საგანგაშო ტენდენცია: რატომ ტოვებენ პერსპექტიული ახალგაზრდები ეკონომიკურად ძლიერ ჩრდილოეთ იტალიას

იტალიაში საგანგაშო ტენდენცია ყალიბდება: ქვეყანას ინტენსიურად ტოვებენ ახალგაზრდა, განათლებული მოქალაქეები – ეს პროცესი განსაკუთრებით ქვეყნის ეკონომიკურად ძლიერ რეგიონებს აზარალებს.
ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლიდან 2024 წლამდე ქვეყნიდან წავიდა 619 ათასზე მეტი 18-34 წლის ადამიანი. ამ პერიოდში წმინდა მიგრაციის უარყოფითი ბალანსი 433 ათასზე მეტია, მხოლოდ 2024 წელს კი ქვეყნიდან თითქმის 55 ათასი ახალგაზრდა წავიდა – რაც ხუთჯერ მეტია 2011 წლის მაჩვენებელზე.
ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის – ისინი სიგნალია იმ სტრუქტურული პრობლემების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის იტალიის მომავალს.
რატომ ტოვებენ იტალიას ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდები?
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მიგრაციის ტალღამ ქვეყნის ეკონომიკურად ძლიერი ჩრდილოეთი რეგიონები – ლომბარდია, ვენეტო, ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია და ტრენტინო – მეტად დააზარალა, ვიდრე ისტორიულად სუსტი სამხრეთი.
მიგრანტთა ნახევარზე მეტი ამ რეგიონებიდან უმაღლესი განათლების მქონეა – ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ სამუშაო ძალის, არამედ ტალანტების მასობრივ გადინებასთან.
ახალგაზრდები მიემგზავრებიან იმ ქვეყნებში, სადაც მათ განათლებას უფრო აფასებენ, კარიერული ზრდის გზები კი უფრო პერსპექტიულია.
ეკონომიკური მიზეზები და არა მხოლოდ
ანაზღაურება მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია. სტატისტიკურად, იტალიაში ახალგაზრდა კურსდამთავრებული საშუალოდ თვეში 1393 ევროს იღებს, მაშინ როცა მის თანატოლს საზღვარგარეთ 2174 ევრო აქვს. ხუთი წლის შემდეგ ეს სხვაობა კიდევ უფრო იზრდება.
თუმცა მხოლოდ ფული არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. Fondazione Nord Est-ის 2024 წლის კვლევის თანახმად, იტალიის ჩრდილოეთიდან წასულთა 64% თავს ბედნიერად და ოპტიმისტურად გრძნობს, მაშინ როცა ქვეყანაში დარჩენილთა შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 33%-ს შეადგენს.
ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ხელფასი, არამედ სამუშაო გარემო, სადაც მათ იდეებსა და ღირებულებებს აფასებენ, სადაც ინიციატივასა და პროფესიულ ზრდას ყურადღება ექცევა.
ახალგაზრდების მიგრაცია – ნებაყოფლობითი თუ იძულებითი არჩევანი?
კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების 28% ქვეყნიდან იძულებით მიდის, რადგან ისინი შრომის ადგილობრივ ბაზარზე ვერ პოულობენ თავიანთი მოთხოვნების შესაბამის პირობებს. მეორე მხრივ, 23% მიზანმიმართულად ირჩევს მიგრაციას – უკეთესი განათლების, ღია საზოგადოების და სამართლიანი შრომითი პირობების ძიებაში.
ორივე შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს არა ხელფასი, არამედ ცხოვრების ხარისხი და პიროვნული რეალიზაცია.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი იტალიისთვის?
ევროპაში კონკურენცია ნიჭიერი კადრებისთვის სულ უფრო მწვავე ხდება – ბევრი ქვეყანა მიზანმიმართულად იზიდავს ახალგაზრდა სპეციალისტებს დაბალი გადასახადებითა და მათზე მორგებული პოლიტიკით. თუ ევროკავშირის დონეზე კოორდინაცია არ მოხდება, მკვეთრად გაიზრდება პოლარიზაცია: ძლიერი ქვეყნები კიდევ უფრო გაძლიერდებიან, ხოლო სუსტი რეგიონები ადამიანურ რესურსს დაკარგავენ და კიდევ უფრო დასუსტდებიან.
იტალიისთვის ეს უკვე დემოგრაფიულზე გაცილებით სერიოზული – სტრატეგიული გამოწვევაა. თუ ქვეყანა ვერ შეძლებს განათლებაში ჩადებული ინვესტიციის დაცვას და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, გამოვა, რომ იგი სხვებისთვის მოამზადებს ნიჭიერ კადრებს – თავისივე ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ.
ახალგაზრდა, განათლებული მოსახლეობის გადინება ჩრდილოეთიდან იტალიის ყველაზე მტკივნეული წერტილია. ეს არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეკონომიკური მდგრადობის საკითხია.
ექსპერტთა აზრით, თუ ქვეყანა არ განახორციელებს სისტემურ ცვლილებებს შრომის შიდა ბაზრის მოდერნიზაციისა და თანამედროვე ინკლუზიური სამუშაო გარემოს შესაქმნელად, საკუთარ მომავალს ვერ დაიცავს. „ტვინებზე ნადირობის“ გლობალური კონკურენციის პირობებში ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც იტალიამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს თანმიმდევრული ნაბიჯებით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები