ვიდეოხელოვნებასაქართველო

ქართულ-სერბული პოეტური „დიალოგი“ და შემოქმედებითი საღამო თბილისში (ვიდეო)

თბილისში, მწერალთა სახლში ქართულ-სერბული შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც სერბი და ქართველი პოეტები მონაწილეობდნენ. საქართველოს მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას  შორის 2024 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში 6 სერბმა და 6 ქართველმა პოეტმა ქალმა ორი დღის განმავლობაში ერთობლივად იმუშავა პოეტურ თარგმანებზე. მწერალთა სახლში გამართული საღამო ამ ერთობლივი შემოქმედებითი პროცესის დასკვნითი ღონისძიება იყო. პოეტებმა ისაუბრეს მთარგმნელობით პროცესებზე და წაიკითხეს ნათარგმნი ლექსები.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის თბილისს ესტუმრნენ სერბი პოეტი ქალები: გორდანა ვლაიჩი, დუჩიცა ივანოვიჩი, ალექსანდრა მიხაილოვიჩი, ალექსანდრა პავიჩევიჩი, ჰრისტინა მრშჰა და იასმინა მალეშევიჩი.

მათ მასპინძლობდნენ ქართველი პოეტები: ირმა ბერიძე, სალომეა ლომინაძე, ნატალია ბეიტრიშვილი, მაია მინდელი, ლილე კვირკვია და მირანდა ერისთავი.

თბილისში გამართული ღონისძიების მოსამზადებლად თანამედროვე სერბი პოეტების ლექსები თარგმნა ანა ივანიძე-ტოშიჩმა, რომელიც სერბეთში ცხოვრობს თავის მეუღლესთან – ვლადიმირ ტოშიჩთან და მცირეწლოვან ქალ-ვაჟთან ერთად. ამჟამად იგი ქალაქ პიროტის ბავშვთა დაცვის დეპარტამენტში მუშაობს. ანა თბილისელია, ჟურნალისტების – ადამ ივანიძისა და ლია ტაბატაძის ოჯახში გაიზარდა, ბავშვობიდან წერს ლექსებს და სიმღერებს. ანა უკვე სრულყოფილად ფლობს სერბულ ენას, საქართველოს საელჩოს რამდენჯერმე დაეხმარა, როგორც მთარგმნელი, და როდესაც სერბეთის მწერალთა ასოციაციასა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტისთვის თანამედროვე სერბი პოეტების თარგმნა შესთავაზეს, სიამოვნებით დათანხმდა. მისი თქმით, თარგმნა არ გასჭირვებია. „მთავარია ლექსის არსს და ემოციას ჩავწვდე და სიტყვები თავისით იპოვიან გზას, ლექსის კონსტრუქცია თავად აიგება, ისე რომ დედნის სტილს და სულს არ დაკარგავს. ერთი დიდი სიამოვნებაა თარგმნის პროცესი“, – გვითხრა ანამ, რომელსაც სერბეთში დავუკავშირდით.

ანა ივანიძე-ტოშიჩი

თბილისში ჩატარებულ შემოქმედებით საღამოს ანა ივანიძე-ტოშიჩი თავად არ ესწრებოდა. განსაკუთრებული მადლობა, რომელიც მას მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან  დუმბაძემ და სერბეთის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გორდანა ვლაიჩმა გადაუხადეს შესანიშნავი თარგმანებისთვის და გაწეული სამუშაოსთვის, საღამოზე მიწვეულმა მისმა მშობლებმა მოისმინეს.

„ძვირფასო ანა! საღამო გამოვიდა უმშვენიერესი. განსაკუთრებით გამიხარდა თქვენი მშობლებისა და ბიძაშვილის გაცნობა. თითქოს ჩემი ოჯახის ნაწილს შევხვდი. ძალიან თბილები და ძვირფასები არიან. მამა ძალიან ლამაზად საუბრობს სერბულად. … აქ ძალიან თბილი ხალხია.  დედათქვენის თვალებიდან მზე ასხივებს და ვარსკვლავები ციმციმებენ“, – მისწერა ანას სოციალურ ქსელში შემოქმედებითი საღამოს დასრულების შემდეგ სერბეთის მწერალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გორდანა ვლაიჩმა.

სერბეთში დაბრუნებულმა ქალბატონმა გორდანამ ანას შესახებ  ბელგრადის სატელევიზიო არხის დილის გადაცემაშიც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

საქართველოს მწერალთა სახლსა და სერბეთის მწერალთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, იგეგმება სერბ და ქართველ ავტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ნაწარმოებების თარგმნა და სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებების მოწყობა.

ნინო ლურსმანაშვილი

p. s. გთავაზობთ თანამედროვე სერბი მწერლის და პოეტის, მილოშ იანკოვიჩის ერთ ლექსს, რომელიც ანა ივანიძე-ტოშიჩმა თარგმნა.

მილოშ იანკოვიჩი

უკანასკნელი  თავდაცვა

ჩნდება მოგონების მოგონება,

ისევ იმ წრეზე, იმავე ნაბიჯით,

ისევ ის ანდერძი, მსგავსი დაპირებით,

ბნელში შთანთქმული, ჩემს თავს ვაკვირდები.

 

ჩემს „მეს“  ვშორდები და გვერდიდან შევცქერი,

სასოწარმკვეთია, რასაც მე ვუმზერი,

ისევ მიჩირქდება ძველი ჭრილობები,

წარსული ცოდვების სირცხვილით ვიწვები.

 

ვიცოცხლო – გაუსაძლისზე მეტია,

ხსნა შემომთავაზეს, მე დავაგვიანე,

ზოგჯერ დახეული ლექსებით ვაკერე,

ხან დაჩივლებით თავს შევეხმიანე.

 

გამცვდარ სხეულში გამომწყვდეული,

გადიან დღეები, უაზრო, შავბნელი.

ბედთან შერიგებით ჩემს თავს ვუბრუნდები,

ფარად მაქვს პოეზია, ხსნა უკანასკნელი.

 

Милош Јанковић

ПОСЛЕДЊА ОДБРАНА

Сећање постаје сећање на сећања,

По истом кругу – истим кораком,

Исте завете, исте обећања,

Бауљам у себи,  загрцнут мраком.

 

Удаљим се од себе, гледам са стране,

Очај ме обузима оног, што видим-

Поново ме гноје неке старе ране,

Бивших се срамота поново стидим.

 

Жив – више него што могу да истрпим,

Закаснио за одлуке које нуде спас,

Понеким са стихом, поцепан, закрпим,

Или јаукнем – тек да ми се чује глас.

 

Заробљен у похабану телесну капсулу,

најчешће нем пред бесмислог дана,

Мирењем са судбином доприносим расулу,

Од којег ми је стих последња одбрана.

***

ეს კი ანა ივანიძის საავტორო სიმღერაა მისივე შესრულებით:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close