რა უთხრა პუტინმა ბუშს საქართველოსა და ნატოზე აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – არქივი გაიხსნა
ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, 2008 წლის აპრილში სოჭში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, არაერთი მაღალჩინოსნის თანდასწრებით, შეეწინააღმდეგა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების პერსპექტივას.
პუტინმა ამ შეხვედრაზეც დააფიქსირა თავისი წინააღმდეგობა ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები არის „ეთნიკური პრობლემები“, რაც საქართველოს „საუკუნეების განმავლობაში“ ჰქონდა.
ბუქარესტის სამიტის შემდეგ, აგვისტოს ომამდე
ლიდერების „საუბრის მემორანდუმი“ – ესე იგი, სტრუქტურირებული აღწერა იმისა, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე და არა პირდაპირი ტრანსკრიპტი – 2025 წლის 23 დეკემბერს გასაჯაროვდა.
ტექსტი, – რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა „ეროვნული უსაფრთხოების არქივმა“ (NSA, მდებარეობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში) გამოაქვეყნა, – 2008 წლის 6 აპრილით თარიღდება.
ესე იგი, აგვისტოს ომამდე ოთხი თვით ადრე. ამასთან, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტიდან ორიოდე დღის შემდეგ.
ეს არის ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის უკანასკნელი შეხვედრა ამ ფორმატში.
შეხვედრა რუსეთში, სოჭში, პუტინის რეზიდენციაში გაიმართა და მას ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ, მათ შორის, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
საუბრის ერთ-ერთ ეპიზოდში ვლადიმირ პუტინი აკრიტიკებს ნატოს გაფართოების ინიციატივებს და ჯერ უკრაინაზე ამბობს, რომ მისი ნატოში ინტეგრაცია შექმნის აშშ-სა და რუსეთს შორის გრძელვადიან კონფლიქტს. იქვე ამბობს, რომ უკრაინა „არ არის ბუნებრივად შექმნილი ერი“ და უწოდებს მას „საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად შექმნილ ქვეყანას“.
შემდეგ კი საქართველოზე იწყებს საუბარს.
„ეთნიკური კონფლიქტები“
„ახლა საქართველოს რაც შეეხება, მათ ჰგონიათ, რომ ნატოს ფარის დახმარებით შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს სწორი გზაა? სწორია, ნატოს სამხედრო ქოლგის გაფართოვდეს და მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციები დაიწყონ? იქაც დაიწყება პარტიზანული ომი, როგორც ავღანეთში. ნატო იქ ომში ჩაერთვება? რა თქმა უნდა, არა“, – ამბობს პუტინი.
„საქართველოს მოსახლეობა იძულებული უნდა გახდეს, სხვა საშუალებებით მოაგვაროს თავისი შიდა პრობლემები. თუ იძულებულნი იქნებიან, ამას გააკეთებენ. იქ საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკური პრობლემებია. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ისე, რომ მცირე ეთნიკურმა ჯგუფებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ“, – ეუბნება იგი ამერიკელ კოლეგას.
გააგრძელე კითხვა აქ – radiotavisupleba.ge



