ისტორიამსოფლიოპოლიტიკა

მექსიკის ყურეს და მთა მაკკინლის სახელები ოფიციალურად გადაარქვეს – შინაგან საქმეთა დეპარტამენტი: „ვიწყებთ ისტორიული სახელების აღდგენას“

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა. სახელი შეეცვალა მთა დენალისაც და მაკკინლი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია შს დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  

შინაგან საქმეთა დეპარტამენტი იწყებს ისტორიული სახელების აღდგენას ამერიკის სიდიადის პატივსაცემად

„პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპის ბოლო აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, შინაგან საქმეთა დეპარტამენტი ამაყობს გამოაცხადოს სახელების აღდგენა, რომლებიც პატივს მიაგებენ ამერიკის დიდებულ მემკვიდრეობას, მუშაობა უკვე დაიწყო.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, მექსიკის ყურე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც ამერიკის ყურე და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს ისევ დაუბრუნდა სახელი მაკკინლის მთა. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების დიდებული მემკვიდრეობა და უზრუნველყოს, რომ ამერიკელების მომავალი თაობები პატივს სცემდნენ მისი გმირების მემკვიდრეობას და ისტორიულ ფასეულობებს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.

ტრამპმა ინაუგურაციამდეც რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის შესახებ და ინაუგურაციის დღეს წარმოთქმულ სიტყვაშიც განაცხადა, რომ მექსიკის ყურეს და მაკკინლის მთას „ისტორიულ სახელებს“ დაუბრუნებდა. ამავე დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

მექსიკის ყურე (ესპ. Golfo de México, ინგ. Gulf of Mexico) – არის შიდა ზღვა ატლანტის ოკეანის დასავლეთ ნაწილში. მას ჩრდილო-დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება შეერთებული შტატების სანაპიროები (ფლორიდის, ალაბამის, მისისიპის, ლუიზიანის და ტეხასის შტატები), სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან – მექსიკის სანაპიროები (შტატები: ტამაულიპასი, ვერაკრუსი, ტაბასკო, კამპეჩე და იუკატანი), აგრეთვე,  კუნძული კუბა. მექსიკის ყურეს ფლორიდის სრუტე ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს, ხოლო იუკატანის სრუტე – კარიბის ზღვასთან.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მთას დენალის (6190 მ ზღვის დონიდან), რომელიც ალასკის შტატში მდებარეობს და ალასკის ქედის ნაწილია, მას ასე აქ მცხოვრები ინდიელთა ტომები უწოდებდნენ ატაბასკის ენაზე (Dinale ან Denali, რაც „მაღალს“, „დიადს“ ნიშნავს). მაკკინლი მთას 1896 წელს დაარქვა ოქროს მაძიებელმა უილიამ დიკეიმ, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იმდროინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის, უილიამ მაკკინლის მიმართ, რომელიც მომდევნო წელს ამერიკის პრეზიდენტი გახდა. 1897 წელს აშშ-ის გეოგრაფთა საზოგადოებამ ოფიციალურად მიიღო მთის ეს სახელწოდება.

1975 წელს ალასკის შტატის გეოგრაფიული სახელების საბჭომ მაკკინლის ძველი სახელი – დენალი დაუბრუნა ალასკის შტატში გამოყენებისთვის. შტატის გუბერნატორის თხოვნით,  2015 წლის 28 აგვისტოს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, მთას სახელი „დენალი“ ოფიციალურად დაუბრუნდა.

აქედან გამომდინარე, საკითხავია, ტრამპის განკარგულებით ისტორიული სამართლიანობა აღდგა თუ დაირღვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close