ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„ვინატრებდი, სახლში დაბრუნებულს მამა შემომხვდეს აცრემლებული თვალებით…“ – ზანდა ფურცელაძე, თვითნასწავლი ქართველი მხატვარი იტალიაში

ზანდა ფურცელაძეს სამშობლოში ყოფნისას მხატვრობაზე არასოდეს უფიქრია, თუმცა მშობლიური ბაღდათიდან შორს, იტალიაში ყოფნისას საკუთარ თავში ახალი სამყარო აღმოაჩინა, რამაც სულიერი სიმშვიდე აპოვნინა…

„ხატვა ჩემთვის საოცარი, არარეალური სამყაროა, სადაც თავისუფალი ვარ“, – ამბობს თვითნასწავლი მხატვარი და გულახდილად გვესაუბრება ემიგრაციაში განვლილ გზაზე, სიძნელეებზე, მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე.

Nostal.ge ზანდა ფურცელაძეს იტალიაში, ქალაქ კონვერსანოში დაუკავშირდა, სადაც იგი უკვე 14 წელია ცხოვრობს.

ზანდა, სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, როცა შევიტყვე, რომ პროფესიით მხატვარი არ ხართ, უკვე 14 წელია საქართველოდან შორს, ემიგრაციაში იმყოფებით და ეს საოცრად ფერადოვანი, თბილი და სიყვარულით სავსე ნახატებიც ემიგრანტული წლების შემოქმედებითი მონაპოვარია. როდის და როგორ „აღმოაჩინეთ“ საკუთარ თავში ხატვის ნიჭი?

დაახლოებით 5 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში სევდიანი პერიოდი იყო. ერთ დღეს ჩვენი ოჯახის ახლობელმა, მაია იაკობიშვილმა საუბრისას მირჩია, რომ მანდალების ხატვა მომესინჯა – სულის თერაპიააო, მითხრა. ჩვენ, ადამიანები, სხვის რჩევებს უბრალოდ ვისმენთ და იშვიათად ვიზიარებთ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მისი რჩევა გავითვალისწინე, ფერადი ფანქრები და ფურცლები შევიძინე, ფურცელზე ერთი წერტილი დავსვი და მის გარშემო ფიგურები შემოვხატე. მას შემდეგ ბევრი ფურცელი და შემდეგ ტილოები შემომეხატა… მაიასი უზომოდ მადლიერი ვარ.

ნამდვილად საჭირო რჩევა მოუცია თქვენი ოჯახის ახლობელს – თავადაც მხატვარია?

არა, მხატვარი არ არის, თუმცა მანაც დაიწყო ხატვა უკვე ერთი წელია. მაიაც ემიგრანტია.

 ტილოზე პირველად რა დახატეთ?

პირველი ნახატი ფურცელზე „მანდალა“იყო, ტილოზე – „წითელი მთვარე“. თავიდან თითქმის ყოველთვის სევდანარევი იყო ჩემი ფუნჯთან მიახლოება, მაგრამ მე ეს მჭირდებოდა. ახლა კი პირიქით, აუცილებლად კარგ განწყობაზე უნდა ვიყო და ირგვლივ სიწყნარე სუფევდეს.

ბავშვობაში ხატავდით და თქვენმა ნიჭმა და მისწრაფებამ წლების შემდეგ, სამშობლოდან შორს მყოფს შეგახსენათ თავი, თუ გენეტიკის საჩუქარია თქვენი სწრაფვა მხატვრობისადმი?

მახსოვს, ბავშვობაში ყვავილებს და გოგონებს ვხატავდი რვეულში, მაგრამ ეს არ იყო მისწრაფება. ვხატავდი ისე, როგორც ყველა ბავშვი. მამიდაჩემი, ნათელა ფურცელაძე იყო მხატვარი, სკოლაში ასწავლიდა ხატვას. ვფიქრობ, გენეტიკამ ითამაშა დიდი როლი.

თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით?

ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. 18 წლის ასაკში ოჯახი შევქმენი, თბილისში გავთხოვდი. საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვქონდა, თუმცა წლების წინ საქართველოში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენზეც იმოქმედა: დავკარგეთ სახლი, მანქანა, ბიზნესი…. ამიტომ მე და ჩემი მეუღლე იძულებულები გავხდით, საქართველო დაგვეტოვებინა. ერთად ჩამოვედით იტალიაში. მე თითქმის მაშინვე დავსაქმდი, ჩემი მეუღლისთვის კი მეტად რთული აღმოჩნდა აქ ყოფნა და მალევე დაბრუნდა საქართველოში.

იტალიური ენა არ ვიცოდი, მაგრამ სწრაფად ავითვისე. ოჯახიც, სადაც მუშაობა დავიწყე, ძალიან კარგი შემხვდა და დღემდე ამ ოჯახში ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ადაპტაციისთვის სულ რამდენიმე დღე დამჭირდა.

კონკრეტულად სად ხართ იტალიაში?

მუშაობის დაწყების დღიდან დღემდე ბარის რეგიონში, მყუდრო, სუფთა, ძველი ისტორიული ნაგებობებით თავმომწონე ქალაქ კონვერსანოში ვიმყოფები. თავიდან ოჯახში, სადაც მუშაობა დავიწყე, ორი მოხუცი დამხვდა: ბებია და ბაბუა. ბაბუას ვეხმარებოდი, ბებია აქეთ ზრუნავდა ორივეზე – გემრიელი კერძებით გვანებივრებდა. სახლში დროებით ჩემი მეუღლეც მიიღეს და ერთი თვე ერთად ვცხოვრობდით. დღესასწაულებზე მათ შვილებთან მივდიოდით, რესტორნებში, სასეირნოდ დავდიოდით. ახლა მე და ბებია მარტო დავრჩით, ბაბუა 2 წლის წინ გარდაიცვალა, ბებიას მდგომარეობაც დამძიმდა და სახლში გამოვიკეტეთ. მისი შვილები და შვილიშვილები ხშირად იკრიბებიან აქ, მაგრამ ბებიას თითქმის ყველას სახელი დაავიწყდა და მხოლოდ მე მეძახის სახელს. 14 წელი ჩემს ბებიებთან არ მიცხოვრია, ამიტომ საკუთარივით შევიყვარე. თუ რამე წინსვლა მაქვს ცხოვრებაში, ეს იქნება ფინანსური, პირადული თუ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ამ ოჯახში ყოფნის დროს მივაღწიე. მართალია წლებთან ერთად ჩემი სამუშაო გრაფიკიც დაიტვირთა და იმ ტემპით ვეღარ ვხატავ, როგორც ადრე, თუმცა არ ვჩერდები. ხატვა ჩემთვის საოცარი, არარეალური სამყაროა, სადაც თავისუფალი ვარ.

რომელია თქვენთვის ყველაზე განსაკუთრებული წელი ემიგრაციაში ამ 14 წლიდან და რატომ?

2020 წელი… წელი, როდესაც ხალხმა ჩემი შემოქმედებით გამიცნო.

ვუყურებ თქვენს ნამუშევრებს და ასეთი კითხვა მიჩნდება: პირდაპირ ფერებში ხატავთ თუ ჯერ ჩანახატებს აკეთებთ და მერე ავსებთ ფერებით?

მე არ ვარ პროფესიონალი მხატვარი, რომ ასე, ერთი ფუნჯის მოსმით დავხატო ის, რაც ჩემს ტილოებზეა. არის ისეთი დეტალები, რომლებიც ჩანახატის გარეშე ვერ დაიხატება. თუმცა მაქვს კონტურის გარეშე დახატული ბევრი ნამუშევარიც.

იდეა საიდან მოდის, რა გიზიდავთ მხატვრობაში?

რთულია ახსნა, იდეა საიდან მოდის. ზოგჯერ, როცა იდეაში პეიზაჟის ხატვას ვიწყებ, გავამზადებ ტილოს, საღებავებს და შეიძლება ფერადკანიანი გოგო დავხატო ან რომელიმე ისტორიული გმირი გავაცოცხლო.

მხატვრობაში ერთი მიმდინარეობა არ მაქვს, ვხატავ იმას, რაც მომწონს. მიყვარს ფერებით თამაში და ჩემს ნახატებშიც მკაფიოდ იგრძნობა ფერთა ცისარტყელა.

 

შეკვეთებზე არ მუშაობთ?

კი, როგორ არა, შეკვეთებსაც ვიღებ. მეტად საპასუხისმგებლოა შეკვეთაზე მუშაობა, გენდობიან… რა ვიცი, ვფიქრობ, ყველა გავახარე. თუმცა სულიერ სიმშვიდეს მაშინ ვიღებ, როცა თავისუფალი ვარ ხატვის დროს – ვხატავ იმას, რაც მინდა.

რა დრო გჭირდებათ ერთი ნახატის დასასრულებლად?

მეუბნებიან, რომ სწრაფი ხელი მაქვს, მგონი, მართლა ასეა, თუმცა ყველა ნახატი ინდივიდუალურია ზომის და თემატიკის მიხედვით, ამიტომ დროს ვერ განვსაზღვრავ.

როგორც ვიცი, უკვე პერსონალური გამოფენა გქონდათ რომში…

დიახ, ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა გასული წლის ოქტომბერში გაიმართა რომში. მიმიწვია საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიაში, ნინო ჩაჩუამ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ეს ერთგვარი გამოცდილება იყო ჩემთვის, ემოციებით, სიხარულითა და შეფასებებით დატვირთული, რამაც დიდი სტიმული მომცა.

თქვენი ნამუშევრების პირველი შემფასებელი ვინ არის, ვის აზრს აქვს თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა?

ჩემი მხურვალე გულშემატკივარი და პირველი შემფასებელიც დედაჩემია – დალი ფეტელავა. მის აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – დედა ჩემი საძირკველი, მეგობარი, ჩემი სიძლიერეა. აქვე გეტყვით, რომ დედა ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში მუშაობს.

მით უმეტეს, ალბათ, გირჩევთ დედა, რომ გამოფენა საქართველოშიც მოაწყოთ…

რა თქმა უნდა… სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე ნამუშევარი ბაღდათში, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის სახლ-მუზეუმში უკვე არის გამოფენილი. ასევე, ბაღდათში ყოველწლიურად ეწყობა „ბაღდათობა“, სადაც დედამ გაიტანა ჩემი ნახატები და გაიყიდა კიდეც.

განსაკუთრებული დამოკიდებულება ხომ არ გაქვთ რომელიმე ნახატის მიმართ, რომელსაც არასოდეს გაყიდით და არც გააჩუქებთ…

დიახ მაქვს. მაგალითად, ჩემი პირველი ნახატი ტილოზე, მამაჩემის თვალები და კიდევ რამდენიმე ნამუშევარი…

ზანდა, რა გილამაზებთ ცხოვრებას ემიგრაციაში, ქართველი ემიგრანტები ახერხებთ ერთმანეთთან შეხვედრას, საუბარს, ერთად დროის გატარებას?

მეგობრებთან ერთად გატარებული 2 საათი იყო ჩემი ყოველდღიური ერთფეროვნების გალამაზება. ახლა ესეც აღარ მაქვს, რადგან, ძირითადად, სულ სახლში ვარ, მაგრამ მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, ჩემი პატარა გალერეა, რაც ცხოვრებას მილამაზებს.

ძალიან ბევრი ქართველია კონვერსანოში, მაგრამ, სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ მათთან შეხვედრას.

ზოგადად, რა არის ემიგრანტის ყველაზე დიდი პრობლემა, თქვენი აზრით?

უცხო ქვეყანაში ყოფნა ნიშნავს შენიანებისგან, ენისგან, კულტურისგან და ბავშვობის ადგილებისგან შორს ყოფნას. ემიგრანტის ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ფესვებისგან მოწყვეტა და იდენტობის ძიება უცხო მიწაზე.

ამ ძიების გზაზე, წლებმა და გამოცდილებამ რაში დაგარწმუნათ, რა გასწავლათ იტალიაში ცხოვრებამ?

წლებმა და გამოცდილებამ, პირველ რიგში, საკუთარი თავის სიძლიერეში დამარწმუნა, ალბათ, როგორც ყველა ემიგრანტი. იტალიაში ცხოვრებამ კი თითოეული წამის გააზრებულად, გონივრულად გამოყენება მასწავლა.

იტალიასა და საქართველოს შორის რა საერთო იპოვეთ?

სიმართლე გითხრათ, ყოველთვის განსხვავებას ვხედავდი და პარალელი არასდროს გამივლია საქართველოს და იტალიას შორის… ალბათ ხალხი, რადგან სადაც ვცხოვრობ, ისე თბილად მექცევიან, როგორც სახლში.

მეხსიერება ყველაზე სათუთად რას ინახავს წარსულიდან, ემიგრაციამდელი ცხოვრებიდან?

უპირველესი ოჯახია, სადაც ყველა ერთად ვიყავით.

რას ფიქრობდით, როცა იტალიაში მიდიოდით, რა იყო თქვენი მიზანი და დღეს რისი თქმა შეგიძლიათ?

ჩემი მიზანი იყო ოჯახის დახმარება, ბინის შეძენა, შვილების განათლება და დღეს უკვე შემიძლია ვთქვა: დიახ, მე ეს შევძელი!

მიუხედავად ამისა, კვლავ ემიგრაციაში ხართ, ოჯახს, ახლობლებს მონატრებული… ყველაზე მეტად რაზე დარდობთ და, მარტო დაჩენილი, ყველაზე ხშირად რა შეკითხვას უსვამთ საკუთარ თავს?

ვდარდობ ჩემს მარტო დარჩენილ დედაზე, მამაზე, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ მის გვერდით ვერ ვიყავი და ეს ძალიან მაწუხებს. შვილები უჩემოდ გაიზარდნენ, შვილიშვილებს ზღაპრებს ვერ ვუყვები ძილის წინ, თუმცა ეს არა მარტო ჩემი, ყველა ემიგრანტის დარდია.

საკუთარ თავთან კი ბევრი კითხვა მაქვს, პასუხების გარეშე. მაგალითად: რომ არა იტალია, რას გავაკეთებდი საქართველოში? როდის დავასრულებ ემიგრანტობას და ა. შ.

მე ცოტა განსხვავებული შეკითხვა მექნება: თქვენი მომავლის გეგმები რამდენად უკავშირდება მშობლიურ საქართველოს?

მაქვს საოჯახო ბიზნესი საქართველოში, რომელსაც დედა ხელმძღვანელობს. ალბათ ჯერჯერობით ამ საქმიანობით დავკავდები.

რა საოჯახო ბიზნესზე საუბრობთ?

ბაღდათში მაქვს საოჯახო სასტუმრო, რომელსაც „მთის სხივები“ ჰქვია. ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, სამომავლოდ წინსვლა გვექნება და მალე დავბრუნდები ჩემს ქვეყანაში.

ემიგრაციაში მყოფმა პირველად როდის, რამდენი წლის შემდეგ მოახერხეთ საქართველოში ჩამოსვლა?

3 წლის განმავლობაში შორიდან ვეფერებოდი ყველას. ჩამოვედი და ემოციებს თავს ვერ ვუყრიდი: ოჯახთან შეხვედრა, ჩახუტება, სიხარულის ცრემლები ერთმანეთში ირეოდა. თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს სიხარული, რადგან იმ პერიოდში გარდამეცვალა მეუღლე, მძიმე დაავადებით. გულდამძიმებული დავბრუნდი იტალიაში, გაორმაგებული ფიქრებით. საზრუნავი კიდევ უფრო მომემატა, მაგრამ, მადლობა უფალს, ვუმკლავდები…

ჩემი ცხოვრების აზრი, ვისთვისაც ვარსებობ ამქვეყნად, შვილები არიან, ანა და გიორგი გამეზარდაშვილები და შვილიშვილები – ნია და ირაკლი (ანას შვილები), ჩემი პატარა ანგელოზები.

ლამაზი და ნიჭიერი ბებია ჰყავთ ნიას და ირაკლის…

დიდი მადლობა.

დაბოლოს, ერთი ნატვრის უფლება რომ მოგცენ და გითხრან, რომ აუცილებლად აგისრულდებათ, რას ინატრებდით?

ვინატრებდი, სახლში დაბრუნებულს მამა შემომხვდეს აცრემლებული თვალებით…

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close