ესპანეთის ტოლედოს პროვინციაში, ურდის (Urda) მახლობლად, ორი ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სულ ცოტა, 68 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის არიან უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, ავარიის მიზეზებს კი სამართალდამცველები იძიებენ.
ტრაგედია ოთხშაბათს, 28 ოქტომბრის დილას მადრიდისა და ანდალუსიის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Renfe-ს კუთვნილი AVE-ს მატარებელი და კერძო ოპერატორ Iryo-ს მატარებელი.
ესპანური მედიის, მათ შორის, EL PAÍS-ისა და RTVE-ის ინფორმაციით, ავარია დაახლოებით დილის 8:53-8:54 საათზე მოხდა ტოლედოს პროვინციაში, ურდის მახლობლად, სარკინიგზო ხაზის 118-ე კილომეტრზე.
წინასწარი მონაცემებით, Renfe-ს მატარებელი მადრიდიდან სევილიის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც წინ მდგომ Iryo-ს მატარებელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა, ზოგიერთი მათგანი კი ფერდობზე ჩავარდა. მატარებლების ნაწილი ძლიერ დაზიანდა, რამაც მგზავრების გამოყვანისა და სამაშველო სამუშაოები განსაკუთრებით გაართულა.
ორივე მატარებელში, თავდაპირველი მონაცემებით, 540-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს
კასტილია-ლა მანჩის ავტონომიური გაერთიანების პრეზიდენტმა ემილიანო გარსია-პაჟემ დაღუპულთა რაოდენობის 68-მდე გაზრდა დაადასტურა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა ეს საბოლოო მაჩვენებელი არ იყოს.
სამაშველო ჯგუფები განსაკუთრებით დაზიანებულ ვაგონებში მუშაობენ. დღის ბოლოსთვის გავრცელებული ინფორმაციით, Iryo-ს მატარებლის ორი მძიმედ დაზიანებული ვაგონის აწევისა და ნანგრევებისგან გათავისუფლების სამუშაოები გრძელდებოდა. მაშველები დაღუპულთა ცხედრების მოძიებასა და შესაძლო გადარჩენილების ძებნას განაგრძობდნენ.
EL PAÍS-ის მიერ საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში 77 დაშავებული იმყოფებოდა, მათგან 15 – უმძიმეს მდგომარეობაში.
რა გახდა ავარიის მიზეზი
ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ მომხდარს წარმოუდგენელი უწოდა და სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემის შესაძლო გაუმართაობაზე გაამახვილა ყურადღება.
წინასწარი ინფორმაცით, შემთხვევამდე ჩქაროსნული ხაზის უსაფრთხოების ერთ-ერთ სისტემაში – LZB-ში შეფერხება დაფიქსირდა. ამის შემდეგ მატარებლების მოძრაობის მართვა ხელით რეჟიმზე გადავიდა.
მინისტრის განმარტებით, საკონტროლო ცენტრიდან მატარებლებისთვის მოძრაობის განახლების ნებართვა გაიცა, თუმცა, როგორც ირკვევა, Iryo-ს მატარებელი ლიანდაგზე კვლავ გაჩერებული იყო. პუენტემ გაუგებარი უწოდა იმას, რომ სისტემის გაუმართაობის შემდეგ მოძრაობის განახლების ბრძანება გაიცა.
ამ ეტაპზე განიხილება შესაძლო ადამიანური შეცდომის ვერსიაც, თუმცა პასუხისმგებელი პირების ბრალეულობა და ავარიის ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
გამომძიებლებმა გამოკითხეს საკონტროლო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც მადრიდი-სევილიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობას მართავდა, ასევე, ცენტრის სხვა თანამშრომლები.
პედრო სანჩესი: „გამოძიება ბოლომდე მივა“
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ტოლედოს პროვინციაში, ავარიის ადგილზე ჩავიდა და დაღუპულთა ოჯახებსა და დაშავებულებს თანადგომა გამოუცხადა.
„ჩვენ ბოლომდე მივალთ. თუ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, ეს გაირკვევა, ხოლო თუ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები გამოვლინდა, მათ მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სანჩესის თქმით, გამოძიების მთავარი ამოცანაა მომხდარის მიზეზებისა და ყველა იმ გარემოების დადგენა, რომლებმაც საქმე კატასტროფამდე მიიყვანა. პროცესში ჩართულნი არიან როგორც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, ისე სარკინიგზო ავარიების გამოძიების კომისია და სამართალდამცველები.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში ჩქაროსნული მატარებლების ასეთი მასშტაბის ორი ტრაგედია ესპანეთისთვის მიუღებელია. მან იანვარში კორდობის პროვინციაში, ადამუსის მახლობლად მომხდარი სარკინიგზო კატასტროფაც გაიხსენა, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა.
„თუ ჩვენი სარკინიგზო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება იქნება საჭირო, ამას გავაკეთებთ“, – აღნიშნა სანჩესმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მგზავრთა უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოს და საზოგადოებას სარკინიგზო სისტემის მიმართ ნდობა დაუბრუნოს.
პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში 29-31 ოქტომბერს სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამაშველო სამსახურებს, სამოქალაქო დაცვის წარმომადგენლებსა და ყველა უწყებას, რომლებიც დაზარალებულთა დახმარებაში მონაწილეობენ.
„დღეს მთელი ესპანეთი გლოვობს“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის სახალხო პარტიის ლიდერმა ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ კი მოითხოვა, რომ საზოგადოებამ ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს.
ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების პრეზიდენტმა ხუან მანუელ მორენომ ხელისუფლებას გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა და რეგიონში სარკინიგზო ხაზების, განსაკუთრებით კი ჩქაროსნული მონაკვეთების დაუყოვნებლივ შემოწმება მოითხოვა.
სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა
ავარიის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, მეხანძრეები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სხვა შესაბამისი სამსახურები.
Renfe-მ, Iryo-მ და კასტილია-ლა მანჩის საგანგებო დახმარების სამსახურმა დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპეციალური სატელეფონო ხაზები აამოქმედეს.
დაზარალებულთა ახლობლებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი ნომრები:
- Renfe: 900 10 10 20
- Iryo: 900 001 403
- კასტილია-ლა მანჩის საგანგებო სამსახური (112): 900 122 112
ავარიის გარემოებებისა და დაღუპულთა საბოლოო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გამოძიებისა და სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად დაზუსტდება.
ნინო ხოშტარია
მსგავს თემაზე: ფოტო საბედისწერო მატარებლის მესამე ვაგონიდან, რომელიც მგზავრმა კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო



