
ფრიდრიხ მერცმა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) კონსერვატიული ბლოკის კანდიდატმა კანცლერის პოსტზე, განაცხადა, რომ ახალი მთავრობა სწრაფად უნდა შეიქმნას, რადგან „მშვიდობა ჩვენ არ გველოდება“. ეს განცხადება 23 თებერვალს, საღამოს მერცმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა ბუნდესტაგის არჩევნების წინასწარი შედეგები.
ბლოკმა CDU/CSU-მ 23 თებერვლის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 28,5% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 20,7%-ით, ხოლო მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SDPG) 16,5%-ით მესამე შედეგი აჩვენა, რაც ამ პარტიისთვის გერმანიის ფედერალური არჩევნების ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.
მემარცხენე-ლიბერალურ „კავშირი-90“-ს/„მწვანეებს“ 11,7% აქვთ, მემარცხენე პარტიას – 8,7% აქვს.
„მშვიდობა არ დაგველოდება და არ დაელოდება ჩვენს ხანგრძლივ კოალიციურ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მერცმა, რომელიც გერმანიის მომავალი კანცლერობისთვის ემზადება.
შოლცი: მწარე შედეგი SPDG-ისთვის
გერმანიის მთავრობის მოქმედმა ხელმძღვანელმა ოლაფ შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. ეს არის „არჩევნების მწარე შედეგი სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის, რაც საჭიროა მკაფიოდ და მკაცრად აღინიშნოს“, – თქვა შოლცმა ბერლინში.
„მეც მაკისრია პასუხისმგებლობა ამ არჩევნების შედეგებისთვის“, – აღიარა კანცლერმა. მან მერცს და CDU/CSU-ს პირველ ადგილზე გასვლა მიულოცა. „ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა და მიუთითა მისი კონკურენტების გამარჯვებაზე. ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ის, რომ გერმანიაში თითქმის 20%-მა მისცა ხმა ულტრამემარჯვენე AFD-ს. „მე არასოდეს იქნება მისაღები ეს შედეგი“, – დასძინა მან.
წინასწარი არაოფიციალური მაჩვენებლებით, SPDG მხოლოდ მესამე ადგილზეა და თავის ყველაზე ცუდ შედეგს აჩვენებს გერმანიის ფედერალური არჩევნების ისტორიაში.
AFD: ჩვენ ღია ვართ კოალიციური მოლაპარაკებებისთვის
არაოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, 12 წლის წინ ჩამოყალიბებული ულტრამემარჯვენე პარტია AFD ფედერალურ არჩევნებში პირველად გავიდა მეორე ადგილზე. „ეს არის ჩვენი ისტორიული შედეგი“, – თქვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ ალისა ვაიდელმა გერმანიის დროშის საზეიმოდ ფრიალით გამარჯვების ნიშნად.
„ჩვენ ღია ვართ კოალიციური მოლაპარაკებებისთვის <…> წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანიაში პოლიტიკის შეცვლის შესაძლებლობა არ იქნება“, – დასძინა მან. ვაიდელმა თქვა, რომ ის ხელს უწვდის CDU/CSU ბლოკს კოალიციის შესაქმნელად, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ კონსერვატორები შეთავაზებას მიიღებენ. უფრო ადრე CDU/CSU-ის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობა გამორიცხა.
ჰაბეკი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თვითონ არ იქნება ინიციატორი
„მწვანეთა“ ლიდერმა რობერტ ჰაბეკმა, თავის მხრივ, აგრეთვე, განაცხადა, რომ ღიაა CDU/CSU-სა და SPDG-სთან კოალიციისთვის.
ამავდროულად, ჰაბეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მწვანეები“ საკუთარი ინიციატივით არ მიმართავენ მერცს კოალიციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად. მინისტრთა კაბინეტის ფორმირების ამოცანა „ფრიდრიხ მერცს ეკისრება“, – განმარტა ვიცე-კანცლერმა. მისი თქმით, მერცმა უნდა აჩვენოს, „რომ მას შეუძლია ფედერალური კანცლერის როლი შეასრულოს“, აუცილებელია გერმანიის „გაერთიანება“.
ნინო ხოშტარია
წყარო: DW
p. s. შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგში 630 დეპუტატია და ეს 630 მანდატი პარტიებმა მიღებული ხმების შესაბამისად უნდა გაინაწილონ.
წინასწარი შედეგები ამ დროისთვის ასეთია:
24 თებერვლისთვის კი წინასწარი ოფიციალური შედეგები ასე გამოიყურება:
მანდატების განაწილება:
მემარცხენეები (8,8%) – 64 დეპუტატი;
სოციალ-დემოკრატიული პარტია (16,4%) – 120 დეპუტატი;
მწვანეები (11,6%) – 85 დეპუტატი;
ქდკ/ქსკ (CDU/CSU, 28,6%) – 208 დეპუტატი;
აგ (AfD – 20,8%) – 152 დეპუტატი;
სხვები – ერთი დეპუტატი.
კომენტარები