როგორ იმოქმედებს „ტრამპის ტარიფები“ საბერძნეთის ეკონომიკაზე?

ექსპერტების შეფასებით, დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებული ახალი ტარიფები ყველაზე დიდ დარტყმას საბერძნეთის აგროსასურსათო პროდუქციას მიაყენებს, რადგან ის ქვეყნის საექსპორტო კალათის დაახლოებით 31%-ს შეადგენს.
სპეციალისტების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ტარიფები დომინოს ეფექტს გამოიწვევს ამერიკაში ექსპორტირებულ ბერძნულ პროდუქციასთან დაკავშირებით, როგორიცაა: ფეტა, ზეთისხილი, ღვინოები, ზეითუნის ზეთები და ატმის კომპოტი.
მათ შორის უდიდესი ადგილი უკავია სუფრის ზეთისხილს, რომლის საექსპორტო ღირებულება 212 მილიონ ევროს აღწევს. სრულიად საბერძნეთის სუფრის ზეთისხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, 2024 წელს აშშ-ში 45 000 ტონა ზეითუნის ზეთი გაყიდეს, თუმცა ამ რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა საბითუმო ზეითუნის ზეთზე.
„მაღაზიების თაროებზე პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოთხოვნა შემცირდება და ამას საექსპორტო ნაკადზე გარკვეული გავლენა ექნება. ფასები, უდავოდ, ზეწოლის ქვეშ იქნება“, – განაცხადა საბერძნეთის სუფრის ზეთისხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოსტას ზუკასმა საბერძნეთის სამაუწყებლო კორპორაციისთვის (ERT) მიცემულ ინტერვიუში.
„რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ მოხდება შეთანხმება მოგების პროცენტის შემცირებაზე, რომელსაც ექსპორტიორები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები იღებენ“, – აღნიშნა საბერძნეთის ზეითუნის ზეთის მწარმოებელთა ასოციაციის მენეჯმენტის კონსულტანტმა, გიორგოს ეკონომუმ.
ასევე რისკის ქვეშ აღმოჩნდა ბერძნული ღვინის ექსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოცულობა მხოლოდ 19 მილიონ ევროს შეადგენს, აშშ-ის ბაზარი მისთვის საკმაოდ მომგებიანია, რადგან ბერძნული ღვინის საშუალო ფასი იქ საკმაოდ მაღალია.
„პირველად მოხდა, რომ ჩვენ ლიტრზე 7 ევროს გადავაჭარბეთ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საშუალო საექსპორტო ფასებს შორის“, – აცხადებს საბერძნეთის ღვინის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი გიორგოს სკურასი.
ღვინის მწარმოებელთა თქმით, აშშ-ში ბერძნული ღვინის ერთი ბოთლის ფასი, რომელიც ამჟამად 20 დოლარი ღირს, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება 30 დოლარი გახდეს.
რძის სექტორში ყველი ფეტა პირველ ადგილს იკავებს აშშ-ში ექსპორტის მოცულობით. კოსტას ზუკასის პროგნოზით: მოთხოვნა აუცილებლად შემცირდება მოთხოვნისა და მიწოდების მექანიზმის თანახმად, წარმოიქმნება პრობლემები ექსპორტთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, პროდუქციის ფასებზე ზეწოლას გამოიწვევს“.
ბერძნული ზეთისხილი აშშ-ში საბერძნეთიდან ექსპორტირებული კვების პროდუქტებისა და სასმელების მთლიანი მოცულობის 27,4%-ია. 2024 წელს ზეთისხილის ექსპორტის ღირებულებამ 214 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ეკონომისტები განიხილავენ „ტრამპის ტარიფების“ ( – 20% ევროკავშირისთვის, მათ შორის, საბერძნეთისთვისაც) გამო მოსალოდნელ შესაძლო შედეგებს.
ცოტა ხნის წინ საბერძნეთის ბანკის ხელმძღვანელმა იანის სტრუნარასმა განაცხადა, რომ „ტრამპის ტარიფების“ შედეგები ნეგატიური იქნება ყველა ჩართული ეკონომიკისთვის, მათ შორის, აშშ-ისაც“.
როგორც ცნობილია, 2 აპრილს ტრამპმა სატარიფო ომი გამოუცხადა თითქმის მთელ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის საბაჟო ტარიფების დაწესებით აშშ-ში მათი ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე: 34% – ჩინეთს, 20% – ევროკავშირს, 24% – იაპონიას, 26% – ინდოეთს და ა. შ. საქართველოს 10%-იანი ტარიფი „შეხვდა“.
გამონაკლისია რუსეთი და ბელარუსი – ტრამპს ამ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები არ დაუწესებია. თეთრი სახლის განმარტებით, ეს ქვეყნები ისედაც სანქცირებულები არიან და ამიტომ არ დაუწესა მათ ტრამპმა ახალი საბაჟო ტარიფები.
ტრამპის ახალ საბაჟო ტარიფს (34%) ჩინეთმა შესაბამისი პასუხი გასცა – სარკისებური პრინციპით გაზარდა ტარიფი აშშ-იდან ჩინეთში იმპორტირებულ საქონელზე, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია – ტრამპი 2 მაისისთვის კიდევ აპირებს ჩინეთისთვის ახალი საბაჟო ტარიფების დაწესებას.
ჩინეთი ტრამპის სატარიფო მრისხანების მთავარი სამიზნეა, რადგან ის არის პროდუქციის წამყვანი ექსპორტიორი ამერიკაში. შეერთებულ შტატებს აქვს გიგანტური სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან და ტრამპი სავაჭრო ომს თავის მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო კონკურენტთან ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აწარმოებდა.
ჩინეთთან პირველმა სავაჭრო ომმა დიდი წარმატება არ მოიტანა და როგორც კი თეთრ სახლში დაბრუნდა 2025 წლის იანვარში, ტრამპმა მეორე დაიწყო. მან დააწესა ახალი ტარიფები და 2 აპრილს გამოცხადებული დამატებითი ტარიფების შედეგად შეერთებულ შტატებში ჩინური საქონლის იმპორტის მთლიანი გადასახადი 54%-მდე გაიზრდება.
ტრამპის თანამოაზრე და მთავარი მხარდამჭერი არჩევნების დროს, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ როგორც თავად აშშ-ში, ისე ევროპაში უნდა შეიქმნას ნულოვანი ტარიფების სისტემა და თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ასეთი აზრი მან გამოთქვა ფლორენციაში, იტალიური ულტრამემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ კონგრესზე ფლორენციაში, რომელიც პარტიის ლიდერის და იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის ორგანიზებით გაიმართა.
„ვიმედოვნებ, ბოლოს და ბოლოს, ყველა შეთანხმდება იმაზე, რომ ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც, ჩემი აზრით, უნდა გადავიდნენ ნულოვანი ტარიფების სიტუაციაზე, ფაქტობრივად, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის“, – მოჰყავს მასკის სიტყვები CNN-ს.
ნანა ძნელაძე
დაკავშირებულ თემაზე: ზეითუნის ზეთი აშშ-ში ოფიციალურად აღიარეს სამკურნალო საკვებ პროდუქტად
როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი – რა უნდა ვიცოდეთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევიძინოთ?
კომენტარები