
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 315.51 მლნ აშშ დოლარი (861.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.2%-ით მეტია 2024 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სებ-ის ცნობით, ფულადი გზავნილების 96.9% იმ 28 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.
ფულადი გზავნილების მაქსიმალური წილი – 44.4% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა (51.63 მლნ დოლარი) იტალიიდან გადმოირიცხა; შემდეგ მოდის გერმანია (27.23 მლნ დოლარი), მესამე პოზიციას კი საბერძნეთი იკავებს (25.68 მლნ დოლარი).
აშშ-იდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, აშშ-იდან ივნისში 58.75 მლნ დოლარი გადმოირიცხა; მეორე ადგილზე, ისევე როგორც მაისში, იტალიაა (16.37%), საიდანაც ივნისში 51.63 მლნ დოლარი შემოვიდა.
მესამე ადგილზეა რუსეთი (13.02%) 41.09 მლნ დოლარით, რაც წინა თვესთან შედარებით ნაკლებია – რუსეთიდან თანხის გადმორიცხვის კლების ტენდენცია გრძელდება. რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების წლიური კლება 15.9%-ს შეადგენს.
ფულადი გზავნილები ივნისში – ტოპ 10 ქვეყანა:
# | ქვეყანა | ჩარიცხული თანხის მოცულობა (მლნ აშშ დოლარი) | ჩარიცხული თანხის მოცულობის წლიური ზრდის ტემპი |
1 | აშშ | $59 მილიონი; | 23% |
2 | იტალია | $52 მილიონი; | 13% |
3 | რუსეთის ფედერაცია | $41 მილიონი; | -16% |
4 | გერმანია | $27 მილიონი; | 21% |
5 | საბერძნეთი | $26 მილიონი; | 18% |
6 | ისრაელი | $24 მილიონი; | 23% |
7 | ყირგიზეთი | $9 მილიონი; | 82% |
8 | თურქეთი | $9 მილიონი; | 13% |
9 | ესპანეთი | $8 მილიონი; | 37% |
10 | ყაზახეთი | $7 მილიონი; | -37% |
ნანა ძნელაძე
კომენტარები