ხანძარმა კალიფორნიაში ჰოლივუდის ვარსკვლავების მრავალმილიონიანი სახლებიც გადაწვა, დაღუპულია 10 ადამიანი (ვიდეო)
კალიფორნიაში 7 იანვარს გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა, ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა, 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სავალდებულო ევაკუაციის მოთხოვნის შემდეგ საცხოვრებელი სახლი 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. რისკის ზონაში ამ დრომდე ათეულობით ათასი ადამიანი რჩება.
BBC-ს ინფორმაციით, ლოს-ანჯელესსა და მეზობელ ვენტურის ოლქში ხანძარი კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერას ებრძვიან, 9 იანვრის დღის ბოლოსთვის ყველა მათგანი 0%-ით იყო შეკავებული.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის მთლიანობაში განადგურებულია ათასზე მეტი ნაგებობა. ცეცხლი გავრცელებულია ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდ ჰილსში, სადაც ამერიკული კინოინდუსტრიის ცნობილი ვარსკვლავების მდიდრული ვილები მდებარეობს. ინფორმაციის თანახმად, ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა: პერის ჰილტონმა, ანა ფერისმა, ჯენიფერ ლავ ჰიუიტმა, ლეიტონ მისტერმა, ჯენიფერ გრეიმ, კერი ელვისმა, ბილი კრისტალმა, ჯეიმს ვუდსმა, დაიან უორენმა და ედამ ბროუდიმ.
„კალიფორნიაში აღარ არის ხანძრის სეზონი, სამაგიეროდ არის „ხანძრის წელი“, – ასეთი განცხადება გააკეთა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.
კალიფორნიაში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. 2024 წელს შტატის სხვადასხვა რაიონში 8 000-ზე მეტი ხანძარი იყო, შედეგად საერთო ჯამში 425 ათასი ჰექტარი ტერიტორია განადგურდა.
AccuWeather-ის შეფასებით, მიმდინარე ხანძრისგან მიყენებული ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები