ევროს ახალი დიზაინი დაპირისპირების საგანი ხდება: რა შუაშია მარია სკლოდოვსკა-კიური?

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ევროს ბანკნოტების დიზაინის განახლებას აპირებს და უკვე მიღებულ წინადადებებს შორის ერთ-ერთმა – მარია სკლოდოვსკა-კიურის გამოსახულებამ 20 ევროს კუპიურაზე – სერიოზული დისკუსია გამოიწვია როგორც პოლონეთში, ისე საფრანგეთში. კამათის საგანი არის არა თავად იდეა, არამედ ლეგენდარული მეცნიერის სახელის დაწერის ფორმა.
ვინ იყო მარია სკლოდოვსკა-კიური და რატომ აირჩიეს ის?
მარი კიური, იგივე მარია სკლოდოვსკა-კიური (Marie Skłodowska-Curie), პირველი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია ორჯერ მიიღო: ფიზიკაში 1903 წელს და ქიმიაში 1911 წელს.
მარია სკლოდოვსკა დაიბადა ვარშავაში 1867 წელს, იმ დროს, როდესაც პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. მისი საერთაშორისო სამეცნიერო კარიერა პარიზში ჩასვლის შემდეგ დაიწყო. საფრანგეთში გაიცნო მან პიერ კიური, რომელზეც მოგვიანებით დაქორწინდა. თავად ლეგენდარული მეცნიერი ქალი თავისი სახელისა და გვარის სხვადასხვა ფორმას იყენებდა – ქმრის სიცოცხლეში თავის ნაშრომებს ხელს აწერდა, როგორც მარია სკლოდოვსკა-კიური, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ – უფრო ხშირად, როგორც მარი კიური.
ECB-ის შემოთავაზება და სადავო წარწერა
ECB-ის ინიციატივის ფარგლებში, 20 ევროს ახალი ბანკნოტის დიზაინში კიური გამოსახულია ლექციის დროს, წიგნებით სავსე ოთახში, თუმცა სახელის წარწერამ – Marie Curie (Skłodowska) – პოლონეთში უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივი საზოგადოება მიიჩნევს, რომ ფრანგული ფორმისთვის უპირატესობის მინიჭება პოლონური იდენტობის შესუსტებას და ისტორიული სიმართლის დაკნინებას წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ სხვა ისტორიული ფიგურები (მაგ., ბეთჰოვენი, სერვანტესი) თავიანთი ავთენტიკური სახელებით არიან წარმოდგენილნი. „რატომ უნდა იყოს მარია მარი, თუ მიგელი მაიკლით არ შეცვალეს?“ – სვამს კითხვას გაზეთი „ვიბორჩა“.
როდის გამოვა 20 ევროს ახალი დიზაინის ბანკნოტი
ECB-ის განცხადებით, განახლებული ბანკნოტის საბოლოო დიზაინი 2026 წელს გამოქვეყნდება, ხოლო ახალი კუპიურების ბრუნვაში გამოსვლას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. პროცესი გრძელდება, ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა Euronews-თან განმარტეს, რომ სამუშაო ფორმა – „მარია კიური (დაბადებით სკლოდოვსკა)“ – ასახავს მეცნიერის ორმაგ ეროვნულ იდენტობას და მის, როგორც ევროპის კულტურის სიმბოლოს, აღიარებას.
ქალი მეცნიერის მნიშვნელობა ევროპული ღირებულებებისთვის
მარია სკლოდოვსკა-კიური არა მხოლოდ მეცნიერული მიღწევების, არამედ ქალთა გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლოდაც იქცა. ევროკავშირი წლებია აქტიურად აწარმოებს პოლიტიკას კვლევებსა და ინოვაციებში გენდერული ბალანსის მხარდასაჭერად, თუმცა მეცნიერების სფეროში სტატისტიკურად ქალები კვლავაც უმცირესობაში არიან.
ამ კონტექსტში მარია სკლოდოვსკა-კიურის გამოსახულება ბანკნოტზე მხოლოდ ეკონომიკური ინსტრუმენტი არ იქნება – ეს არის ღირებულებითი გზავნილი: ერთ კუპიურაში გაერთიანებული ევროპის კულტურა, მეცნიერება და გენდერული მრავალფეროვნება.
როგორ მოარიგებს ECB პოლონეთსა და საფრანგეთს, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მარია სკლოდოვსკა-კიური ამ დისკუსიის შედეგად კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში – როგორც ქალი, როგორც მეცნიერი და როგორც ევროპული იდენტობის ერთ-ერთი სიმბოლო.
აღსანიშნავია, რომ მარია სკლოდოვსკა-კიურის პორტრეტი მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებდა 20 000 ზლოტის ნომინალის კუპიურას პოლონეთში წარწერით – Maria Skłodowska-Curie.

ნინო ხოშტარია
კომენტარები