იტალიამიგრაცია

იტალიის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება: ბავშვის ასაკი აღარ არის ბარიერი მშობლებისთვის ბინადრობის უფლების მისაღებად

იტალიის საკასაციო სასამართლომ მნიშვნელოვანი და პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო: სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოელ მშობლებს შეიძლება მიეცეთ დროებითი ბინადრობის უფლება, თუ მათი შვილი რეალურად ინტეგრირებულია იტალიურ სოციალურ გარემოში – მიუხედავად მისი ასაკისა. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის მცირე ასაკი, მათ შორის, ჩვილობა აღარ შეიძლება ავტომატურად გახდეს ოჯახისთვის ქვეყანაში დარჩენაზე უარის საფუძველი.

საქმე ეხებოდა მოლდოველ წყვილს, რომელთა შვილი იტალიაში 2022 წელს დაიბადა. მათ ბოლონიის სასამართლოს მიმართეს დროებითი ბინადრობის ნებართვის (permesso di soggiorno) მისაღებად ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე – იმ არგუმენტით, რომ ბავშვი დაბადებიდანვე იტალიაში ცხოვრობს და მისი გარემო, ყოველდღიურობა და განვითარება ამ ქვეყანას უკავშირდება.

ოჯახის პოზიციას სოციალურმა სამსახურებმაც მხარი დაუჭირეს: მათ დაადასტურეს, რომ მშობლებს არ ჰქონდათ კრიმინალური წარსული, ცხოვრობდნენ მშვიდად და სტაბილურად და ბავშვის კეთილდღეობისთვის საფრთხე არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, როგორც პირველი ინსტანციის (ბოლონიის), ისე სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს ერთი და იმავე მიზეზით – ბავშვის ასაკის გამო. მოსამართლეების გადაწყვეტილებით, შეუძლებელია ჩვილი ასაკის ბავშვის „ინტეგრაციის“ შეფასება და, შესაბამისად, ვერც იმის დადგენა, რომ ქვეყნიდან დეპორტაცია მის განვითარებას ზიანს მიაყენებდა.

სწორედ ამ მიდგომას უწოდა საკასაციო სასამართლომ ზედმეტად ფორმალური და მექანიკური.

უმაღლესმა სასამართლო გააუქმა ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებები და მკაფიოდ განაცხადა:
მშობლების კანონიერი ყოფნის უფლება შეიძლება აღიარებულ იქნას მაშინაც კი, როცა ბავშვი ძალიან პატარაა, თუ არსებობს მისი სოციალური და ემოციური ინტეგრაციის რეალური ნიშნები.

საკასაციო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, ინტეგრაცია არ ნიშნავს მხოლოდ სკოლაში სიარულს ან ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლვ „სტაჟს“. თუ ბავშვი დაიბადა იტალიაში, ცხოვრობს აქ, მისი ყოველდღიური გარემო, მოვლა და სოციალური კონტექსტი ამ ქვეყანას უკავშირდება – ეს უკვე თავისთავად წარმოადგენს იტალიურ საზოგადოებაში „ფესვების გადგმის“ ელემენტებს.

სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო და კონსტიტუციურ ნორმებზე, რომლებიც მსგავსი საქმეების განხილვისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს და ოჯახური ერთიანობის დაცვას. საუბარია როგორც ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და იტალიის კონსტიტუციაზე, რომელიც მშობლებს ავალდებულებს, უზრუნველყონ საკუთარი შვილების აღზრდა და განვითარება.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მშობლებისთვის ბინადრობის დროებით ნებართვაზე უარს ამ შემთხვევაში შეიძლებოდა გამოეწვია ოჯახის დაშლა, ბავშვის განვითარების პირობების გაუარესება და იტალიის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა. სწორედ ამიტომ სასამართლო დადგა მშობლების მხარეს და მიუთითა, რომ მათ უნდა მიეცეთ დროებითი ბინადრობის უფლება.

ეს გადაწყვეტილება უკვე განიხილება, როგორც პრეცედენტული იტალიის სასამართლო პრაქტიკაში. ის ცვლის აქამდე დამკვიდრებულ მიდგომას და გზას უხსნის ახალ სტანდარტს:
ბავშვის ასაკი აღარ არის ავტომატური ბარიერი. თუ ბავშვი დაიბადა და იზრდება იტალიაში, ის ამ საზოგადოების ნაწილად ითვლება – და მის ოჯახს აქვს უფლება, დარჩეს მასთან ერთად. სასამართლოს შეფასებით, ბავშვის უფლებები და ოჯახური ერთიანობა უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი ბინადრობის უფლების მინიჭებისას იტალიაში.

ცნობისათვის: იტალიის რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედ სასამართლო სისტემაში საკასაციო სასამართლო (La Corte suprema di cassazione) წარმოადგენს ჩვეულებრივი სასამართლო ორგანოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების უმაღლეს (საბოლოო) ინსტანციას. ის ერთდროულად ასრულებს როგორც საკასაციო, ისე უზენაესი სასამართლოს ფუნქციას. მისი იურისდიქცია არ შემოიფარგლება კონკრეტული სასამართლო ოლქით, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close