პოლიტიკასაქართველო

თბილისში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ შეტაკებები მოხდა: დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს – BBC

თბილისის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლისკენ მსვლელობა მოაწყო და კომპლექსის ეზოში შეჭრა სცადა.

მომიტინგეებმა სასახლის შესასვლელი კარიბჭე დააზიანეს და რამდენიმე წუთით მოახერხეს ეზოში შეღწევა, სადაც ზოგი მათგანი ბარიკადების აგებას შეუდგა. მოგვიანებით ბარიკადების ნაწილზე ცეცხლი გაჩნდა. სამართალდამცველებმა მომხდარზე რეაგირებისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეტაკებები მოხდა მასშტაბური მიტინგის პარალელურად, რომელიც დღის განმავლობაში თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობდა. აქ შეკრებილი ათასობით ადამიანი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.

4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე. ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ საარჩევნო გარემო „უპრეცედენტო ზეწოლისა და დაშინების“ პირობებში იყო შექმნილი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიმარჯვა, რაც მოგვიანებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც დაადასტურა.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს თავის სასარგებლოდ იყენებდა, ხოლო უმეტესობა იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა, რომლებიც ტრადიციულად არჩევნებს აკვირდებიან, წელს დაკვირვებაში ვერ ჩაერთნენ – მათი ანგარიშები, როგორც ცნობილია, გაყინულია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მკვეთრად გაემიჯნა პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობას.

„ეს პაროდია მხოლოდ ხელისუფლებას შეეძლო მოეწყო ქართველთა 310-დღიანი მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციიისთვის“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.

ამავე დროს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი შეიკრიბა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მშვიდობიანი მიტინგი გრძელდებოდა.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი ნინა ახმეტელი თბილისიდან იუწყება, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი უპრეცედენტო ზეწოლის ფონზე: ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ამჟამად პატიმრობაშია, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გაყინულია.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, გამარჯვებას ფაქტობრივად არაფერი ემუქრებოდა: ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა და ამის ნაცვლად მასშტაბური პროტესტების მოწყობას გეგმავდა.

დასავლური საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, თბილისში გამართულ დემონსტრაციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა.

მასობრივი აქციები საქართველოში უკვე დაახლოებით ერთი წელია გრძელდება. ისინი დაიწყო 2024 წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა.

ოპოზიციამ ხელისუფლება დარღვევებში დაადანაშაულა, არჩევნების შედეგები არ აღიარა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი გამოაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოთხი წლით გადადო – რამაც ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი მოქალაქეების მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია.

კობახიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებში ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, თბილისში, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 70 პროცენტზე მეტი მიიღო.

არჩევნები ჩატარდა ეუთოს (OSCE) საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, რადგან ორგანიზაციამ მოწვევა ქართული ხელისუფლებისგან მეტისმეტად გვიან მიიღო.

კენჭისყრაზე ასევე არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვება შეეძლოთ.

ოპოზიციური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ოთხი ლიდერიდან სამს პატიმრობა შეეფარდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის, რომელიც შეიქმნა ყოფილი მმართველი პარტიის – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დანაშაულების გამოსაკვლევად.

ოპოზიცია კომისიას არალეგიტიმურად მიიჩნევს და მის საქმიანობას მიკერძოებულად აფასებს.

„კოალიციის“ მეოთხე ლიდერი ელენე ხოშტარია სექტემბერში დააკავეს მმართველი პარტიის საარჩევნო ბანერების დაზიანების ბრალდებით.

საერთაშორისო რეაქციების მოლოდინი

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებმა BBC-ს უთხრეს, რომ ვითარებას „ძალიან ყურადღებით“ აკვირდებიან და საქართველოს პოლიტიკური პროცესების მიმართ „ზრდილობიან, მაგრამ მტკიცე ტონს“ შეინარჩუნებენ.

თბილისში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს ურთიერთობა ქვეყნის ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა წელს უკვე გააფრთხილა საქართველო „დემოკრატიული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით“.

ორიგინალური სტატია: BBC

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close