„ეს ყველაფერი ჩიბუხის მოწევას ჰგავს – უმისოდ არ შეგიძლია, არადა შედეგად მხოლოდ ფერფლი გრჩება“ – აინშტაინის შოკის მომგვრელი პირადი ცხოვრება
უდიდესი მეცნიერის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა

თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალბერტ აინშტაინი ფილოსოფიის, მეცნიერებისა და პუბლიცისტიკის სფეროში სამეცნიერო აღმოჩენების, შრომების, წიგნებისა და სტატიების წყალობით სრულიად სამართლიანად ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს სწავლულად. მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტით დასაბუთებულმა მისმა სამეცნიერო კონცეფციებმა უდიდესი როლი შეიტანა თანამედროვე ფიზიკის განვითარებაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფარდობითობის თეორია და ენერგიის კვანტური ბუნების თეორიაა. დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ასევე, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. ალბერტ აინშტაინს 1921 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ფოტოეფექტის თეორიისთვის.
„ყველაფერი ეს ჩიბუხის მოწევას ჰგავს – უმისოდ არ შეგიძლია, არადა, შედეგად მხოლოდ ფერფლი გრჩება“ – ალბერტ აინშტაინი
უდიდესი მეცნიერის გარდაცვალებიდან 70 წელი გავიდა.
***
და აი, ამ უდიდესმა მეცნიერმა, სამყაროს მოწყობის მანამდე არსებული ყველა კანონი რომ გადაატრიალა, თავისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და გაუბედურებული ადამიანების მთელი ჯგუფი დატოვა. მისი პირველი ცოლი მილევა მარიჩი სიკვდილის წინ პირად საუბარში ირწმუნებოდა, რომ „ამ გენიოსმა“ მოკლა საკუთარი ქალიშვილი, დაღუპა თავისი ვაჟი და თავად ისიც ცოცხლად დაასამარა.…
…ალბერტის დედა უკმაყოფილებას ვერ მალავდა, როგორია შეგიყვარდეს „მახინჯი“ სერბი ქალი, სამწლინახევრით შენზე უფროსი და თანაც დაბადებიდანვე კოჭლი! ნუთუ ციურიხის სახელგანთქმულ პოლიტექნიკუმში ამაზე მიმზიდველი ქალიშვილები არ მოიძებნებოდნენ?! საინტერესოა, მაინც რით მოინადირა ამ შეუხედავმა გოგომ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თავდაჯერებული სტუდენტის გული? თურმე ნუ იტყვით და, ალბერტმა ყველასგან განსხვავებული უნიკალური ობიექტი დაინახა მილევაში და ამის გამო ვნებიანად შეუყვარდა. დროთა განმავლობაში ისიც გაირკვა, რომ, საერთოდ, მეცნიერი გამორჩეულად აღიქვამდა ადამიანებს და საკუთარი სურვილებისა და ხშირად წამიერი მოთხოვნილებების ობიექტებად აქცევდა მათ.
მარიჩის რკინისებურმა ნებისყოფამ, მოკრძალებული პროვინციელი ქალიშვილის გამბედაობამ, ვისთვისაც შეეძლო თავისი ყველა იდეა გაენდო, გააოგნა სუსტ სქესზე იოლი გამარჯვებების მოპოვებას ჩვეული 22 წლის ჭაბუკი, რომელსაც თითქმის შურდა მილევას ფანტასტიკური უნარისა, იოლად და ვითომ სხვათა შორის დაკავებულიყო ურთულესი მათემატიკური გამოთვლებით. თანაც სერიოზული გამოხედვის მქონე ეს პატარა და მორცხვი სერბი გოგო ნამდვილი იდეალისტი იყო და ისიც, ალბერტის მსგავსად, მხოლოდ წმინდა მეცნიერების „გაუხეშებული“ ჰაერით სუნთქავდა. ჩვეულებრივი ქალური სამყარო: სამოსელი, სამკაულები, ჭორები, ფუჭი ლაყბობა მას არ აინტერესებდა… და თუ მოგვიანებით აინშტაინი მისი გარეგნობისადმი უკვე ულმობელი გახდება, იმ ხანებში მილევას ნაკლს საერთოდ ვერ ამჩნევდა.
ალბერტმა არშიყობაც თავისებური იცოდა, ყვავილების ნაცვლად წიგნებს ჩუქნიდა ქალიშვილს, და ისიც, ამ ახალგაზრდა კაცით ერთიანად დატყვევებული, არა კოცნითა და ნაზი სიტყვებით, არამედ იმით პასუხობდა მის ყურადღებას, რომ საათობით ამოწმებდა თაყვანისმცემლის მიერ ათეულობით ფურცელზე უწესრიგოდ მიჯღაბნილ ფორმულებს. „შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!“ – ხშირად უმეორებდა ალბერტი მილევას და ამ უკანასკნელსაც სჯეროდა, რომ ჭაბუკს იგი ნამდვილად უყვარდა.

ქალმა იცოდა ალბერტის დედის დამოკიდებულება მისდამი და ამის მიუხედავად ოფიციალური ქორწინების გარეშე გაბედა მისგან ქალიშვილის – ლიზერლის გაჩენა, მაგრამ რაკი ბავშვის თავისთან წაყვანა არ შეეძლო, იგი ვოევოდინაში თავის მშობლებთან დატოვა. აინშტაინმა კი საერთოდ ვერ გაბედა, შინაურებისთვის შვილის დაბადების ადგილი გაემხილა.
ალბერტ აინშტაინმა და მილევა მარიჩმა 1903 წელს ბერნის ერთ ძველებურ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი აინშტაინის მამის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, თუმცა მილევას მუდამ ღრღნიდა ეჭვი, რომ ალბერტი ასე არა მისი სიყვარულის გამო, არამედ დედის ჯიბრზე მოიქცა.
და იმ დღიდან კოშმარებიც დაიწყო. ბერნში მდებარე თამბაქოს კვამლით გაბურულ მათ ციცქნა ოთახში ყოველ ღამეს კაცი ჰიპნოტიზიორის მონოტონური ხმით ჩასჩიჩინებდა ცოლს: „კარგ პატრონს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გოგონა. ასე აჯობებს ყველასთვის. ჩვენ ხომ ყველაფერი გვაქვს – ჩვენი სიყვარული და სამუშაო!“ მერე რა, რომ მამობრივი გრძნობები არ გააჩნია, სამაგიეროდ ცოლი უყვარს და დიდი აღმოჩენების ზღვარზე იმყოფება, მათი გოგონა კი სამწუხარო შეცდომას წარმოადგენს. ნუთუ მათ სიყვარულს ამ განსაცდელის გადატანა არ შეუძლია?!
და მილევაც გატყდა, საზარელი დანაშაულის თანამონაწილედ გაუხდა ქმარს: ციცქნა ლიზერლი კი უცხო ოჯახში ქუნთრუშისა და მოუვლელობის გამო გარდაიცვალა.
ალბათ, გარე სამყაროს ეს სამარცხვინო საიდუმლო რომ არ გაუმხილოს, ვერასოდეს გაბედავს საჯაროდ გაამჟღავნოს მეორეც – თავისი თანაავტორობისა ფარდობითობის თეორიის შექმნის საკითხში, რომელმაც მის ქმარს XX საუკუნის უდიდესი მეცნიერის სახელი და დიდება მოუტანა…
რამდენიმე წლის შემდეგ მილევა ორ ვაჟს გააჩენს, ჰანს ალბერტსა და ედუარდს, სასოწარკვეთილი ჩაებღაუჭება მათ და თავგანწირვით დაიცავს შვილებს მამის მტრული უსულგულობისაგან. ავადმყოფი და მგრძნობიარე ედი მთელ თავის ბავშვურ ძალებს საკუთარ პერსონაზე მამის ყურადღების მიპყრობის მცდელობას შეალევს, რაც ამ უკანასკნელს მხოლოდ გააღიზიანებს.

ოცი წლის ედუარდი შიზოფრენიით დაავადდება და შვილისადმი სრულიად გულგრილი აინშტაინი სამუდამოდ გამოამწყვდევს მას კლინიკაში. უფროსი, ჰანს ალბერტი, ვისაც პირქუშობისა და მიუკარებლობის გამო თანაკლასელები მეტსახელად „ქვას“ შეარქმევენ, ორჯერ მოიქცევა მამის ნების საწინააღმდეგოდ: უარს იტყვის თეორიული ფიზიკის დარგში მუშაობაზე და პრაქტიკოსი ინჟინერი გახდება. მეორედ კი ასაკით მასზე მთელი ცხრა წლით უფროს და თანაც შეუხედავ ქალზე დაქორწინდება, რაღაცით რომ წააგავს დედამისს. მამისადმი მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სიძულვილის მძიმე გრძნობა გაჰყვება.
აინშტაინი კი ამ დროს ერთნაირად იქნება ჩაფლული ფიზიკასა და გამოთვლებში და ამ საქმეში მილევა მისი მუდმივი თანამშრომელი და თანაშემწე გახდება. ქალის ბრწყინვალე სამეცნიერო მიგნებები არაერთხელ გამხდარა ქმრისთვის გადამწყვეტი ბიძგის მიმცემი. უდიდესი აღმოჩენა მოძრაობის ფარდობითობის შესახებ 1905 წლის 26 სექტემბერს გამოქვეყნდა და მთელი მსოფლიო მეოცე საუკუნის ახალი ნიუტონის შესახებ ალაპარაკდა.
მილენას კი ამიერიდან სამზარეულო, შვილები და მეუღლის აურაცხელი საყვარლისადმი საცოდავი ეჭვიანობა ერგო წილად. აინშტაინისათვის ის მეტად აღარ არის ფიზიკოსი და მათემატიკოსი, ქმარი ისე მოსწყდა მას, როგორც მარჯვე მოთხილამურე – ტრამპლინს და ეს ხელებაცახცახებული, ნაადრევად დაბერებული ქალი უკვე აღარაფერში სჭირდებოდა. არავინ იცის, ასე სახელ-დიდებამ დაახვია კაცს თავბრუ, თუ დაბადებისას უფალს ადამიანური გრძნობების ჩადება დაავიწყდა მასში და ეს დანაკლისი გაორმაგებული ინტელექტით შეუვსო.
1912 წელს აინშტაინი ბერლინში ფიზიკოსთა ჯგუფის მიწვევით წავიდა, რათა მათთვის თავისი ახალი იდეების შესახებ მოეთხრო. ბერლინში ცხოვრობდა მისი ბიძაშვილი ელზა, რომელსაც ბავშვობიდანვე იცნობდა. მხიარული, ხალისიანი, სიცოცხლის მოყვარე ელზა ქმარს გაშორებული იყო და ორ ქალიშვილს ზრდიდა – უკვე გასათხოვრად გამზადებულ ლამაზ, მაცდუნებელ ილზესა და ჯერ კიდევ მთლად ბავშვს, სუსტსა და მორიდებულ მარგოს. აინშტაინი დიდი სიამოვნებით ატარებდა დროს სტუმართმოყვარე ბიძაშვილის სახლში, ეარშიყებოდა დიასახლისს, გერმანულ ნოყიერ სადილებს გეახლებოდათ, თუმცა სინამდვილეში ილზეთი იყო დაინტერესებული. მაგრამ ქალიშვილმა სასტიკი უარი სტკიცა, თქვენნაირი მამაკაცები არ მიზიდავენ და ისევ თქვენს ფიზიკას მიხედეთო. აინშტაინი, ვინც ქალების უარს ჩვეული არ იყო, ასეთი უცერემონიო ხელის კვრისგან გონს დიდხანს ვერ მოეგო.
ყველაფრის მიუხედავად, 1914 წელს იგი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უნივერსიტეტში კათედრა და ვილჰელმ კაიზერის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს. მილევა თან არ წაუყვანია. ამიერიდან ის „მისი ჯვარია“, მაგრამ არამც და არამც – მამაკაცური ტრფობის ობიექტი. როგორც მეცნიერიც, აღარ საჭიროებს მის დახმარებასა და მხარდაჭერას. გაგანია პირველი მსოფლიო ომის პერიოდია. ბერლინელები შიმშილობენ, მაგრამ მის გულკეთილ ბიძაშვილ ელზას, ნაცნობებისა და მდიდარი ნათესავების წყალობით, მუდამ გადანახული აქვს მისთვის ახალი კვერცხები, კარაქი და, რასაკვირველია, კარგი ხარისხის თამბაქო.
მილევა ბერლინში ქმრის დაბრუნების სუსტი იმედით ჩავიდა, მაგრამ აინშტაინი შეუვალია: „გერმანიაში უნდა დავრჩე და შენი სურვილების გამო ნუ მაწუხებ. ფულს, რამდენსაც შევძლებ, გამოგიგზავნი. მეტად აღარ შემაწუხო!“ ცოლი უმწეოდ უქნევ თავს. ვინ დაიჯერებს, რომ ოდესღაც თვითონაც ისეთივე დიდი იმედების მომცემი ფიზიკოსი იყო, როგორც ალბერტი?
1919 წელს, მას შემდეგ, რაც განქორწინება მიიღო, აინშტაინი თავის ბიძაშვილ ელზაზე დაქორწინდა, რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა – განა თავადვე არ ჩააგონა ქალს, რომ ამიერიდან ის მისი სიცოცხლე იყო?
თანაც ილზე გათხოვდა, უმცროსი მარგო კი შეყვარებული თვალებით შესცქეროდა ალბერტს. 1930 წელს დედის დაჟინებული მოთხოვნით ისიც გათხოვდება, მაგრამ ქორწინება ხანმოკლე გამოდგება. მარგო ქმარს მიატოვებს და დედას და მამინაცვალს პრინსტონში შეუერთდება.
აინშტაინმა დაქორწინებისთანავე მიუჩინა ახალ ცოლს თავისი ადგილი – ის მხოლოდ მოახლეა და მეტი არაფერი, შინაური ცერბერი, რომელიც არასასურველი მნახველებისა და სტუმრებისაგან იცავს ქმარს. „არასოდეს ახსენო სიტყვა „ჩვენ“! ილაპარაკე მხოლოდ საკუთარ თავზე ანდა ჩემზე, მაგრამ არასოდეს – ჩვენზე! ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე ეს!“ – კატეგორიულად აფრთხილებდა მეცნიერი ცოლს. მერე კი კედელზე აკრძალვების მთელი ჩამონათვალი გამოაკრა ელზასთვის, რომელშიც ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ქალს ჩივილი ეკრძალებოდა. თავის დროზე მოქცევის ზუსტად ასეთივე წესების დასწავლა მოუხდა მილევასაც.
ნაცისტური გერმანიიდან ამერიკაში გაქცევამდე რამდენიმე წლით ადრე აინშტაინმა ბერლინის მახლობლად ვილა ააგო და იქ ედგა კიდეც მეგობრებისგან ნაჩუქარი იახტა. მდიდარი და ელეგანტური მზეთუნახავები ხშირად აკითხავდნენ მეცნიერს ძვირად ღირებული ავტომობილებით და ბერლნში ხან კონცერტებზე, ხანაც ოპერაში მიჰყავდათ. ქალები ისე ნადირობდნენ მასზე, როგორც კინოვარსკვლავზე, ელზას კი მის საყვარელ შოკოლადს ჩუქნიდნენ.

ერთ-ერთი მათგანი, მარგარეტ ლებახი ყოველ კვირას ჩადიოდა ვილაზე. როგორც კი მოახლოებული მანქანის ხმას გაიგონებდა, ელზას სახეზე საცოდავი ღიმილი ეკვროდა, ჭიშკართან გამოდიოდა და სტუმარს ეგებებოდა. მარგარეტი, ტრადიციისამებრ, მთელ კოლოფ ახალგამომცხვარ ვანილიან ფუნთუშებს აწვდიდა დიასახლისს, რომლის სუნითაც მთელი სახლი იყო გაჟღენთილი, რის შემდეგაც აინშტაინი გამოდიოდა და ისე, რომ ცოლს ზედაც არ უყურებდა, სტუმართან ერთად იახტით სასეირნოდ მიეშურებოდა.
„მისთვის ავეჯის დანიშნულება შევიძინე!“ – ცრემლებად იღვრებოდა ოდესღაც მხიარული და ხალისიანი ელზა, მაგრამ მამინაცვლის უყურადღებობას დედაზე მეტად მარგო განიცდიდა. ელზა კარგა ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის ქმარსა და შვილს შორის, მაგრამ ერთხელ შინ დროზე ადრე დაბრუნებულმა ორივეს სასტუმრო ოთახში ნახევრად შიშვლებს შეუსწრო. რასაკვირველია, ყველაფერში ალბერტია დამნაშავე და არა მისი საბრალო სულელი გოგონა!
მაშინ ქალმა იმდენს მიაღწია, რომ აინშტაინს ყველგან მასთან და მის გოგონებთან ერთად გადაეღო ფოტოები. მეცნიერმა იშვილა მისი ქალიშვილები და მარგოც თავის გვარზე დაწერა. ალბათ, შესაძლოა კიდევ ამის გამოც არ იცოდა მთელმა მსოფლიომ აინშტაინის ღვიძლი შვილების – ჰანს ალბერტის და ედუარდის არსებობის შესახებ.
მაგრამ თუკი ელზამ ასე თუ ისე მაინც შეძლო მეუღლის დიდების სხივებში ბანაობა, მის უბედურ ქალიშვილს დედისადმი ერთდროულად ეჭვიანობა და სინდისის ქენჯნა ტანჯავდა. ამიტომაც 1936 წელს ელზას გარდაცვალება მძიმე დარტყმა აღმოჩნდა მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინს იგი ხშირად დაჰყავდა წვეულებებზე, სადაც წყვილი ცოლ-ქმარი ეგონათ ხოლმე. მეგობრებს აოცებდათ წარმოუდგენელი გულგრილობა, რითაც მეცნიერმა ცოლის გარდაცვალება აღიქვა – დაწესებული შვიდდღიანი გლოვა არ დაუცავს, ალბერტმა ცოლის რაც შეიძლებოდა სწრაფად დაკრძალვა მოისურვა.
…მის სახელს არქმევდნენ ახალშობილებს, კოშკებს, ტელესკოპებს, სიგარებსა და, საერთოდ, ყველაფერს ამქვეყნად. ეპატიჟებოდნენ მაღალი წრის სალონებში და ჰოლივუდის ვარსკვლავების მიერ მოწყობილ წვეულებებზე, მეგობრობდა სახელგანთქმულ პიროვნებებთან, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მთელი მსოფლიო მისგან ახალ აღმოჩენებს ელოდებოდა. ისიც ბევრს მუშაობდა, ლექციებს კითხულობდა, სტატიებს წერდა, მაგრამ ინტუიციამ, როგორც ჩანდა, საბოლოოდ უღალატა.
ელზას ადგილი მისმა ერთგულმა მდივანმა ქალმა და უდავოდ მასზე ბრმად შეყვარებულმა ელენ დიუკასმა დაიკავა – ამიერიდან ის იცავდა მის სიმშვიდეს და კაცს ყველა არასასიამოვნო საქმეს არიდებდა. „ზოგჯერ ასე მგონია, საერთოდ ვერ მამჩნევს, არადა ამ ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ“, – ჩიოდა ის მარგოსთან, რომელიც ქანდაკებამ გაიტაცა და ალბერტის კიდევ ერთი თავის გამოძერწვას ცდილობდა.
აინშტაინმა იცოდა, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა მომკვდარიყო, ასეთი იყო მისი სენისა და ექიმების ულმობელი განაჩენი. იგი საზღვაო გასეირნებიდან დაბრუნებული მაშინვე კაბინეტისკენ გარბოდა, თუმცა ახალი ვეღარაფერი აღმოაჩინა. ფიზიკამ, რომელსაც აინშტაინი ცოცხალი არსებასავით უდგებოდა და არა როგორც აბსტრაქტულ ობიექტს, თითქოს უარყო იგი. ზოგჯერ უძილო ღამეების დროს, როდესაც პლედწამოსხმული თავის ჩიბუხს აბოლებდა, თითქოს ცხადად ესმოდა მომაკვდავი მილევას წყევლა-კრულვა და კვნესა. ფორმულებისა და ელეგანტურად გადაწყვეტილი ფიზიკის ამოცანების ნაცვლად ელზას ცრემლიანი თვალები ელანდებოდა.
არა, მაინც როგორ აიძულა მილევა, ის სახლი გაეყიდა, რომელშიც ცხოვრობდა! თუმცა განა ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენდა, რომ მისი ცოლყოფილი ავად იყო და ცალი ფეხი სამარეში ედგა? მაშ, როგორ უნდა გადაეჭრა კლინიკაში ედუარდის შემდგომი ყოფნის ფინანსური საკითხები? ამბობდნენ, რომ დროთა განმავლობაში ვაჟი ძალიან დაემსგავსა მამას. აინშტაინს არ უყვარდა მისი წერილების კითხვა, რაღაცნაირად უმძიმდებოდა გული, ნეტავ ბოლოს როდის უპასუხა შვილს?
ჰო, მართლა, ედუარდმა შეატყობინა, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ცალმხრივად შეუყვარდა რომელიღაც მედდა! მაშინ მისწერა კიდეც ვაჟს: „აკი გეუბნებოდი, კაცისთვის ქალის სიყვარული ცხოვრებაში მთავარი არ უნდა იყოს-მეთქი!“
ერთხელ ალბერტს მისი და მილევას ყოფილი თანაკურსელი მიშელ ბესო ეწვია სტუმრად, ოდესღაც, ჯერ კიდევ ევროპაში ცხოვრებისას, ის დიდ მეცნიერზე ზემოქმედებას ცდილობდა, მისი სისასტიკისგან ცოლის დაცვას ლამობდა, შვილებისადმი მამობრივი გრძნობების გამოვლენისკენ მოუწოდებდა. მას შემდეგ, რაც თავადაც ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად, მიშელი ხშირად ემუდარებოდა აინშტაინს, თავისთან გადმოეყვანა ედუარდი, თან ისიც უამბო, საავადმყოფოში რა საცოდავად კვდებოდა უსახლკაროდ დარჩენილი მილევა.
მიშელს მისალმებაც კი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ალბერტი მოულოდნელად ამ სიტყვებით შეეგება სტუმარს: „იცი, რა აღმოვაჩინე? არა, არა, სამწუხაროდ, მეცნიერებაში არა – როგორც ჩანს, პირად ცხოვრებაში მარცხი განვიცადე. ეს ყველაფერი კი ჩიბუხის მოწევას ჰგავს – უმისოდ არ შეგიძლია, არადა შედეგად მხოლოდ ფერფლი გრჩება“…
ალბერტ აინშტაინი 1955 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა პრინსტონში (აშშ) 75 წლის ასაკში.
მოამზადა თამარ ოთიაშვილმა
დაკავშირებულ თემაზე: სამყაროს გაგების პარადიგმა იცვლება?! – ბნელი ენერგიის კვლევამ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ეჭვქვეშ დააყენა
კომენტარები