იტალია: შეიცვალა დახმარების გაცემის წესი იმ დასაქმებული დედებისთვის, რომლებსაც ორი ან მეტი შვილი ჰყავთ
ახლა ეს დახმარება ერთჯერადი იქნება, 480 ევროს ოდენობით

მთავრობამ ოფიციალურად შეცვალა ეკონომიკური დახმარების მექანიზმი იმ დასაქმებული დედებისთვის, რომელთა კმაყოფაზეც ორი ან მეტი შვილია. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
თუ ადრე ეს დახმარება გამოიხატებოდა სადაზღვევო შენატანების შემცირებით, ახლა ის გაიცემა ერთჯერადი ბონუსის სახით – 480 ევროს ოდენობით, რომელიც დედებს წლის ბოლოს, დეკემბერში ჩაერიცხებათ.
ამის შესახებ შრომის მინისტრმა მარინა ელვირა კალდერონემ განაცხადა მინისტრთა საბჭოს 20 ივნისის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ამ ღონისძიებისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი გაიზარდა და 480 მილიონ ევროს მიაღწია: მანამდე დაგეგმილ 300 მილიონს კიდევ 180 მილიონი დაემატა.
როგორ იმუშავებს ეს სქემა?
ბონუსი 2025 წლისთვის თვეში 40 ევროს ტოლფასია, თუმცა იგი ერთიანად, ერთჯერადად დეკემბერში ჩაირიცხება. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ეს თანხა სრულადაა გათავისუფლებული სოციალური და საპენსიო შენატანებისგან, ანუ სრულად „სუფთა” თანხა დაირიცხება პირად ანგარიშზე, ყოველგვარი დაქვითვების გარეშე.
შეიცვალა განაცხადის წარდგენის პროცედურაც:
ახლა ის ბენეფიციარმა პირადად პირდაპირ INPS-ს (იტალიის სოციალური უზრუნველყოფის ეროვნული ინსტიტუტი) უნდა წარუდგინოს და არა დამსაქმებლის მეშვეობით. ბონუსის მისაღებად მაქსიმალური შემოსავალი განსაზღვრულია 40 ათასი ევროს ოდენობით (ISEE-ს მიხედვით). შეღავათი კვლავ ვრცელდება იმ დედებზე, რომელთა უმცროსი შვილს ჯერ 10 წელი არ შესრულებია და არ ვრცელდება ოჯახებში მომუშავე დასაქმებულებზე.
ვინ მიიღებს ბონუსს?
– დასაქმებული დედები, რომლებსაც ორი შვილი ჰყავთ კმაყოფაზე (მათ შორის, ვადიანი კონტრაქტით მომუშავეები, თვითდასაქმებულები და ფიზიკური პირები/პროფესიონალები)
– ხოლო იმ დედებისთვის, რომლებსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ და აქვთ უვადო სამუშაო კონტრაქტი, შენარჩუნებულია არსებული შეღავათი: სოციალური შენატანებისგან გათავისუფლება წლიურად მაქსიმუმ 3 ათასი ევროს ოდენობით – 2025 წლის ბოლომდე. მინისტრის თქმით, ეს შეღავათი 2026 წელსაც გაგრძელდება.
ხოლო იმ დედებზე, რომლებსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, მაგრამ ვადიანი სამუშაო კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, იგივე პირობები გავრცელდება – თვეში 40 ევრო, რომელიც არა ყოველთვიურად, არამედ ერთიანად, დეკემბერში ჩაერიცხებთ (სულ – 480 ევრო).
ეს ბონუსი ეხება ლეგალურად დასაქმებულ იმიგრანტ დედებსაც, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ:
- ლეგალური დასაქმება იტალიაში – შეიძლება იყვნენ როგორც ვადიანი კონტრაქტით, ისე თვითდასაქმებულები ან პროფესიონალები (მაგ., ფრილანსერები).
- ორი ან მეტი შვილი მათ კმაყოფაზეა – ანუ მათ უწევთ რჩენა (როგორც წესი, ბავშვები მათთან ცხოვრობენ).
- უმცროსი შვილი არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი ასაკის.
- შემოსავლის ზღვარი (ISEE) არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ევროს.
- ბინადრობის ლეგალური სტატუსი და რეგისტრაცია INPS-ში – რაც მნიშვნელოვანია ბონუსის მისაღებად.
- ბონუსი არ ვრცელდება საოჯახო პერსონალზე (collaboratrici domesticha) – ძიძებზე, მომვლელებსა (ბადანტე) და ოჯახის დამხმარეებზე.
დამატებითი შენიშვნა:
თუ იმიგრანტი დედა იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს, რეგისტრირებულია INPS-ში და აქვს საჭირო დოკუმენტაცია (ბინადრობის ნებართვა, სამოქალაქო რეგისტრაცია, ISEE), მასაც იგივე უფლებები აქვს, როგორც იტალიელ დედებს.
როგორ უნდა შეამოწმო, გეკუთვნის თუ არა ბონუსი:
ძირითადი პირობები:
- გყავს ორი ან მეტი შვილი შენს კმაყოფაზე (დამოკიდებულნი);
- უმცროსი შვილი ჯერ არ არის 10 წლის (დაიბადა 2015 წლის შემდეგ);
- შენ მუშაობ ლეგალურად – ნებისმიერი ფორმით (დასაქმებული, თვითდასაქმებული ან პროფესიონალი/ფრილანსერი);
- ISEE-ს მიხედვით, შენი შემოსავალი არ აღემატება 40 000 ევროს;
- არ მუშაობ ოჯახში (ძიძა, ბადანტე, ოჯახის დამხმარე);
- რეგისტრირებული ხარ INPS-ში და გაქვს ბინადრობის ნებართვა (permesso di soggiorno).
ნინო ხოშტარია
კომენტარები