აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტში საქართველოს პავილიონის გახსნაზე
ნაწყვეტი აკა მორჩილაძის გამოსვლიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პავილიონის გახსნაზე (სრულად მოუსმინეთ ვიდეოში):
„დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ – 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ – 2000-ის, 2500-ის… ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო, რა არის ღირებული და რა – არა.
როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.
აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი (ჩვენ უფრო ადრინდელი ხელნაწერიც გვაქვს), ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.
ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.
თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები.
ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.
საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ – არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.
ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა…“
კომენტარები