ელექტროენერგიის ტარიფები იზრდება – საბერძნეთში 1-ელი აგვისტოდან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდება

1-ელი აგვისტოდან საბერძნეთში ელექტროენერგიის ტარიფების მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ძალაში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება ΔΕΗ-ის (სახელმწიფო ელექტროკომპანია) ტრადიციულ „მწვანე“ ტარიფზე. როგორც ჩანს, ის ძველი, ხელსაყრელი ფასი ისტორიად იქცევა.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება – დაბალი ტარიფისთვის დაწესებული მოხმარების ლიმიტის მკვეთრი შემცირებაა. თუ აქამდე თვეში მოხმარებული პირველი 500 კვტ/სთ-ის საფასური სტანდარტული ტარიფით იანგარიშებოდა, აგვისტოდან ეს ლიმიტი 200 კვტ/სთ-მდე მცირდება. შედეგად, მხოლოდ ისინი შეძლებენ დაბალი ფასის შენარჩუნებას, ვინც დენს ძალიან ეკონომიურად ხარჯავს.
პირველი აგვისტოდან ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს, დაბალ ტარიფს შეინარჩუნებს, ხოლო ლიმიტის გადაჭარბება გაუძვირდებათ. იმ პირობებში, როდესაც საბერძნეთში ზაფხულში კონდიციონერის გარეშე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია, მომხმარებელთა უმეტესობას ლიმიტის გადაჭარბება მოუწევს. თანაც 200 კვტ/სთ-ის გადაჭარბებაზე მოქმედი ტარიფი დაახლოებით 50%-ით მაღალია.
ბონუსი დროულ გადახდაზე აპლიკაციით
ΔΕΗ-ი სტიმულს აძლევს მომხმარებლებს, რომლებიც დროულად იხდიან გადასახადებს აპლიკაცია myΔΕΗ-ის მეშვეობით – ასეთი გადახდისთვის 5%-იანი დამატებითი ფასდაკლება დაწესდა. ვინც დაგვიანებით იხდის, ან აპლიკაციას არ იყენებს, ბონუსს ვერ მიიღებს. ასე რომ, მოწესრიგებულები და ციფრული მომხმარებლები მოგებული რჩებიან, ხოლო სხვებს მეტის გადახდა მოუწევთ.
აბონენტებისთვის, რომლებმაც „ლურჯი“ ფიქსირებული ტარიფი აირჩიეს, ცვლილებები გაზაფხულიდან უკვე ძალაშია – მათი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 3.5 ევროდან 8 ევრომდე გაიზარდა. ფიქსირებული ტარიფი მომხმარებელს საბითუმო ბაზრის რყევებისგან იცავს, თუმცა ამ დაცვას ახლა უკვე საკმაოდ მაღალი ფასი აქვს.
„მწვანე“ ტარიფებმა ივლისში 15%-ით მოიმატა, თუმცა მათ ჯერ კიდევ ბევრი აბონენტი ირჩევს. მაგრამ ტენდენცია იცვლება: 2024 წელს საბერძნეთში 10 ოჯახიდან 7-მა ალტერნატიული ფიქსირებული ან კომბინირებული პაკეტების არჩევა სცადა საბითუმო ბაზრის რყევებისგან დასაცავად. და როგორც ჩანს, 1-ელი აგვისტოს ცვლილებები ამ ტენდენციას კიდევ უფრო გააძლიერებს. იაფი ლიმიტი შეზღუდულია, მისი გადაჭარბება კი ძვირია, რაც მომხმარებელს იძულებულს ხდის, კონკურენტების შეთავაზებებს მიმართოს. ასეთ გარემოში მოსახლეობისთვის ტარიფებზე მორგება კიდევ უფრო რთული გახდება.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები