მსოფლიოტექნოლოგიებიეკონომიკა

ციფრული დოლარის ეპოქა დაიწყო: ტრამპმა ხელი მოაწერა GENIUS Act-ს – რას ცვლის ახალი კანონი აშშ-სა და მსოფლიოში?

18 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს სახელწოდებით GENIUS Act, რომელიც ქვეყანაში პირველად აწესებს სტეიბლკოინების დოლარზე მიბმული ციფრული კრიპტოვალუტების – რეგულირების ფედერალურ ჩარჩოს.

ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტები პირველად გადაინაცვლებს აშშ-ის ოფიციალური ფინანსური სისტემის მეინსტრიმში რეგულირებად, ლეგალიზებულ სივრცეში.

ისტორიული კანონის მიღება ორპარტიული მხარდაჭერით განხორციელდა: წარმომადგენელთა პალატაში კანონმა 308 ხმა მიიღო 122-ის წინააღმდეგ, სენატმა კი მას მხარდაჭერა ჯერ კიდევ ივნისში გამოუცხადა.

კონგრესმა ამ კვირაში მიიღო კანონები კრიპტოვალუტის შესახებ (GENIUS Act-ის გარდა, Clarity Act – ციფრული აქტივების კლასიფიკაციის შესახებ და Anti-CBDC Act – რომელიც ფედერალურ სარეზერვო ბანკს უკრძალავს უშუალო მომხმარებლისთვის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას), რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკის ტექნოლოგიური ლიდერობის კონსოლიდაციას მის წამყვან ფინანსურ ინდუსტრიაში, დოლარის როლის გაძლიერებას მსოფლიოში და აშშ-ის სავალო კრიზისის შემსუბუქებას. თუმცა, კანონმდებლების აღფრთოვანებული შეფასებების ფონზე, ექსპერტთა ნაწილი მთავრობას აფრთხილებს, რომ ცვლილებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას როგორც ფინანსურ სტაბილურობას, ისე ბანკებსა და თავად კრიპტოვალუტის საწყის იდეას მისი ანონიმურობისა და სისტემებისგან დამოუკიდებლობის პრინციპს.

თეთრმა სახლმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონმდებლობას უწოდა „ისტორიული აქტი, რომელიც საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს, უხელმძღვანელოს გლობალურ რევოლუციას ციფრული ვალუტების სფეროში, გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება და აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის სტატუსი“.

ტრამპმა პარასკევს, 18 ივლისს, GENIUS Act-ის საზეიმო ხელმოწერისთვის კრიპტოვალუტის ბაზრის ყველა მთავარი მოთამაშე შეკრიბა, შეაქო ისინი შეუპოვრობისთვის და მადლობა გადაუხადა საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებული შემოწირულებებისთვის.

„ამას გეტყვით: თქვენ, კრიპტოსაზოგადოებას, წლების განმავლობაში დაგცინოდნენ, თავიდან გიშორებდნენ და სერიოზულად არ აღგიქვამდნენ, – მიმართა მათ ტრამპმა, მაგრამ ეს ხელმოწერა თქვენი შრომისმოყვარეობის, თქვენი ნოვატორული სულისკვეთებისა და ბოლომდე ბრძოლისთვის თქვენი მზადყოფნის ჯილდოა“.

ტრამპმა სულ რაღაც ექვს თვეში შეასრულა საარჩევნო დაპირება, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, მჭიდროდ უკავშირდებოდა კრიპტოსექტორიდან მიღებული ათეულობით მილიონი დოლარის შემოწირულებებს.

საკანონმდებლო ჩარჩო სტეიბლკოინებისთვის და ფართო პერსპექტივა

კონგრესის მიერ მიღებული „ჯენიუს აქტი“ პირველად განსაზღვრავს საკანონმდებლო ჩარჩოს სტეიბლკოინებისთვის კრიპტოვალუტებისთვის, რომლებიც მკაცრად არის მიბმული 1:1 შეფარდებით საიმედო აქტივთან, როგორიცაა: დოლარი, ოქრო ან აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები. მას GENIUS Act-ი ეწოდება. ეს არის გრძელი სახელის (Guiding and Establishing National Innovation for U.S. Stablecoins Act) აბრევიატურა, რომელიც „გენიალურად“ ჟღერს.

ამ დროისთვის მსოფლიოში მხოლოდ 300 მილიარდამდე დოლარის ღირებულების სტეიბლკოინებია გამოშვებული, მაშინ როცა კრიპტოაქტივების მთლიანმა მოცულობამ უკვე 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

სტეიბლკოინები, როგორიცაა Circle-ის USDC და Tether-ის USDT, უკვე ათწლეულია, რაც მიმოქცევაშია, მაგრამ აქამდე მათ ვიწროდ სპეციალიზებული ფუნქცია ჰქონდათ, როგორც ერთგვარ შუამავლებს, გამტარებს ტრადიციულ ფულსა და კრიპტოვალუტას შორის. ისინი ნაღდ ფულზე დოლარზე იყიდება, რათა შემდეგ მათი საშუალებით კრიპტობირჟებზე შეიძინონ ბიტკოინები, სხვა კრიპტოვალუტები ან მემკოინები, რომლებსაც რეალური საბაზო ღირებულება არ გააჩნია – მათი ფასი ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრება.

სხვა სახის ანგარიშგებებში სტეიბლკოინი, პრაქტიკულად, არ გამოიყენებოდა. ახლა კი, ფაქტობრივი ლეგალიზაციის შემდეგ, შესაძლოა ის ტრადიციული ფულისა და გადახდის სისტემების სერიოზული კონკურენტი გახდეს.

GENIUS Act-ი გზას უხსნის მსხვილ ბანკებსა და ინტერნეტ გიგანტებს, როგორიცაა: Facebook, Amazon და Google გამოუშვან საკუთარი ციფრული დოლარი და მასობრივად გამოიყენონ მყისიერი და იაფი ფულადი გზავნილებისთვის და საქონლის, შრომისა და მომსახურების საფასურის გადასახდელად როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში.

ერთადერთი, ციფრული დოლარის გამოშვება მხოლოდ აშშ-ის ცენტრალურ ბანკს აუკრძალეს, რომელიც ქაღალდის და უნაღდო დოლარებს ბეჭდავს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა, ევროპა და ჩინეთი, ციფრული ევროსა და იუანისთვის ემზადება, კონგრესმა მიიღო ცალკე კანონი, რომელიც კრძალავს სახელმწიფო კრიპტოვალუტას და აფიქსირებს ციფრული ფულის კერძო ბუნებას. კონგრესმენები აცხადებენ, რომ ისინი ამერიკელებს იცავენ „დიდი ძმის“ ყოვლისმხედველი თვალისგან. კრიტიკოსები კი ეჭვობენ, რომ რეალურად ისინი თავიანთ კერძო სპონსორებს იცავენ ციფრული დოლარის ყველაზე სანდო პოტენციური ემიტენტის – აშშ-ის ხაზინის – კონკურენციისგან.

რას განსაზღვრავს GENIUS Act-ი?

კანონი აწესებს მკაცრ წესებს აშშ-ში სტეიბლკოინების გამოსაშვებად და მათი მიმოქცევის სამართავად. ძირითადი მუხლები შემდეგია:

  1. სრული უზრუნველყოფა სტეიბლკოინის მიმწოდებელი ვალდებულია, ცირკულაციაში მყოფი ყველა მონეტის დასაზღვევად იქონიოს აშშ დოლარი ან მოკლევადიანი სახაზინო ობლიგაციები.
  2. გამჭვირვალობა ყოველთვიურად უნდა ქვეყნდებოდეს ანგარიშგება რეზერვების სტრუქტურაზე.
  3. მომხმარებელთა დაცვა თუ მიმწოდებელი გაკოტრდება, სტეიბლკოინის მფლობელებს პრიორიტეტი ენიჭებათ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
  4. ფინანსური დანაშაულების საწინააღმდეგო ზომები (KYC/AML) მოთხოვნა მომხმარებლის იდენტიფიკაციაზე და სანქცირებულთა სიებთან შესაბამისობაზე.
  5. შეზღუდვები მარკეტინგში აკრძალულია ილუზიის შექმნა, თითქოს სტეიბლკოინს აშშ-ის მთავრობა ან გარანტი უჭერს მხარს.
  6. ზედამხედველობა ფედერალურ და შტატის დონეებზე ლიცენზირებაში ჩართულნი იქნებიან როგორც ფედერალური, ისე შტატის ორგანოები.
  7. ბიზნესს შეზღუდვა არ აქვს – კანონით დაშვებულია, რომ სტეიბლკოინები გამოუშვან არა მხოლოდ ფინანსურმა ინსტიტუტებმა, არამედ კერძო კომპანიებმაც.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

კრიპტოინდუსტრიის ლეგიტიმაცია

GENIUS Act-ი ისტორიულად მნიშვნელოვანი ეტაპია: აშშ პირველად ცნობს კრიპტოვალუტას, როგორც სამართლებრივად რეგულირებულ ფულად ინსტრუმენტს. ეს ზრდის კრიპტოს ენთუზიაზმს საბანკო სექტორსა და ფართო ეკონომიკაში.

აშშ დოლარის გლობალური სტატუსის გაძლიერება

რეზერვების მოთხოვნის შესაბამისად, სტეიბლკოინების მიმწოდებლები მასობრივად შეისყიდიან აშშ დოლარს და სახელმწიფო ობლიგაციებს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს დოლარის პოზიციებს საერთაშორისო დონეზე.

მომხმარებელთა დაცვა და გამჭვირვალობა

ახალი მოთხოვნები ამცირებს თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და კიბერდარღვევების რისკს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ სივრცეში.

ტრამპი და კერძო ციფრული დოლარი

დონალდ ტრამპი წარსულში კრიპტოვალუტას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ახლა ის „პროკრიპტო“ პრეზიდენტად წარმოაჩენს თავს. ბოლო თვეებში მან ამ მხრივ რამდენიმე სიმბოლური და პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა:

  • გამოსცა ბრძანება ეროვნული ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის შესახებ;
  • მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიამ გამოუშვა ორი ტოკენი $TRUMP და USD1, ეს მეორე სტეიბლკოინია;
  • საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ გახდება კრიპტო ზესახლმწიფო.

კრიტიკა და სკეპტიციზმი

კანონი ტრამპისთვის გამარჯვებაა, მაგრამ მან დაპირისპირებაც გამოიწვია:

  • სენატორმა ელიზაბეთ უორენმა და კონგრესის წევრმა მაქსინ უოტერსმა გააკრიტიკეს კანონი იმ საფუძვლით, რომ ის შეიძლება კერძო ფინანსური სარგებლის მომტანი იყოს ტრამპისა და მისი ოჯახთვის;
  • ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ Facebook-ს, Amazon-ს, Walmart-სა და სხვა გიგანტებს საკუთარი სტეიბლკოინების გამოშვების უფლება ექნებათ ;
  • რეგულაციაში არ არის ჩადებული მკაფიო მექანიზმი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

რას უნდა ველოდოთ?

  • მომდევნო 6 თვეში შესაბამისი ფედერალური ორგანოები (SEC, CFTC, აშშ-ის ხაზინა) წესდების დეტალებზე იმუშავებენ ;
  • ბანკები და ფინტექკომპანიები უკვე იწყებენ სტეიბლკოინის პროექტების დაგეგმვას;
  • ბაზრის რეაქცია პოზიტიური იყო: ბიტკოინის ფასი 120 000 დოლარს გადასცდა, ხოლო კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა.

GENIUS Act წარმოადგენს გარდამტეხ წერტილს აშშ-ის კრიპტოპოლიტიკაში კანონმდებლობას, რომელიც ცვლის თამაშის წესებს როგორც ამერიკაში, ისე გლობალურად. ეს ნიშნავს მკაცრ, მაგრამ მოქნილ რეგულაციებს, ახალ შესაძლებლობებს და ძლიერ, მაგრამ, ამავდროულად, წინააღმდეგობრივ დისკუსიას ციფრული დოლარის ბუნებაზე. ეს ერთი მხრივ, პოზიტიური იმპულსია სექტორისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, საფრთხის შემცველიც არის, თუ არ მოხდება მკაცრი ზედამხედველობა.

აშშ-მა უკვე გადააბიჯა ისტორიულ ზღვარს ციფრული დოლარის ეპოქა ოფიციალურად დაიწყო.

როგორც ტრამპი ამბობს: „… ეს შესაძლოა იყოს ინტერნეტის შემდეგ ფინანსური ტექნოლოგიების უდიდესი რევოლუცია“.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close