დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა, როგორც შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა. ორშაბათს, 20 იანვარს, ტრამპმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბიბლიაზე ფიცი დადეს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის როტონდაში. ცერემონია ადგილობრივი დროით შუადღისას (თბილისის დროით – 21:00 სთ-ზე) დაიწყო. ჩვეულებრივ, ცერემონია კაპიტოლიუმის კიბეებზე იმართება ხოლმე, თუმცა ამჯერად ძლიერი ყინვის გამო დახურულ სივრცეში – როტონდაში გაიმართა.
„საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობებს და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში მთელი ძალებით მხარს დავუჭერ, გავუფრთხილდები და დავიცავ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“, – დაიფიცა ტრამპმა ბიბლიაზე. ამჯერად მან ერთდროულად გამოიყენა ორი წიგნი: თავისი პირადი ბიბლია, რომელიც დედამ აჩუქა 1955 წელს და ისტორიული, ლინკოლნის ბიბლია, ხავერდის გარეკანიანი გამოცემა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა გამოიყენა 1861 წელს ინაუგურაციის დროს.
საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ ტრამპმა ამერიკელებს მიმართა და თავისი ინიციატივებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რომელზეც მისი უფლებამოსილების ვადა გავრცელდება.
ტრამპი თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებას შეერთებული შტატებისთვის „ისტორიულ შემობრუნებას“ უწოდებს. მან ინაუგურაციის დროს თქვა, რომ „2025 წლის 20 იანვარი იქნება „გათავისუფლების დღე“ შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის“.
„ჩვენ დავიბრუნებთ სუვერენიტეტს. დავიბრუნებთ უსაფრთხოებას. სამართლის სასწორი ხელახლა დაბალანსდება“… იგი ამერიკელებს დაჰპირდა იმასაც, რომ „რეკორდულ ინფლაციას დაამარცხებს“.
ტრამპმა თქვა, რომ გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას ენერგეტიკის სფეროში, რათა წიაღისეული საწვავის წარმოება გაიზარდოს. გარდა ამისა, მისივე ინიციატივით, აშშ ტოვებს პარიზის კლიმატის შეთანხმებას. 47-ე პრეზიდენტმა პანამის არხის „დაბრუნების“ პირობაც დადო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამკაცრდება ანტისაიმიგრაციო პოლიტიკა – იგი თანამდებობის დაკავებისთანავე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე მექსიკასთან, სადაც მთავარ როლს სამხედროები შეასრულებენ. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაგზავნის ჯარებს შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე, რათა „მოიგერიონ კატასტროფული შემოჭრა ქვეყანაში“. მისი თქმით, თავის ადმინისტრაციას დაავალებს, გამოიყენოს სამართალდამცავი ორგანოების „სრულიად შეუზღუდავი ძალა“ – როგორც ფედერალური, ისე სახელმწიფო – ყველა უცხოური ბანდის და კრიმინალური ქსელის ლიკვიდაციისთვის.
„ბრძანებულება სამხედროებს ავალდებულებს, პირველხარისხოვანი ყურადღება დაუთმონ ჩვენს საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ციტირებს AFP (სააგენტო „ფრანს პრესი“ თეთრი სახლის მომავალი ჩინოვნიკის სიტყვებს.
გამკაცრდება ლგბტ პოლიტიკაც. თეთრი სახლის მომავალი ოფიციალური პირის თქმით, ახალი პრეზიდენტი განკარგულებას გასცემს, აშშ-ში იყოს აღიარებული მხოლოდ ორი ბიოლოგიური სქესი – მამრობითი და მდედრობითი.
როგორც ცნობილია, ტრამპი, აგრეთვე, აპირებს მოქალაქეობის შესახებ კანონის შეზღუდვას. მისი კიდევ ერთი ინიციატივაა, არალეგალ მიგრანტთა შვილებს, აშშ-ში დაბადებისთანავე ავტომატურად აღარ მიენიჭოთ აშშ-ის მოქალაქეობა (jus soli-ს გაუქმებაზე იგი 45-ე პრეზიდენტობის დროსაც საუბრობდა). ამასთან, ტრამპმა ინაუგურაციამდე რამდენიმე ხნის წინ პირობა დადო, რომ დაასრულებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ და მნიშვნელოვნად გაამკაცრებს მიგრაციულ კანონმდებლობას.
აგრეთვე, ტრამპის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ იქნება ის, რომ გასცემს ბრძანებას, სახელი გადაერქვას მექსიკის ყურეს, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მთას, დენალის (Denali). ამის შესახებ მისი პრესსპიკერი კაროლინ ლევიტი X-ში წერს. მან გამოაქვეყნა New-York Post-ის სტატიის ბმული, რომელშიც ნათქვამია, რომ მექსიკის ყურეს დაერქმევა ამერიკის ყურე, ხოლო დენალის მთას – მაკ-კინლი. ალასკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ამ ორთავიან მთას სახელი (მაკ-კინლი – McKinley) ბარაკ ობამას დროს, 2015 წელს ალასკის შტატის მოთხოვნით გადაარქვეს მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ.
და კიდევ, როგორც საინაუგურაციო სიტყვის დროს ტრამპმა თქვა, „ყველაზე მეტად ამაყობს იმით, რომ მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი გახდა. … აი, ვინ მინდა ვიყო – მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი“. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს. მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დეკემბერში კი „ვადა“ შეცვალა და თქვა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა 6 თვე დასჭირდეს.
„როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო“, – ნათქვამია. რეალურად შეძლებს თუ არა ტრამპი, რომ ამერიკას, მისივე სიტყვებით, „ოქროს ხანა“ დაუდგეს, ძნელი სათქმელია, თუმცა დიდი ცვლილებების ხანა რომ იწყება, ფაქტია.
ნინო ხოშტარია
ამავე თემაზე: ტრამპის ინაუგურაციიდან 24 საათში მიგრანტების დაკავების და დეპორტაციის „დიდი რეიდი“ დაიწყება – რომელ ქალაქებზეა აქცენტი?
კომენტარები