ქართველი ექიმის ემიგრაციაში ახდენილი ოცნება – საკუთარი კლინიკა 20 წლის შემდეგ

რა სიმტკიცე და გამბედაობა სჭირდება ახალგაზრდა დედას, რომ ერთ მშვენიერ (თუ საბედისწერო) დღეს ადგეს და სრულიად უცხო ქვეყანაში წავიდეს მცირეწლოვან შვილებთან ერთად – ქვეყანაში, სადაც არავინ ელოდება და არც არავის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს; ახალი ცხოვრება მარტომ უნდა დაიწყოს, მხოლოდ საკუთარი თავის და ღმერთის იმედად და ყველა დედისთვის სანუკვარ მიზანს მიაღწიოს: შვილებს კარგი მომავალი შეუქმნას!
„ბნელ 90-იანებად“ მონათლული დრო, 1995 წელი… სრულიად ახალგაზრდა ექიმი – სტომატოლოგი ნონა ბასიაშვილი გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო უმუშევარი რჩება… მარტოხელა დედისთვის მომავალი ძალიან ბუნდოვანი ჩანს და იგი იძულებული ხდება, მძიმე გადაწყვეტილება მიიღოს – სამშობლო დატოვოს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად და უცხოეთში ეძიოს უკეთესი ცხოვრება…
სამი ათეული წლის შემდეგ ქალბატონი ნონა ბასიაშვილი-ბოიმერი ჩვენთან ინტერვიუში თავის ამ ნაბიჯს სწორს უწოდებს – მას ნამდვილად შეუძლია თქვას, რომ მრავალი სიძნელის, პრობლემისა თუ ბარიერის მიუხედავად გაიმარჯვა და მიზანს მიაღწია, ოცნებაც აიხდინა და შვილებიც გზაზე დააყენა…
უფრო კონკრეტულად მისი ემიგრანტული ცხოვრების დეტალებზე, გამოწვევებსა და წარმატებებზე ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც ქალბატონი ნონას თბილისში ბოლო ვიზიტის დროს ჩაიწერა.
ქალბატონო ნონა, უკვე 30 წელია, რაც საქართველოდან წახვედით, ფაქტობრივად, ნახევარი ცხოვრება ემიგრაციაში, გერმანიაში გაატარეთ და ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიეთ. ცხადია, დასაწყისი რთული იქნებოდა, როგორც ემიგრანტთა უმეტესობის შემთხვევაში და ამაზეც ვისაუბრებთ, თუმცა მინდა, რომ ინტერვიუ კარგი ამბით დავიწყოთ: თქვენი დიდი ხნის ოცნება აისრულეთ – საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა გახსენით…
დიახ, საკუთარი კლინიკის გახსნა იყო ჩემი ოცნება მას შემდეგ, რაც გერმანიაში მუშაობის უფლება მივიღე. ოცი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ოცნება ამეხდინა. 2022 წელს დავიწყეთ მშენებლობა და 2 წელიწადში დავასრულეთ – უფრო ადრეც გვინდოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ შეგვიშალა ხელი; შარშან, 2024 წლის აგვისტოში ახალი საცხოვრებელი სახლი ავიშენეთ და კლინიკაც ამავე შენობაში გავხსენი, პირველ სართულზე. ადრე, ბავშვები პატარები რომ იყვნენ, მინდოდა, სახლთან ახლოს მქონოდა სამსახური, ახლა ბიჭები უკვე დიდები არიან, მაგრამ მაინც კარგია, რომ აღარ მიწევს 10-12 კილომეტრზე მანქანით სიარული.
2014 წელს ვიყიდე მიწის ნაკვეთი ძველი სახლით. მაშინ არ გვქონდა საშუალება, რომ ახალი აგვეშენებინა, ამიტომ შიგნიდან კარგად გავარემონტეთ, გარედან დავტოვეთ, როგორც იყო. ამასობაში ჩემი შვილებიც წამოიზარდნენ, ისწავლეს, მუშაობა დაიწყეს და უკვე გაგვიჩნდა შესაძლებლობა, რომ ახალი სახლი აგვეშენებინა და ახალი კლინიკა გაგვეხსნა…
სახელმწიფო დაგეხმარათ მშენებლობაში?
დიახ, კრედიტი ავიღეთ, დაზღვევები გამაკეთებინეს, რომ, დავუშვათ, ვერ განხორციელებულიყო წარმატებით ჩემი პროექტი, ეს დაზღვევები დაფარავდა ხარჯებს. ისე ტყუილად არავინ არაფერს მოგცემს, მაგრამ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი შევძელით.
ალბათ თქვენი პაციენტებიც კმაყოფილები არიან…
დიახ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახალი გვაქვს – ახალგარემონტებული თანამედროვე შენობა, ახალი დანადგარები, საუკეთესო გარემო… ყველას უხარია, თანამშრომლებსაც და პაციენტებსაც, რომ მოდიან, გვეუბნებიან, რა ლამაზი კლინიკა ააშენეთო.
რომელ ქალაქში ცხოვრობთ?
ბად-ესენში (ქვემო საქსონიის მიწა, დედაქალაქი – ჰანოვერი). ძალიან ლამაზი, წყნარი, მშვიდი, გემრიელი პატარა საკურორტო ქალაქია მინერალური წყლებით. ბევრი დამსვენებელი ჩამოდის. 16-17 ათასია მოსახლეობა ქალაქში და მის მიმდებარე სოფლებში მთლიანად.
თქვენს კლინიკაში რამდენი კაცია დასაქმებული?
ექიმი მარტო მე ვარ ჯერჯერობით, მაგრამ გეგმაში მაქვს, ავიყვანო კოლეგები, რადგან უკვე მინდა, მე ნაკლები ვიმუშაო და საქმე ნელ-ნელა ახალგაზრდებს გადავაბარო. 5 დამხმარე გვყავს, ერთი კბილის ტექნიკოსი და ერთი დამლაგებელი. გვაქვს 3 სავარძელი, საკუთარი სატექნიკო ლაბორატორია და კიდევ 3 სხვა კბილის სატექნიკო ლაბორატორიასთან ვთანამშრომლობთ. ყველანაირ მომსახურებას ვუწევთ ჩვენს პაციენტებს, იქნება ეს თერაპიული სამუშაო, ქირურგიული, იმპლანტირება, პატარა ოპერაციებიც, რაც შეიძლება ჩვენს კლინიკაში გაკეთდეს და ყველანაირი პროთეზირება, რაც არსებობს…
თქვენს კლინიკაში მოსწავლეები, ასისტენტები აგყავთ ხოლმე?
კი, მოსწავლეებიც მყავს, ასისტენტებს ვაძლევთ განათლების საშუალებას. სხვათა შორის, სიგელიც დავიმსახურეთ, როგორც კარგმა საგანმანათლებლო კლინიკამ – ჩემი მოსწავლეები უმაღლეს შეფასებებს იღებენ ხოლმე გამოცდებზე.
ჩემი თანამშრომლები კეთილსინდისიერად მუშაობენ, მეგობრულები და კეთილგანწყობილები არიან პაციენტების მიმართ.
ხშირად გამოწმებენ ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურები?
ბოლოს 2025 წლის დასაწყისში შეგვამოწმეს და საუკეთესო შეფასება მივიღეთ.
ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, თუმცა სანამ აქამდე მოხვიდოდით, ემიგრაციის გრძელი და რთული გზა გაიარეთ. როგორ დაიწყო ეს გზა, როდის წახვედით და რატომ მიიღეთ საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება?
1995 წელს წავედი ჯერ ბელგიაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი გერმანიაში გადავედი.
სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ კლინიკაში, აღმაშენებელზე (მაშინდელ პლეხანოვზე). 1995 წლის 3 იანვარს ჩამოინგრა ჩვენი კლინიკის შენობა და დავრჩი უმუშევარი, 2 მცირეწლოვანი შვილით. თან 1995 წელს ჩემი მეუღლე რუსეთში წავიდა და აღარ დაბრუნდა. მამა ადრე გარდამეცვალა, მყავდა მოხუცი დედა და ავადმყოფი ძმა… მოკლედ, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი…
ერთი ჩემი მეგობარი ხშირად დადიოდა გერმანიაში, მისი დახმარებით მოვაგვარე საბუთების საქმე და ჩემს შვილებთან ერთად გავემგზავრე საქართველოდან.
ასე დაიწყო ის რთული გზა, რომელიც გავიარე, სანამ ფეხზე მყარად დავდგებოდი და აქამდე მოვიდოდი. იყო უძილო ღამეები, სტრესი, დეპრესია, შიში…
ბავშვებიც თავიდანვე წაიყვანეთ? რამდენი წლისები იყვნენ?
უმცროსი, ლევანი იყო 2,5 წლის, უფროსი, დავითი – 5,5-ის.
ჯერ ბელგიაში ჩავედი, ბელგიიდან კი რამდენიმე თვეში გადმოვედით გერმანიაში. როგორც ბელგიაში, ისე გერმანიაში, რა თქმა უნდა, თავიდან არ მქონდა ჩემი პროფესიით მუშაობის უფლება.
მხოლოდ მას შემდეგ მომეცა პროფესიული განვითარების და მუშაობის საშუალება, რაც გერმანიის მოქალაქეზე დავქორწინდი 1998 წელს. დავიწყე მზადება, ჯერ ასისტენტად ვმუშაობდი 3 წლის მანძილზე, ამასობაში ჩავაბარე გამოცდები, მოქალაქეობამაც „მომისწრო“ – მოქალაქეობის გარეშე დამოუკიდებლად კლინიკას ვერ ვუხელმძღვანელებდი. 2004 წლის ივლისში უკვე დავიწყე ჩემს საკუთარ კლინიკაში მუშაობა.
ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არ ჩამოსულხართ?
1998 წელს, სანამ ხელს მოვაწერდით, 3 კვირით ვიყავი ჩამოსული. ჩემმა მეუღლემ თვითონ მითხრა, ამდენი ხანია, არ გინახავს შენი სამშობლო, ჯობია წახვიდე, მოინახულო და მერე ჩამოხვიდეო. გერმანიიდან რომ ჩამოვედი საქართველოში, უკან დასაბრუნებლად მოწვევა უკვე ხელში მქონდა.
1998 წლის აგვისტოში მოვაწერეთ ხელი. ჩემი მეუღლე მშენებელი იყო, ბოლოს უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა. სამწუხაროდ, 8 წლის წინ გარდაიცვალა.
1999 წელს დავიწყე მუშაობა ექიმის ასისტენტად, რადგან ამ სტაჟის გარეშე არ მქონდა უფლება, რომ გამოცდა ჩამებარებინა. თავიდან ვნერვიულობდი, მეგონა, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, მთავარია მონდომება. ასისტენტობის პერიოდში რამდენიმე კლინიკაში მომიწია მუშაობა და საკმაო გამოცდილება მივიღე, გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე.
ენის მხრივ არ გაგიჭირდათ? თუ იცოდით გერმანული?
საქართველოდან რომ წავედი, ინგლისური ვიცოდი კარგად, გერმანული – არა. საერთოდ, ენების სწავლისკენ მიდრეკილება მაქვს. ბელგიაში ყოფნისას ცოტა ფრანგული ვისწავლე და მერე გერმანიაშიც ადვილად ავითვისე გერმანული ენა.
მუშაობის დაწყებამდე ენის გამოცდა ჩააბარეთ?
არა, მაშინ არ იყო ეს მოთხოვნა. ექიმმა, რომელთანაც პირველად დავიწყე ასისტენტად მუშაობა, დამიდასტურა, რომ გერმანული ვიცოდი და მომცეს ჩემი პროფესიით მუშაობის უფლება.
მოკლედ, გავიარე ასისტენტობის პერიოდი, ჩავაბარე გამოცდები და მალე გადავიბარე კლინიკა ჩემი ასაკოვანი კოლეგისგან, რომელსაც პენსიაზე უნდოდა გასვლა. 2004 წლის 30 ივნისს მან დაამთავრა მუშაობა და 1-ელ ივლისს მე გადავიბარე კლინიკა ისე, რომ ერთი დღეც არ დაკეტილა. დღეს ჩემი კლინიკა ერთ-ერთი წარმატებულია ჩვენს რეგიონში.
როგორ ფიქრობთ, რა არის ამ წარმატების მთავარი საფუძველი?
პროფესიონალიზმი და წესიერება ფასდება ყველგან… წესიერება, პატიოსნება, სიტყვის პატრონობა, ქველმოქმედება… ქედმაღლობა და ზემოდან ყურება არსად არავის მოსწონს. მე ძალიან ადამიანურად ვუდგები პაციენტებს, კეთილგანწყობით… რადგან, ზოგადად, სტომატოლოგების მიმართ პაციენტებს შიში აქვთ, ამ პრობლემის დასაძლევად ფსიქოლოგიური ცოდნაც შევიძინე, ჰიპნოზის კურსი გავიარე და სერტიფიკატიც ავიღე.
ექიმის მიდგომა პაციენტებთან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სტომატოლოგების შემთხვევაში. მთავარი რა არის ამ ურთიერთობაში?
არასოდეს ვაძალებ პაციენტებს არაფერს, მით უმეტეს, ბავშვებს, ამიტომ პატარებიც დიდი სიხარულით მოდიან ჩვენთან, წასვლა აღარ უნდათ ხოლმე… 80 წლის ადამიანებს რომ ვეკითხები, ახლა, ამ ასაკში რატომ ეშინიათ კიდევ სტომატოლოგის, ბავშვობისდროინდელი ტრავმების შესახებ მიყვებიან. მთავარი კიდევ ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, კმაყოფილებას მანიჭებს, იმიტომ რომ ღიმილს ვუბრუნებ ადამიანებს.
რაიმე დასამახსოვრებელ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით თქვენი პრაქტიკიდან?
პირველად რომ გადავიბარე კლინიკა, მოვიდა ერთი მოხუცი კაცი, პროთეზის შეკეთება სჭირდებოდა. აქცენტზე შემატყო, რომ გერმანელი არ ვიყავი და მკითხა, საიდან ხართო? რომ ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი, შევარდნაძის ქვეყნიდანო? კარგი სიტუაციაა თქვენთანო? ჩემს ქვეყანაში კარგი სიტუაცია რომ ყოფილიყო, აქ რა მინდოდა, აქ ხომ არ ვიქნებოდი-მეთქი. რას ამბობთო, მითხრა, მთელი ცხოვრება თქვენ გელოდითო!
როგორ პოეტურად უთქვამს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენ აღმოჩნდით მისთვის ყველაზე უკეთესი სპეციალისტი…
ერთი პაციენტი მყავდა კიდევ, 90-ს გადაცილებული, რომ გაიგო, საქართველოდან ვარ, მითხრა, მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიაში ვიბრძოდი, მაშინ 17 წლის ვიყავიო. ვიცოდით, რომ კავკასიის მთების იქით იყო სამოთხე – საქართველო, სადაც ბევრია ყურძენი, ატამი, საზამთრო და სხვა ხილი. ისეთი გასავათებულები და მშივრები ვიყავით, ერთი სული გვქონდა, საქართველოში შემოვსულიყავით, მაგრამ ვერ შემოვედითო.
თქვენს შვილებზეც მოგვიყევით, როგორ შეეგუვნენ თავიდან ახალ გარემოს, როგორ დაძლიეს პრობლემები?
დედა გვერდით ჰყავდათ და არ გაუჭირდათ, ენაც მალე ისწავლეს – ბელგიაში ფრანგულ ბაღში დადიოდნენ და ფრანგულად დაიწყეს ლაპარაკი, გერმანიაში რომ ჩამოვედით, გერმანულადაც მალე ალაპარაკდნენ. ერთად ვიყავით და ადვილად შეეგუვნენ უცხო ქვეყანას. საერთოდ, ძალიან ჭკვიანი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ…
ახლა რამდენი წლისები არიან?
უფროსი, დავითი 36-ის არის, უმცროსი, ლევანი – 32-ის.
უმცროსი შარშან დაოჯახდა, მისი მეუღლეც კბილის ტექნიკოსია, ერთად მუშაობდნენ და იქ გაიცნეს ერთმანეთი, მერე ჩემმა რძალმა ჰომეოპათიაც ისწავლა.
ქორწილი გერმანიაშიც გადავიხადეთ და საქართველოშიც. უფროსს, დავითს ჰყავს 10 წლის ბიჭი მეგობარ გოგოსთან ერთად, რომელთანაც ახლა აღარ ცხოვრობს. ჯონი ჰქვია.
თქვენმა შვილებმა ქართული კარგად იციან?
კი, საკმაოდ. აი, ჟორჟ მიქაუტაძე რომ ლაპარაკობს, ისე ლაპარაკობენ (იცინის).

შვილიშვილმა?
ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვასწავლე.
საქართველოში რომ ჩამოიყვანთ ცოტა დიდი ხნით, აქ ისწავლის ალბათ თანატოლ ნათესავებთან ურთიერთობისას…
მთავარია სურვილი ჰქონდეს.
თქვენმა შვილებმა რა პროფესია აირჩიეს?
ორივემ კბილის ტექნიკოსობა ისწავლა. დავითი ჩემთან მუშაობს, ლევანმა ორთოდონტთან იმუშავა დიდხანს, პარალელურად ჩემთანაც მუშაობდა. ლევანი არის ძალიან მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბევრ რამეს აკეთებს ერთდროულად. კბილის ტექნიკოსობის გარდა ეკონომიკური განათლებაც მიიღო და თავისი ფირმა დააფუძნა. ჩემთანაც მუშაობს მენეჯერად, ამავე დროს, არის კბილის იმპლანტების ერთ-ერთი ცნობილი გერმანული ფირმის წარმომადგენელი. ჩვენი სახლის მშენებლობასაც ლევანი უძღვებოდა. ძალიან ჭკვიანი, მშრომელი და მიზანდასახულია. დავითი ძალიან კარგი სპეციალისტია, მაღალი დონის პროფესიონალი, მხარში მიდგას და ზურგს მიმაგრებს, მეხმარება თითქმის ყველა საქმეში, თან კარგი მეგობრებიც ვართ.
სად ცხოვრობენ ახალდაქორწინებულები?
ბად-ესენში ცხოვრობენ, ჩვენი სახლიდან კილომეტრ-ნახევარში.
როგორც ვიცი, ქველმოქმედებასაც ხშირად ეწევით, ეხმარებით თანამემამულეებს…
ერთი ახალგაზრდა ქართველი გოგო ხელმძღვანელობდა საქველმოქმედო ჯგუფს, რომელშიც მეც ვიყავი ჩართული. საქართველოში ვეძებდით ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ და ვეხმარებოდით. ჩემი ინიციატივით, მაგალითად, ერთ-ერთ ხანდაზმულ ქალბატონს ოპერაციის თანხა დავუფინანსეთ, აგრეთვე, ერთი წელი ყოველთვიურად ვურიცხავდით „პენსიას“.

საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?
ისე ხშირად ვერა, როგორც სურვილი მაქვს, სამსახურისა და უდროობის გამო, მაგრამ კავშირებს არ ვკარგავ – ნათესავების გარდა ბევრი მეგობარი მყავს, კლასელები, თანაკურსელები… წელს წინასააღდგომოდ რომ ვიყავი ჩამოსული, ჩემი დაბადების დღე დაემთხვა და მეგობრები დავპატიჟე. 9 დღე ვიყავი და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი მეგობრებს. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ისევ ვაპირებ ჩამოსვლას.
გერმანიაში არსებულ სიტუაციაზეც მინდა გკითხოთ: კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და უკრაინაში ომის დაწყებიდან საგრძნობლად შეიცვალა სიტუაცია საქართველოში, გერმანიაში რა ხდება?
მე გეტყვით, რაც ხდება სამედიცინო სისტემაში მუშახელთან დაკავშირებით: ძალიან შეიცვალა სურათი პანდემიის გამო. სამედიცინო მუშაკების დიდმა ნაწილმა პანდემიის დროს სხვა სფეროში დაიწყო მუშაობა, რის გამოც უამრავმა კლინიკამ ბევრი პრაქტიკოსი სპეციალისტი დაკარგა. ამიტომ ახლა პერსონალის დიდი დეფიციტია, მათ შორის, ჩვენს სფეროშიც.
ქალბატონო ნონა, ახლა რომ იყოს 1995 წელი და იცოდეთ ეს ყველაფერი, რაც მოხდებოდა შემდეგ, მიიღებდით იმავე გადაწყვეტილებას?
კი, აუცილებლად! მართალია ბევრი წვალება გამოვიარე, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირდა, რადგან ჩემი შვილები გაიზარდნენ მშვიდ გარემოში, დედის გვერდით; მათი მამა საქართველოში არ იყო და მე მარტოს ძალიან გამიჭირდებოდა მაშინდელ პირობებში 2 ბავშვის აღზრდა… ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. მართალია, ეს ყველაფერი ადვილი არ იყო, მაგრამ უშრომლად და მარტივად არაფერი მოდის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილები კარგები, წესიერები, მშრომელები გაიზარდნენ, უყვართ მშობელი და უყვართ საქართველო…
თქვენ ძალიან ადრე წახვედით, თქვენ შემდეგ ათიათასობით ქართველი წავიდა ემიგრაციაში, უამრავმა ქალმა, დედამ იტვირთა ეს მძიმე მისია ოჯახის, შვილების გამო; უმეტესობამ ვერ შეძლო, შვილებიც თან წაეყვანა, თავისი პროფესია შეენარჩუნებინა, სამწუხაროდ. ემიგრაციის ტალღა ჯერაც არ დამცხრალა… თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ეტყოდით ემიგრანტებს, განსაკუთრებით – ახლებს, ვინც ცოტა ხნის წინ დაადგა ამ გზას?
ძნელია მართებული რჩევა მისცე უცხო ადამიანს, რომლის სიტუაციასაც არ იცნობ. ყველამ უკეთესად იცის საკუთარი პრობლემის გადაჭრის გზა, ისე კი ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ქართველს საქართველო არ უფრთხილდება და მის მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლა უხდებათ არსებობისთვის. დღეს ხომ 90-იანი წლები აღარ არის! კარგი იქნება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის სამშობლოში შეეძლოს საკუთარი შვილების აღზრდა და სახელმწიფოს შეეძლოს თავისი ემიგრანტების დაბრუნება, როგორც ეს გააკეთა გერმანიამ 80-იან წლებში.
დიდი მადლობა, რომ ჩემი ცხოვრებით, ჩემი ისტორიით დაინტერესდით!
მადლობა თქვენ, რომ დრო დაგვითმეთ და თქვენი ცხოვრების ამბები გაგვიზიარეთ. კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ!
ნინო ლურსმანაშვილი
კომენტარები