
გიორგი შავგულიძე სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. უნიჭიერესი მსახიობი 49 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა 1959 წლის 13 აპრილს. საქართველოს დამსახურებული არტისტი ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე 2004 წელს, 91 წლის ასაკში „გადასახლდა“ საყვარელ მეუღლესთან. ქალბატონ ლიზას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდი ინტერვიუსთვის. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, თუმცა როცა მათი სიყვარულის ისტორიას შევეხეთ, მთხოვა, მისი მოგონებების წიგნი „გიორგი შავგულიძე“ გამომეყენებინა.
ქალბატონი ლიზას მოგონებებში თითოეული სიტყვა უდიდესი სიყვარულის გამოხატულებაა და, ამავე დროს, ნათლად ჩანს გიორგი შავგულიძის მომხიბლავი კოლორიტულობა როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაში.
სცენა – სიყვარულის შუამავალი
ლიზა ვაჩნაძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან 1932-1933 წლების სეზონზე გადავიდა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასში მსახიობად ჩაირიცხა. ამავე თეატრის მსახიობი იყო გიორგი შავგულიძე. კოტე მარჯანიშვილი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა და არც თუ უსაფუძვლოდ – გიორგი შავგულიძე წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა ქართულ სცენაზე შეყვარებულ ადამიანებს და მის ხელოვნებაზე დღესაც ლეგენდები დადის. გიორგი შავგულიძე რომ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გამოდიოდა, მაყურებელთა ტაში „ზემელზე“ აღწევდაო, ამბობენ…
„…ნაქანდაკარი, სწორუპოვარი ტანის მოქნილობითა და მიხვრა-მოხვრით… მის გამორჩეულ მანერებს ჰბაძავდნენ, მასთან ნაცნობობას და სიახლოვეს ნატრობდნენ“ (ვილენ მარდალეიშვილი -ჟურნალისტი)… მომხიბვლელი გარეგნობის უნიჭიერეს ახალგაზრდას გულგრილი არც ლიზა ვაჩნაძე დაუტოვებია. სცენურმა პარტნიორობამ, შეიძლება ითქვას, სიყვარულს ხელი შეუწყო და მალე ისინი ცხოვრების პარტნიორებიც გახდნენ. აი, როგორ იხსენებდა ქალბატონი ლიზა იმ წლებს:
„1933 წლის სეზონში რეჟისორმა დოდო ანთაძემ სპექტაკლი „ხატიჯე“ აღადგინა. განახლებულ სპექტაკლში ხატიჯეს როლს მე ვთამაშობდი, ჩამოსულ ახალგაზრდა ინჟინერს კი – გიორგი შავგულიძე. ერთ დილას სცენაზე ხატიჯეს და ინჟინრის შეხვედრის ეპიზოდის რეპეტიცია უნდა გაგვევლო. მე უკვე ადგილზე ვიყავი და პარტნიორს ველოდი – გიორგი, ჩვეულებისამებრ, დარბაზში კარგა მოგვიანებით შემოვიდა. გაბრაზებულმა დოდომ ხმამაღლა გამოსძახა: ახლა მაინც მოდი დროზე, ამისთანა შეყვარებული გელოდებაო. ეს ნასროლი ფრაზა ორივეს გულში მოგვხვდა, რადგან ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ სცენურ რომანზე არ იყო ნათქვამი…
საღამოს თეატრალურ ტანსაცმელში გვქონდა რეპეტიცია, საგრიმიოროში მე და ელენე დონაური (კოტე მარჯანიშვილის მეუღლე) ერთად ვიცვამდით. ამ პიესაში ორივეს ერთნაირი, გრძელი შავი კაბები გვეცვა და სახეზე ჩადრები გვქონდა ჩამოფარებული. ქალების საგრიმიორო ოთახები მეორე სართულზე იყო მოთავსებული. დონაური ჩემზე ადრე მორჩა გრიმის გაკეთებას და კულისებში ჩავიდა, მაგრამ ისევ მალე ამობრუნდა და სიცილით მითხრა: ჩადი კულისებში, შავგულიძე გელოდებაო. მე გამიკვირდა, რა უნდა უნდოდეს-მეთქი და ჩავედი. საწყალი, საშინლად აღელვებული დამხვდა – დავიღუპე, ალბათ დონაური კოტეს ეტყვის ამ ამბავს და თეატრში ვეღარ მოვალო. თურმე დონაური ზურგით იდგა კულისებში. ჟორას სიბნელეში ვერ გაურჩევია, მე ვგონებივარ და დონაურს ზურგიდან მოხვევია. დონაურს შავგულიძე რომ დაუნახავს, გადარეულა, მაგრამ როცა მისი დაფეთებული, შეშინებული სახე იხილა, გაუცინია და უთქვამს, არა უშავს, ხდება, ვინ არ შემცდარაო. ჟორამ კი ჩემთან ასე გაიმართლა თავი: მინდოდა, დილის რეპეტიციაზე დაგვიანებისთვის შენთვის ბოდიში მომეხადაო. განა ბოდიშის მოსახდელად მოხვევა იყო საჭირო? შემდეგ შემეხვეწა, როგორმე აუხსენი დონაურს და სთხოვე, კოტეს არაფერი უთხრასო. დონაური შემპირდა, არაფერს ვეტყვიო, მაგრამ მეორე დღეს კოტემ ორივე კაბინეტში დაგვიბარა. წარმოიდგინეთ, რა დაგვემართებოდა? არ ვიცოდით, რა გველოდა, რისთვის გვიბარებდა. კარების წინ დავიწყეთ ჩურჩული: არა, შენ შედი, არა – შენო, მაგრამ გაიღო კარი და თვითონ კოტემ მოგვკიდა ხელი ორივეს, შეგიყვანა კაბინეტში და ვითომ გაჯავრებით უთხრა ჟორას, მოიცათ, ჩამოვალ მოსკოვიდან და მე თქვენ თეატრში გრანდიოზულ ქორწილს მოგიწყობთო. როგორ ველოდით იმ დღეს?! მაგრამ არც ჩვენ ვიყავით ბედისგან განებივრებულები და ქორწილის მაგიერ მთელი საქართველო ჩვენთან ერთად ამ დიდებული ადამიანის გვამს დასტიროდა.
„გვაცალე ალერსი“
რუსთაველის სახელობის თეატრში მთავარი როლი მქონდა ნათამაშები (შ. დადიანის „თეთნულდი“), მაგრამ რა იყო და რას ნიშნავდა პარტნიორი, უშანგის მეოხებით გავიგე. რომ ვიხსენებ ერთ პატარა სცენას სპექტაკლიდან „ყვარყვარე“, სიამოვნებას მგვრის, მაშინ კი უშანგი ჩხეიძეს სირცხვილით ვეღარ ვუყურებდი. შავგულიძე ამავე პიესაში ჩემამდე რაზმელს თამაშობდა, მერე კი – რევოლუციონერ ერასტის. ერთ-ერთი სცენის დროს ერასტის პოლიცია მოსდევს და გულთამზე (ამ როლს მე ვთამაშობდი) წისქვილში მალავს, მაგრამ ამ დროს იქ ყვარყვარეც (უშანგი) არის. გულთამზეს უნდა, ყვარყვარეს სხვა რამეზე გადაატანინოს ყურადღება, რომ ერასტის იქ ყოფნა არ შენიშნოს, კალთაში ჩაუჯდება და ეფერება. ყვარყვარეც მოხვევს ხელებს, კოცნის… ერასტი დიდხანს ვერ მოითმენს, საფარიდან გადმოხტება და ყვარყვარეს განზე ისვრის.
რამდენიმე სპექტაკლის შემდეგ შევამჩნიე, რომ როდესაც უშანგი თამაშობდა ყვარყვარეს (ს. ჟორჟოლიანიც ასრულებდა ამ როლს) ალერსის სცენას, შავგულიძე ბოლომდე არ გვაცდიდა, რეპლიკას არ უცდიდა, რითაც ძალიან მიფუჭდებოდა სცენა, ამიტომ ერთხელ სპექტაკლის დაწყების წინ ვუსაყვედურე – რატომ არ უცდი რეპლიკას, სცენას მიფუჭებ-მეთქი. არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ჩაილაპარაკა: კი, ბატონო, დაგაცდითო.
იმ საღამოს სცენამ კარგად ჩაიარა, რეპლიკაც ითქვა, მაგრამ შავგულიძე საფარიდან აღარ გამოდიოდა. უხერხული პაუზა ჩამოვარდა, ატყდა კულისებიდან კარნახი; ჟორა, გადი, შავგულიძე გამოდიო, მაგრამ ამაოდ. უშანგიმაც დაიწყო ჩურჩული: რა მოუვიდა, ხომ არ დაეძინაო და გადაულაპარაკა: ჟორჟიკა, ბიჭო, გამოდიო. მაშინ კი გადმოხტა ერასტი და ჩვეულებრივზე მრისხანედ ისროლა უშანგი იქით, მე – აქეთ. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ უშანგიმ ჟორას მხრებზე ხელი მოხვია და ჰკითხა, რა იყო, ჟორჟიკ, რეპლიკა ვერ გაიგეო? ჟორამ ნიშნისმოგებით გადმომხედა, მას კი უპასუხა: ამან მთხოვა, გვაცალე ალერსიო და… უშანგი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ სცენური რომანი ჩვენს პირად ცხოვრებაშიც იყო შემოჭრილი…
რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობთა ფოიეში მე და ჟორა ვისხედით. მას ხელში პორტსიგარი ეკავა, შიგნით ჩემი სურათი ჰქონდა ჩაკრული. ამ დროს უშანგიმ გამოიარა, შეჩერდა ჩვენთან, ჟორას პორტსიგარი სთხოვა, გახსნა და ჩემი სურათი რომ დაინახა, ღიმილით უთხრა: ამ საღამოს რეპლიკას ადრე ვიტყვიო.
მაშინ სხვანაირი ურთიერთობები იყო, შეყვარებულები ხელკავით თუ გაივლიდნენ, თორემ მეტი არაფერი შეიძლებოდა. ერთხელ სახლში გამაცილა. ყოველთვის შუა გზამდე მიმყავდა და მერე უკან ვაბრუნებდი. ერთი ხე იყო გზაში, იმ ხესთან მივედით და ვუთხარი, აბა, დაბრუნდი ახლა უკან-მეთქი. სახლამდე მიგყვები, რა იქნებაო, მთხოვა… არავითარ შემთხვევაში-მეთქი. ამიღო სიგარეტი, მოუკიდა, დგას და ეწევა, უცებ შევხედე, თვალებზე ცრემლები მოსდის. კაცი ტირის, რა მოხდება, სახლამდე რომ მიმყვეს, ხომ არ შემჭამს-მეთქი და დავთანხმდი.. მერე ცოლად რომ გავყევი, მითხრა, შენ გგონია, მართლა ვტიროდი, სიგარეტის ბოლი შევუშვი თვალებში, რომ ცრემლები წამომსვლოდა და გეფიქრა, ტირისო… საოცარი პიროვნება იყო…
დიდი სიხარული და ტკივილი
„1934 წელს დავქორწინდით, 1935 წლის 2 იანვარს კი ტყუპი ბიჭი შეგვეძინა. ბავშვები სპექტაკლის (შ. დადიანის პიესა „კაკალ გულში“) დღეს დაიბადნენ. ჟორა ამ სპექტაკლში კანცელარიის ერთ-ერთ მოხელეს თამაშობდა. სცენაზე ყბაახვეული შედიოდა და უფროსს სთხოვდა: გამიშვით სახლში, კბილი მტკივაო. ბავშვების დაბადების ამბავი ჟორას წარმოდგენის დაწყების წინ შეუტყვია. როდესაც სცენაზე შესულა და მსახიობებს დაუნახავთ, რომ ყბა აღარ ჰქონდა შეხვეული, შეშფოთებულან, ნეტავ რას ეტყვის უფროსს, რისთვის გამიშვი სახლშიო? ჟორას კი, შესულა თუ არა სცენაზე, გაბრწყინებული სახით წამოუძახია: მომილოცეთ, ტყუპი ბიჭი შემეძინა, უფროსო, სახლში გამიშვიო… დაინგრა თურმე დარბაზი ტაშისგან, რადგან ყველამ იცოდა, რომ ბავშვს ველოდებოდით. ასე გააგებინა ეს ამბავი კოლეგებსაც და მაყურებელსაც.
ჟორა მეგობრებში ვაჟიშვილების ამბებს დიდი სიამაყით ყვებოდა. სახლში რომ მოვიდოდა, ეზოში დაიძახებდა ხოლმე, ძმები შავგულიძეები აქ ცხოვრობენო?
მაშინ წულუკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, გვქონდა უსარკმლო, ბნელი, თერთმეტმეტრიანი ოთახი. ამ პირობებში ორი ბავშვის გაზრდა ძნელი იყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მათი და ჩვენი საწოლები ოთახში ერთად ვერ იმართებოდა. ამ გაჭირვებას ერთი ბავშვი (ჯუანშერი) შეეწირა. ჩვენ კი 1935 წლიდან 1949 წლამდე ასე ვცხოვრობდით“.
***
გიორგი შავგულიძის და ლიზა ვაჩნაძის ერთადერთი ვაჟი – ნუკრი (ნურადინი) მოქანდაკე იყო (იგი 2013 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა). მისი მეუღლე ექიმია, ქალბატონი მარინა შაქარაშვილი. სამწუხაროდ, მათი 24 წლის ვაჟი – პაპის მოსახელე გიორგი შავგულიძე 25 წლის წინათ სასტუმრო „გუდაურში“ გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ქალიშვილი, ქეთი შავგულიძე, ხელოვნებათმცოდნეა.
***
„შენ სარკმელი გააღე და ერთად მოგინახულებთ“
„ჟორას ძალიან უყვარდა ზღაპრები, რომლებსაც ბებიაჩემი უყვებოდა ხოლმე პატარა ნუკრის, მაგრამ ჟორა უფრო ჩააცივდებოდა, ბებო, მოგვიყევი ზღაპრებიო. საწყალი ბებიაჩემი კახურად შეუტევდა: ქა, შენ რაღა დაგემართა, დღისით ვის გაუგია ზღაპრები, საცვალი დამეკარგებაო… მაგრამ ვინ ეშვებოდა? ასეთი ბავშვური ხასიათი ჰქონდა და თუ რამეზე გაბრაზდებოდა, მისი განწყობილების შეცვლა ძალიან ადვილი იყო.
როდესაც დრამატულ კინოფილმს ვუყურებდით, სინათლის ანთებისას ჟორა საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს, რადგან ხალხი ნამტირალევს დაინახავდა. თუ კომედია იყო, ყველაზე ხმამაღლა ის ხარხარებდა.
ჟორა ხშირად გადიოდა ხოლმე აივანზე, საათობით შეეძლო ფრინველებისთვის ეცქირა. აღტაცებით დამიძახებდა ხოლმე, მე კი, ოჯახის საქმით დატვირთულს, ამგვარი სიამოვნებისთვის არ მეცალა.
ერთხელ, ორშაბათ დღეს ჟორა კინოსტუდიაში გავისტუმრე, მე კი საოჯახო საქმის კეთებას შევუდექი. ოქტომბრის ბოლო დღეები იწურებოდა, შესანიშნავი მზიანი დღე იყო. დავინახე, რომ სარკმლის წინ გაბმულ თოკზე პატარა ჩიტი შემოჯდა. სარკმელი გამოვაღე და ეს ჩიტი ისე შემოფრთხიალდა, თითქოს ოთახში შემოფრენას ლამობსო. შევჩერდი, კედელს მოვეფარე, არ მინდოდა დამეფრთხო. ჩუმად პური მივიტანე და ფრთხილად დავუყარე ნამცეცები. ჩიტმა თითქოს შემომხედა, ჩაიჭიკჭიკა, ცოტა აკენკა ნამცეცები, შეიფრთხიალა და გაფრინდა.
დიდხანს ვიდექი გაქვავებული და ველოდი, ეგებ ისევ მოფრენილიყო ჩიტუნია, მაგრამ ტყუილად… აღარ მოფრენილა, არ ვიცი, რატომ იმოქმედა ამ უმნიშვნელო შემთხვევამ ასე, მაგრამ რატომღაც საშინლად ავფორიაქდი, საქმეს თავი დავანებე, იქვე ჩამოვჯექი და უცნაური ამბების შეთხზვა დავიწყე. მომაგონდა ჩვენი პატარა ჯუნას (ჯუანშერი) დაღუპვის ყოველი წვრილმანი. რატომ დავუკავშირე ეს ბეღურა ჯუნას, არ ვიცი, მაგრამ იმ დღის შემდეგ ვეღარ მოვისვენე, ყოველდღე სარკმელთან ვიდექი და ბეღურას ველოდი. ჟორასთვის არაფერი მითქვამს. ჩემი ფანტაზიის გამო რატომ უნდა ამეშალა მისთვის ნერვები?
ჩემი სისულელე, გინდაც ცრურწმენა, უცნაური ფანტაზია მხოლოდ ჩემს დღიურს ვანდე, რომელსაც, ვფიქრობდი, ვერავინ წაიკითხავდა.
1941 წლის 29 ოქტომბერი (ორშაბათი)
„რატომ მომდის უცნაური აზრები, რა მოხდა, რა იყო დღეს უჩვეულო, რამდენჯერ შემოფრენილან მტრედები და ჩიტები, სარკმელზე რამდენჯერ დამიყრია მათთვის საჭმელი. ამდაგვარი არასოდეს არაფერი მიფიქრია. ახლა რატომ ვიფიქრე, რომ ეს პატარა ჩიტუნა ჩვეულებრივი ბეღურა არ იყო? ვეღარ მოვისვენე, თითქოს ჩამჭიკჭიკა: ჩემთან წამოდი, ნუკრის მამაც ეყოფაო.
ერთხელ კიდევ შემოფრინდა,
მინდა გულში ჩაგიკრა,
დაგიკოცნო ეგ თვალები,
სინათლე რომ ჩაგიქრა,
წამოგყვები, წამიყვანე,
მეც ფრინველად ვიქცევი,
წამიყვანე, წამოგყვები
და სულ შენთან ვიქნები!
მან ხომ მხედველობა დაკარგა ავადმყოფობის დროს, იქნებ, პატარა ჩიტუნამ ყოფილ ბინას ვერ მიაგნო?“
დავწერე, რვეული დავხურე და შევინახე.
რამდენიმე დღის შემდეგ დღიურში ისევ მომინდა რაღაცის ჩაწერა. გადმოვიღე რვეული, უკანასკნელ ჩანაწერთან გადავშალე და დავინახე ჟორას ხელით გვერდზე მიწერილი ეს სტრიქონები:
„როცა მოვკვდები, ამქვეყნად აღარ ვიქნები,
იცოდე, რომ უეჭველად მეც ფრინველად ვიქცევი.
მე და პატარა ბეღურა ერთად მოგიკაკუნებთ,
შენ სარკმელი გააღე და ერთად მოგინახულებთ“. ჟორა
მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მინაწერი მტკივნეულად არ მიმიღია. რას ვიფიქრებდი, რომ მისი უდროოდ დაღუპვაც მე უნდა გადამეტანა“.
***
1959 წლის 13 აპრილი გიორგი შავგულიძის ტრაგიკულად დაღუპვის დღეა.
„იმ საბედისწერო დღეს, როცა თბილისში, პლეხანოვის გამზირზე გიორგი შავგულიძეს ტროლეიბუსი დაეჯახა, პირქვედამხობილი მისი ზორბა სხეული ხალხმა ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა, საყვარელ შემოქმედს ნაადრევი ცრემლი დააფრქვია, მაგრამ მათ არანაკლებ ეცოდებოდათ მძღოლი, რომელიც კედელზე თავს ახლიდა და ბღაოდა.
ეს მოხდა ცხოვრების სცენაზე, სადაც მსახიობი უგრიმოდ იყო და მაყურებელი უთეატროდ.
…გავიდა წლები, მაგრამ ყოველთვის დიდხანს ვჩერდები იმ საფლავთან, რომელზეც დამხობილია ძვირფასი ადამიანის ბედის მომტირალი მისივე ძეგლი, ერთადერთმა შვილმა, მოქანდაკე ნუკრი შავგულიძემ რომ დაუდგა“. (ოთარ მამფორია, პოეტი)
სამწუხაროდ, ასე ტრაგიკულად დასრულდა უნიჭიერესი შემოქმედის ცხოვრების ისტორია, სადაც თეატრი და ოჯახი ორ თანაბარ ხაზს წარმოადგენდა. ამ ხაზებს სიყვარული აერთიანებდა და, სამწუხაროდ, რეალობიდან ნაადრევად იქცა ლეგენდად.
გიორგი შავგულიძე დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მისი მეუღლე – მსახიობი ელისაბედ (ლიზა) ვაჩნაძე (1912 – 2004).
თამარ ოთიაშვილი
ამავე თემაზე: გიორგი შავგულიძემ თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა (?!)
„ქეთო და კოტე“ – უკვდავი ქართული ვარსკვლავური კომედია
კომენტარები