ტანოს პლევრისი არალეგალურ იმიგრანტებზე: „კრეტაზე აუცილებლად გაიხსნება ბანაკი, შესაძლოა – ორი“

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე არალეგალური იმიგრანტებისთვის ახალი ბანაკების გახსნა კვლავ აქტუალური პოლიტიკური საკითხია. ქვეყნის მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა ტანოს პლევრისმა დაადასტურა, რომ კრეტაზე მინიმუმ ერთი ასეთი ობიექტი აუცილებლად გაიხსნება, განიხილება მეორე ბანაკის გახსნაც.
„კრეტაზე აუცილებლად შეიქმნება ბანაკი იმიგრანტებისთვის. ეს უკვე გადაწყვეტილია. ახლა კი განიხილება მეორე ბანაკის გახსნის შესაძლებლობაც“, – განაცხადა პლევრისმა ტელეკომპანია Skai-სთან ინტერვიუში.
„ეს არ იქნება სტრუქტურა, სადაც ბევრი ადამიანი მოგროვდება. ჩვენ გვჭირდება გამოუყენებელი სამხედრო ბანაკები, ეს არ არის საიდუმლო, რომელსაც ვმალავ, უახლოეს დღეებში ამის შესახებ ოფიციალურად განვაცხადებთ. განიხილება კასტელის ბანაკი. შესაძლოა თანდათან შეიქმნას მეორე სტრუქტურაც, უახლოეს დღეებში მზად ვიქნებით, მოგაწოდოთ ინფორმაცია“.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება უკავშირდება მიგრაციულ ზეწოლას, რომელსაც საბერძნეთი განიცდის, განსაკუთრებით კუნძულოვან რეგიონებში. ბოლო თვეებში ქვეყანამ საზღვრის კონტროლისა და თავშესაფრის სისტემის მართვის ზომები გააძლიერა, თუმცა ევროკავშირის მხარდაჭერის მიუხედავად მიგრანტების ნაკადი კვლავ მაღალი რჩება.
პლევრისის შეფასებით, კრეტაზე მიმდინარე პროცესები სტანდარტულ მიგრაციულ მოძრაობად ვერ ჩაითვლება: „მიგვაჩნია, რომ ის, რაც კრეტაზე ხდება, ჩვეულებრივი მიგრაციული ნაკადი არ არის. ბოლო დღეების განმავლობაში ნავებით ათასი ადამიანი ჩამოვიდა. თუ ასე გაგრძელდა, განსაკუთრებული სიტუაცია შეიქმნება, ამიტომაც ავირჩიეთ ევროსის მაგალითი – იგივე მოდელი, რაც მიგრანტების შეკავებისთვის იქ გამოიყენეს“, – აღნიშნა მან.
მინისტრმა ასევე დააკონკრეტა, რომ არალეგალურ იმიგრანტთა რაოდენობა გაცილებით აღემატება ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებელს: „20 ათასი ადამიანი იმყოფება შესაბამის სტრუქტურებში, თუმცა, ჩვენი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით მათი რიცხვი 100-იდან 150 ათასამდე მერყეობს. საბერძნეთის საზღვრები არ იქნება „ფილტრი“. სამ მილიონამდე ადამიანი, რომელიც საბერძნეთში ჩამოსვლას ელოდება, თუ ჩამოვიდა, ფაქტობრივად, მოსახლეობას შეცვლის“, – განაცხადა პლევრისმა.
კითხვას საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებებზე, თითქოს მიგრანტებს ეძლევათ თანხა და გამორჩეულ პირობებს უქმნიან, მინისტრმა მკაცრად უპასუხა: „ჩვენ ვატარებთ შეკავების პოლიტიკას და ამ საკითხს კომპლექსურად ვუდგებით. თავად ევროპაც გადახედავს იმ შეღავათებს, რომლებიც იმიგრანტებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ დიდ გათვლას ვაკეთებთ ნებაყოფლობით დაბრუნებაზე.
თუ ადამიანს აქვს ფული, რომელსაც სახელმწიფო აძლევს, რატომ უნდა წავიდეს?! ყოველ მეორე შემთხვევაში – დაახლოებით 48% – მიგრანტი არ აკმაყოფილებს თავშესაფრისთვის საჭირო კრიტერიუმებს. ჩვენ რა გვინდა – რომ იგი იყოს ასეთი სტატუსით: „აქ ვარ და ყველაფერი კარგად მაქვს“? – ჩვენ ვამბობთ: „ან ითანამშრომლებ დაბრუნებისთვის, ან წახვალ ციხეში ხუთი წლით“, – განაცხადა მინისტრმა.
პლევრისის მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის კრიტიკოსთა ნაწილი კი ახალ დახურული ტიპის ბანაკებს საკონცენტრაციო ბანაკს უწოდებს.
მისი თქმით, კრეტის ბანაკები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა და არ იქნება თავისუფლების შემზღუდველი დაწესებულება: „ეს არ იქნება ციხე, ეს იქნება თანამედროვე სივრცე, სადაც მიგრანტები იქნებიან იდენტიფიცირებულები და მათ, ვინც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს, ქვეყანას დაატოვებინებენ“, – განმარტა მინისტრმა.
კრეტის მოსახლეობაში კუნძულზე ბანაკ(ებ)ის გახსნისა და მიგრანტთა განთავსების შესახებ ინფორმაციას წინააღმდეგობა მოჰყვა. ადგილობრივები უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემების გამო შიშობენ, თუმცა, როგორც პლევრისი ამბობს, მთავრობა მზად არის დიალოგისთვის და ალტერნატიულ ადგილებსაც განიხილავს, რათა დაცული იყოს ბალანსი ეროვნულ ინტერესებსა და ადგილობრივი თემების მოთხოვნებს შორის.
ნინო ბაჯელიძე
დაკავშირებულ თემაზე: საბერძნეთის ახალი კანონი იმიგრაციის შესახებ – „ეს ფანჯარა სამუდამოდ იკეტება, არცერთი არალეგალის ლეგალიზაცია აღარ მოხდება“ (ვიდეო)
კომენტარები