც ვიცი, აფხაზები არიან, სახლი კი დაწვეს. აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მხოლოდ მშობლების მოყოლილი ამბებით ვიცნობ…
დედა მიდიოდა ხოლმე გალში, ძირითადად, სულ სამძიმრებზე და გასვენებებში; ჩვენთვის ყველაზე დიდი ტკივილი იყო, ბებია რომ გარდაიცვალა (მამაჩემის დედა) და ვერ მოვახერხეთ გალში გადასვლა; მამაჩემიც ვერ ჩავიდა, იმიტომ რომ მამაჩემი გალის პოლიციის უფროსი იყო და პირდაპირ აკრძალული აქვს გალში ჩასვლა… ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია, ცხადია. მგონია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ერებს შორის ნდობის აღდგენაა. სტამბოლში საზაფხულო სკოლის მონაწილე ვიყავი (2015 წლის 3-9 აგვისტოს ჩატარდა), სადაც ქართველები, ოსები და აფხაზები ერთად ვისხედით სემინარებზე, თავისუფალ დროსაც ერთად ვატარებდით და მაშინ მომეცა საშუალება, უშუალოდ გავსაუბრებოდი ამ ახალგაზრდებს. ერთი კვირის განმავლობაში ვიყავით ერთად და მათი შეყვარებაც მოვასწარი. დამშვიდობებისას პირველად დამწყდა გული, რომ ამ ადამიანებს ვეღარ ვნახავდი ისე, როგორც ჩემს მეგობრებს ვნახულობ ხოლმე.
ეს ბოლო საზაფხულო სკოლა იყო ეუთოს ეგიდით, სამწუხაროდ, პროექტი აღარ გაგრძელებულა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გვჭირდება უფრო მეტი მსგავსი ინიციატივა, სადაც ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდები დასხდებიან ერთად, ისაუბრებენ პრობლემებზე და თავისუფალ დროსაც ერთად გაატარებენ… აფხაზეთს უაფხაზებოდ ვერ დავიბრუნებთ, საჭიროა ადამიანების ნდობის აღდგენა! – ეს ჩემი პირადი აზრია. სანამ ეს პრობლემები არ წამოიჭრება და უპირატესობა არ მიენიჭება, ძალიან გაგვიჭირდება ამ კონფლიქტების მოგვარება. რაც უფრო მეტი დრო გადის, ამ ხალხს უფრო და უფრო ვშორდებით.
კიდევ ერთი პრობლემაა განვითარების დონე – განათლებით, მენტალიტეტით ჩვენ უფრო მაღალ საფეხურზე ვართ, ვიდრე აფხაზები და სანამ ერთ დონეზე არ დავდგებით, ერთმანეთთან დიალოგი ძალიან გაგვიჭირდება. მე ძალიან მინდა, რომ დავბუნდე ჩემს სახლში, სადაც დედაჩემმა და მამაჩემმა თავიანთი ცხოვრება გაატარეს. იმედი მაქვს, რომ მალე ყველანი ერთად მოვახერხებთ ვიცხოვროთ გამთლიანებულ, განვითარებულ და მშვიდობიან საქართველოში.
ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები