
საფრანგეთში მუსიკალური ფესტივალის – Fête de la Musique („მუსიკის დღესასწაული“) მიმდინარეობის დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1500 ადამიანი დაშავდა, 382 ადამიანი დააკავეს – რამდენჯერმე მეტი, ვიდრე გასულ წელს.
მასობრივი ღონისძიებების დროს ძალადობრივი ინციდენტები უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა – ამ შემთხვევაში, ყოველწლიური ქუჩის მუსიკის ფესტივალის დროს, გასაოცარი ისაა, რომ უცნობი ბოროტმოქმედები, სულ ცოტა, 145 ქალს შპრიცებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ tf1info.fr იტყობინება.
ფესტივალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოწოდებები ფესტივალის დროს ქალებს თავს დასხმოდნენ შპრიცებით. ღონისძიების შემდეგ 145 მსხვერპლმა პოლიციას შეატყობინა, რომ მათ ნემსები გაუკეთეს. 13 შემთხვევა პარიზში დაფიქსირდა, დანარჩენი კი – სხვა ქალაქებში. დაზარალებულები ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათ გულისრევის შეგრძნება ჰქონდათ. არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნივთიერება შეუყვანეს თავდასხმის მსხვერპლ ქალებს ორგანიზმში.
ზოგიერთი მსხვერპლი ტოქსიკოლოგიური ტესტირებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ თავდამსხმელებმა გოგონებს შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერებები და საძილე საშუალებები გაუკეთეს. ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომლის პასუხსაც გამოძიება ელოდება.
ფესტივალზე შეიარაღებული თავდასხმის რამდენიმე შემთხვევაც მოხდა. პარიზში 15 წლის გოგონა და 18 წლის ბიჭი დაჭრეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 ადამიანს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ხოლო სულ მცირე, 50-ს – საშუალო ან მსუბუქი. დაშავდა, ასევე, ცამეტი პოლიციელი.
საფრანგეთის მასშტაბით ქალებზე შპრიცებით თავდასხმებში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავეს, რამდენიმე მათგანი – დანაშაულის ადგილზე. ზოგიერთმა, როგორც ამბობენ, აღიარა დანაშაულის ფაქტი, სულ მცირე, ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ ის აჰყვა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მოწოდებას, ქალებისთვის ფესტივალის დროს ნემსი გაეკეთებინათ. თუმცა ვინ არის (არიან) სოციალურ მედიაში ამ მოწოდებების ავტორი(ები), ჯერჯერობით უცნობია.
მათ გარდა, ფესტივალის დროს სხვადასხვა ბრალდებით 370-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 90-მდე ეჭვმიტანილი – პარიზში.
მანანა ბანძელაძე
p. s. ცნობისათვის, ეს ფენომენი ახალი არ არის, ის პირველად 2021 წელს დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში და 2022 წელს – საფრანგეთში.
კომენტარები