მსოფლიოპოლიტიკა

შენგენის ზონის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ – იხურება თუ არა ევროპის ღია საზღვრების ეპოქა

2025 წლის ზაფხულში ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს – შენგენის ზონის თავისუფალ გადაადგილებას – სერიოზული საფრთხე დაემუქრა. რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ დროებით აღადგინა შიდა საზღვართა კონტროლი, რაც რიგ ანალიტიკოსს სულ უფრო აშკარა სიგნალად მიაჩნია: ევროკავშირის ერთიანობის სიმბოლოებს შერყევა დაეწყო. ამის შესახებ Deutsche Welle-მ წერს

შიდა საზღვრებზე კონტროლის აღდგენა: დროებითი ნაბიჯი თუ სისტემური გამოწვევა?

ივლისის დასაწყისში პოლონეთმა გერმანიასა და ლიტვასთან საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა – ეს უკვე კიდევ ერთი შემთხვევაა, როცა შენგენის წევრი ქვეყნები მსგავსი ნაბიჯით ეროვნული უსაფრთხოებისა და მიგრაციის მართვის საჭიროებას უსვამენ ხაზს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ღონისძიება დროებითია და მიზნად ისახავს უკანონო მიგრაციისა და ადამიანებით კონტრაბანდის აღკვეთას.

თუმცა ბრიუსელში ბევრს მიაჩნია, რომ მსგავსი ზომები მეტად პოლიტიკური მანევრია, ვიდრე რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი. როგორც ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბირტე ნიენაბერი აცხადებს, ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების პრინციპი თანდათანობით იშლება – პროცესში სულ უფრო მეტი ქვეყანა ერთვება.

„დომინოს ეფექტი“: კონტროლის ტალღა შენგენის შიგნით

გერმანიამ შიდა საზღვარზე შემოწმებები ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე გაააქტიურა. ფრანგებმა კონტროლი 2015 წლის ტერაქტების შემდეგ თითქმის შეუფერხებლად შეინარჩუნეს. ავსტრიამ, რომელიც 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს პირველად დაიწყო შიდა საზღვრის შემოწმება, დღემდე ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახანგრძლივებს ამ ზომებს. 2023 წელს შენგენის ზონაში გაწევრიანებულ ხორვატიას უახლოესი მეზობელი – სლოვენია უკვე შემოწმებებს უწესებს.

ოფიციალურად, შენგენის წესების მიხედვით, შიდა საზღვარზე კონტროლი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაშია დაშვებული და ისიც დროებით. თუმცა პროფესორ ნიენაბერის შეფასებით, ეს უფრო სიმბოლური ნაბიჯებია, რომლებიც მიგრაციის კონტროლის კუთხით, ფაქტობრივად, უძლურია. უკიდურესი მემარჯვენე ძალების გაძლიერების ფონზე კი ცენტრისტული პარტიებიც იძულებულნი ხდებიან, „სიმკაცრე“ გამოიჩინონ – თუნდაც რეალური შედეგის გარეშე.

მიგრაციის შემაკავებელი მექანიზმი – რეალობა თუ ილუზია?

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, გაზაფხულის განმავლობაში 160 თავშესაფრის მოთხოვნა იქნა უარყოფილი, რაც უმნიშვნელო მაჩვენებელი საერთო მიგრაციულ ნაკადთან შედარებით. პოლონური მედიის ცნობით, მაისიდან ივნისამდე გერმანიამ დაახლოებით 1000 მიგრანტი დააბრუნა პოლონეთში – ეს რიცხვი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკისგან.

როგორც ექსპერტები ამბობენ, კონტრაბანდისტებმა და უკანონო გზით მიგრაციის მსურველებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა აუარონ გვერდი ბლოკპოსტებს. ასე რომ, ეს უფრო საზოგადოების დასამშვიდებლად მიღებული ნაბიჯებია და არა – რეალური კონტროლი.

ეკონომიკური ფასის ზრდა: ზარალს განიცდის ბიზნესი და რეგიონის მოსახლეობა 

საზღვრის აღდგენამ უარყოფითი შედეგები უკვე მოიტანა რეგიონებში, სადაც მოსახლეობა აქტიურად გადაადგილდება ყოველდღიურად სამუშაოდ, განათლებისთვის ან ვაჭრობის მიზნით. ევროპარლამენტის კვლევამ დაადგინა, რომ შენგენის შიდა საზღვრებზე კონტროლის ხელახლა შემოღება დროის მნიშვნელოვან დანაკარგს იწვევს: 10-20 წუთი – მსუბუქი ავტომობილებისთვის, 30-60 წუთი – სატვირთო მანქანებისთვის. ეს კი ტრანსპორტის სექტორს დაახლოებით 320 მილიონი ევრო უჯდება. დაახლოებით იმავე მონაცემს ავრცელებს ბულგარეთის ლოგისტიკური ასოციაციაც – მათი შეფასებით, შენელებული ტრაფიკი ლოგისტიკურ სექტორს 300 მილიონი ევრო უჯდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ სატრანსპორტო შეფერხების ზარალის ფასია და ფართო ეკონომიკურ შედეგებს არ ითვალისწინებს.

შენგენში ახლად გაწევრიანებული ბულგარეთი და რუმინეთი უკვე ხედავენ გაძლიერებული თანამშრომლობის სარგებელს – წელს მათ შორის ტრაფიკი 25%-ით გაიზარდა. შიდა საზღვრებზე კონტროლის დაბრუნება ამ წინსვლას საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად დაწესებული შეზღუდვებისა, პრობლემები სულ უფრო ღრმავდება…

საკანონმდებლო სარჩული და ევროკომისიის დილემა

შენგენის ხელშეკრულება შიდა კონტროლის დაწესებას მხოლოდ ექვსთვიანი ვადით უშვებს, თუმცა საფრანგეთმა ეს წესი თითქმის ათი წელია დაარღვია. ახლა ამ გზას უკვე გერმანია, დანია, შვედეთი და ავსტრიაც გაჰყვნენ. როგორც ბრიუსელში აცხადებენ, ევროკომისიას აკრიტიკებენ ზედამხედველობის სისუსტისთვის – მკაცრი რეაგირების გარეშე ეჭვქვეშ დგება არა მხოლოდ შეთანხმება, არამედ მისი შესრულების გარანტიებიც.

შენგენის გადასარჩენად საჭირო ზომები

ევროკომისია ამ ეტაპზე ორი ციფრული სისტემის დანერგვაზე მუშაობს – ESS-ის (შესვლის/გამოსვლის სისტემა) და ETIAS-ის (ელექტრონული ვიზების ნებართვების სისტემა), რათა შენგენის სივრცეში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ნაკადების უკეთ კონტროლი მოხდეს. მიზანი – შიდა საზღვრის შემოწმებების საჭიროება შემცირდეს.

თუმცა ექსპერტი დავიდე კოლომბი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ტექნიკური ზომები საკმარისი არ იქნება. მისი თქმით, აუცილებელია პოლიტიკური ნების და წევრი სახელმწიფოების ურთიერთნდობის აღდგენა. სხვაგვარად შიდა საზღვრის კონტროლის მუდმივი დანერგვა შლის იმ იდეას, რომელიც შენგენის ზონის არსს წარმოადგენდა.

რა ემუქრება ევროპას?

თუ კონტროლის აღდგენა სისტემურ სახეს მიიღებს, ეს არა მარტო ეკონომიკური ზარალის მომტანი იქნება – საქონლის გადაადგილებას მეტი დრო დასჭირდება, გაიზრდება ფასები, შემცირდება მომსახურების ხელმისაწვდომობა და ხალხის მობილობა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება დაიკარგოს, არის ევროპის, როგორც ერთიან ღია სივრცეზე დაფუძნებული პროექტის, იდეა.

ამიტომაც, როგორც კოლომბი და ნიენაბერი გვაფრთხილებენ, ევროპელმა ლიდერებმა ისევ უნდა განამტკიცონ შენგენის იდეა – თავისუფალი მოძრაობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სიმულაციისა და პოპულისტური ჟესტების მსხვერპლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაპოვარი შესაძლოა მხოლოდ წარსულის მოგონებად იქცეს.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: „ჭკვიანი“ საზღვრები – ვის ეხება და რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლის ახალი წესები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close