გაიცანით „ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის გამარჯვებული საფრანგეთში – მერი უღრელიძე
მერი უღრელიძე ნიჭიერი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდაა. იგი ამჟამად პარიზში ცხოვრობს, მაგისტრატურაში სწავლობს, თუმცა აპირებს, სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდეს და საქართველოს მოახმაროს საფრანგეთში მიღებული ცოდნა და გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, თავს ადვილად დაიმკვიდრებს, მით უმეტეს, რომ მას უკვე აქვს გამორჩეული ბიოგრაფია – მერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის გამარჯვებულ 15 ახალგაზრდას შორისაა და საქართველოს „ახალგაზრდა ელჩი“ იქნება საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში.
მერი, როდის და რა მიზნით წახვედით საფრანგეთში?
2013 წლის მარტში ჩამოვედი ოპერად. ილიას უნივერსიტეტის ბაკალავრიატზე ვსწავლობდი სოციალური მეცნიერებების განხრით, რომლის დამთავრების შემდეგაც საფრანგეთში მაგისტრატურაზე სწავლა გადავწყვიტე. მაგრამ თავიდან ოპერად წამოვედი, რათა ადაპტაცია მომეხდინა, ენა უკეთ მესწავლა, რომ მერე უნივერსიტეტში არ გამჭირვებოდა. მგონია, რომ ძალიან სწორადაც მოვიქეცი.
ფრანგული იცოდით?
კი, 85-ე სკოლა დავამთავრე (ისნის რაიონში), სადაც ფრანგულ ენას ვსწავლობდი. ჩვენი სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო საუკეთესო ფრანგულის მასწავლებლებით და ფრანგულის სწავლების ძალიან მაღალი დონით.
მაგრამ აქ რომ ჩამოდიხარ, ენა რომც იცოდე, მაინც ძნელია, თან ფრანგული ევროპულ ენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე რთულ ენად ითვლება, მთელი ცხოვრება რომ იცხოვრო აქ და ისწავლო, მაინც მუდმივად სულ ახალ-ახალ რამეებს სწავლობ.
ოპერად პარიზში ჩახვედით?
არა, თავიდან ნორმანდიის ძალიან პატარა ქალაქში – ვერნონში, სადაც ჩემ გარდა არა მარტო სხვა ქართველი არ იყო, არამედ თვითონ ფრანგი ახალგაზრდებიც არ იყვნენ, ამიტომ ცოტა არ იყოს, ჩაკეტილ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ოჯახში 3 პატარა გოგონა ჰყავდათ. რომ გითხრათ, რომ ფიზიკურად ძალიან ვიტვირთებოდი-მეთქი, არა ნამდვილად, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ თავიდან მაინც გამიჭირდა შეგუება, დამკვიდრება – ახალჩამოსულს ბევრი ახალი ინფორმაციის აღქმა და გააზრება გიწევს… თან, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის უცხო ოჯახში, განსხვავებული კულტურის ადამიანებთან ცხოვრება, მაგრამ ეს სიძნელეები გადავლახე და ამაში ისიც მეხმარებოდა, რომ თვეში ერთხელ ან ორჯერ ვახერხებდი ჩამოსვლას პარიზში, სადაც მეგობრები მყავდნენ. ენის კურსებზეც დავდიოდი სხვა ქალაქში – რუენში და კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვახერხებდი თანატოლების გარემოში მოხვედრას.
ამ ქალაქში დავრჩი 5 თვე, შემდეგ სხვა ოჯახი მოვძებნე და პარიზში გადმოვედი. პარალელურად ვარკვევდი, რომელ უნივერსიტეტში გამეგზავნა საბუთები, რა უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, თან ენის კურსებზე სწავლას ვაგრძელებდი და, აგრეთვე, დავიწყე მუშაობა საკვირაო სკოლაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად.
რომელ საკვირაო სკოლაში?
პარიზში არის ქართული ასოციაციის კულტურის კერა „ლაზი“, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს, რითაც ხელს უწყობს ქართველების დაახლოებას და გაერთიანებას, აგრეთვე, ქართულ კულტურას აცნობს ფრანგულ საზოგადოებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ლაზთან“ არსებობს საკვირაო სკოლა, სადაც ემიგრანტი ქართველი ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, გეოგრაფიას, ისტორიას, აგრეთვე, ქართულ ცეკვას და სიმღერას. მეც ვარ ამ ასოციაციის წევრი და, როგორც გითხარით, საკვირაო სკოლაში ბავშვებს საქართველოს ისტორიას ვასწავლიდი.
ამჟამად, როგორც ვიცი, უკვე მაგისტრატურაზე სწავლობთ…
დიახ, ამჟამად მაგისტრატურის პირველ კურსზე ვსწავლობ სოციოლოგიის განხრით, Paris 8-ს უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტში სოციოლოგიის ბაკალავრიატზე პარიზში ჩამოსვლიდან 1 წლის შემდეგ ჩავაბარე, როდესაც ოპერობის ვადა ამომეწურა. დავამთავრე ეს კურსი და მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა.
სწავლის გადასახადი არის?
ბაკალავრიატზე წელიწადში ერთხელ 200 ევრომდეა გადასახდელი, მაგისტრატურაზე – 300 ევრომდე.
ალბათ სტუდენტური ვიზა გაქვთ, ხომ?
დიახ, სტუდენტური ვიზა მაქვს, რომელიც ერთწლიანია და ყოველ წელს უნდა განვაახლო.
მაგრამ ცხოვრებისთვის ფული ხომ გჭირდებათ – ბინა, ტრანსპორტი, კვება… მშობლები გეხმარებიან?
ლექციების შემდეგ საღამოობით რამდენიმე საათს ვმუშაობ ბავშვებთან – სკოლის მერე ვიტოვებ, ვამეცადინებ და მშობლების მოსვლამდე ვუვლი.
და გყოფნით ეს თანხა?
კი, სრულიად სამყოფია ყველაფრისთვის, რაც ახალგაზრდა ადამიანს სჭირდება. მათ შორის, ვახერხებ თანხის გადადებას სამოგზაუროდ. აქ მყოფი ჩემი მეგობრებიც ზუსტად მსგავს სიტუაციაში არიან. პარიზში, როგორც გითხარით, ბევრი მეგობარი მყავს – ისე მოხდა, რომ ჩვენი თაობა ძალიან ბევრი წამოვედით ერთად, მათ შორის, ჩემი კლასელებიც და ამ მხრივ ადვილი იყო სოციალიზაცია, გარემოსთან ადაპტირება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქალაქია და პარიზში ადაპტაცია უფრო რთული შეიძლება მოგეჩვენოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავდა, არ გამჭირვებია.
ფრანგი მეგობრებიც გყავთ?
საკმაოდ, უნივერსიტეტიდან. და არა მარტო ფრანგი: ენის კურსებზე რომ დავდიოდი, იქ, ძირითადად, უცხოელი სტუდენტები იყვნენ: იტალიელები, ესპანელები, თურქები – ძალიან მეგობრული გარემო იყო.
მაგისტრატურას გაისად ამთავრებთ, რას აპირებთ, დაბრუნდებით თუ კიდევ დარჩებით?
საფრანგეთში რომ ჩამოვედი, მაშინვე გადაწყვეტილი მქონდა: მაგისტრატურა უნდა დამემთავრებინა და დავბრუნებულიყავი საქართველოში. მართალია, რაღაცების გამო ეს ყველაფერი დროში ცოტა გაიწელა, მაგრამ მიზანი უცვლელი დარჩა: როგორც კი დავამთავრებ და მექნება მაგისტრის ხარისხი, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში.
ალბათ დედ-მამა გელოდებათ. კიდევ ვინ გყავთ ოჯახში?
დიახ, დედ-მამა თბილისში ცხოვრობს. ერთი და მყავს, დაახლოებით 3 წელია, ისიც საფრანგეთში ჩამოვიდა და აქ სწავლობს – ერთად ვცხოვრობთ. ისიც ჩემსავით გეგმავს საქართველოში დაბრუნებას სწავლის დამთავრების შემდეგ.
მერი, მომიყევით „ახალგაზრდა ელჩების“ კონკურსის შესახებ: როგორ მიიღეთ მონაწილეობა და როგორ გაიმარჯვეთ.
„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი, რომელსაც 2014 წლიდან ყოველწლიურად ატარებს დიასპორის დეპარტამენტი. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოებას. ამ მიზნით, ერთწლიანი მანდატით შერჩეული გამარჯვებული „ახალგაზრდა ელჩები“ ახორციელებენ სხვადასხვა კულტურულ-შემოქმედებით, საგანმანათლებლო, სპორტულ და სხვა სახის აქტივობებს თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში. პროექტი ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, ENIGMMA 2-ის ფარგლებში.
რაც შეეხება კონკურსს, საწყის ეტაპზე ყველა მონაწილემ გავგზავნეთ საჭირო საბუთები, მათ შორის, სამოტივაციო წერილი და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. კონკურსის შემდეგი ეტაპი იყო გასაუბრება. მსოფლიოს 15 ქვეყნიდან შეირჩა 15 გამარჯვებული და ახლახან, 8- 9 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა „ახალგაზრდა ელჩების“ ამბასადორიალი, სადაც თხუთმეტივე „ახალგაზრდა ელჩმა“ ჩვენ-ჩვენი ერთწლიანი სამოქმდო გეგმა წარვადგინეთ. შევხვდით, აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვადასხვა სამინისტროსა თუ დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი პრიორიტეტული მიმართულებები და ახალი პროგრამები გაგვაცნეს. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ჩვენთვის საჭირო ინფორმაციები მივიღეთ.
თქვენ რა უნდა გააკეთოთ, რა პროგრამა გაქვთ?
ერთწლიანი მანდატის ფარგლებში, ჩემი მთავარი მიზანია, პირველ რიგში, საქართველოს კულტურის და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაცია საფრანგეთში. ვეცდები, ბევრი ახლგაზრდა მეგობარი შევძინო საქართველოს, დავაინტერესო საქართველოთი…
ვცდილობ, ძირითადად, უნივერსიტეტების რესურსი გამოვიყენო ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით. უნივერსიტეტები გვითმობენ ფართს და იქ ვაწყობთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას. მაგ., ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, საქართველოს ევროპულ გეზსა და ევროინტეგრაციის სურვილზე.
ეს მანდატი არის დამატებითი პასუხისმგებლობა და მოტივაცია, რაც შეიძლება სწორად და კარგად გავაცნოთ საქართველო უცხოელ მეგობრებს. „ახალგაზრდა ელჩებს“ ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან (მათ შორის, წინა წლების კონკურსების გამარჯვებულებთანაც), ჩვენს გამოცდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს და ვცდილობთ, საერთო ძალებით გავხადოთ საქართველო უფრო მეტად ცნობილი და საინტერესო უცხოელ მეგობართა წრეში.
მერი, დიდი მადლობა საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ!
ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები