ისტორია

მილიონი ოქრო – ერთი ღამის სანაცვლოდ

ამ სათაურის წაკითხვისას ალბათ ჰოლივუდის ფილმი „უხამსი წინადადება“ გაგახსენდათ, რომელშიც რობერტ რედფორდის გმირი, მილიონერი ბიზნესმენი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ქალთან (რომლის როლსაც დემი მური ასრულებს) გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ მილიონ დოლარს სთავაზობს, თუმცა ამჯერად სხვა, რეალურ ამბავზეა საუბარი – მსგავსი ისტორია მართლაც მოხდა ჰოლივუდის ფილმის გადაღებამდე ერთი საუკუნით ადრე, მე-19 საუკუნის საქართველოში. ყოველ შემთხვევაში ასეთი გადმოცემა არსებობს… ამ ისტორიამ „სიყვარულის სასახლეც“ დაუტოვა თბილისს.

ეს უჩვეულო ამბავი კი თურმე ასე დაიწყო: მაღალი ფენისთვის განკუთვნილ ერთ საღამოზე „ვეფხისტყაოსნის“ დადგმაში თავადი ტარიელ დადიანის მეუღლე – აგრაფინა ჯაფარიძეც მონაწილეობდა. იგი ნესტან-დარეჯანს განასახიერებდა. წარმოდგენას გერმანელი პრინცი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი – კონსტანტინე ოლდენბურგელიც (ოლდენბურგი) ესწრებოდა, რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა. პრინცი ისე მოხიბლა ქალის სილამაზემ, რომ მის მეუღლეს ცოლთან ერთი ღამის სანაცვლოდ მილიონი ოქროს მანეთი შესთავაზა. თავადმა დადიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და დათანხმდა. სხვა ვერსიით, დადიანმა აგრაფინა პრინცთან ბანქოში წააგო, უფრო სწორად, ბანქოში წაგებული დიდი ფულის სანაცვლოდ პრინცმა ოლდენბურგმა, რომელიც მაშინ 30 წლის ყოფილა, ცოლის დათმობა შესთავაზა და დაიყოლიაო. ზოგიერთი გადმოცემით, ქალის ხელში ჩასაგდებად პრინცმა მოისყიდა ხალხი, ტარიელი დაათრობინა, ბანქოშიდიდი ფული წააგებინა და შემდეგ ვალის სანაცვლოდ ცოლის დათმობა შესთავაზა. პირველ ვერსიას რომ მივყვეთ, აგრაფინა ჯაფარიძესთან მისული ოლდენბურგისთვის ქალს უთქვამს: ფული ჩემს მეუღლეს გადაუხადე და მასვე მიაკითხეო. მაშინ გერმანელმა პრინცმა ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა მისი გულის მოსაგებად. ქალმა სასახლის აშენება სთხოვა.

სასახლე 1895 წელს, ექვს თვეში აუშენებიათ იმ დროისთვის სახელგანთქმული არქიტექტორის – პოლ შტერნის პროექტით. ნაგებობა ტრადიციული თბილისური არქიტექტურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, შერეული სტილისაა, ერთი მხრივ, „აგურის გოტიკას“ ენათესავება, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ დეტალებსაც მოიცავს. თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, პრეზენტაციაზე მიწვეულ პირველ სტუმრებს სასახლის პირველ დარბაზში შესვლისას კაბა-შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.

პრინცმა თავის საწადელს მიაღწია, აგრაფინა ჯაფარიძე ქმარს დააშორა და თავად შეირთო ცოლად. აგრაფინა ოლდენბურგთან ერთად მისთვის აგებულ სასახლეში დასახლდა და გრაფინია ზარნიკაუ გახდა. ამ ამბავზე ისტორიამ პატარა ხალხური ლექსიც შემოგვინახა: „გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო!“ „აგრაფინა-კისკისა“ კი ქალისთვის აკაკი წერეთელს შეურქმევია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სასახლეში ბროლის იატაკი აყარეს, მოხატული კედლები გადაღებეს, უნიკალური ჭაღები ჩამოხსნეს და შენობაში ყრუ-მუნჯთა სკოლა გახსნეს. ამჟამად კი იქ საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის მუზეუმია (2020 წლის 8 აპრილამდემას საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ეწოდებოდა). მუზეუმში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხელნაწერთა ფონდია, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ქართველი ხელოვანისა და მწერლის არქივია დაცული. პრინც ოლდენბურგის და აგრაფინა ჯაფარიძის ნივთები, ფოტოები და სასიყვარულო წერილებიც მუზეუმში ინახება.

მილიონ ოქროდ შეფასებული ერთი ღამის ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს: გადმოცემის თანახმად, გრაფინია აგრაფინა ბოლშევიკებმა  „სიყვარულის სასახლეში“ დაახრჩვეს. იმდროინდელი თბილისის მკვიდრნი ჰყვებოდნენ, რომ სასახლეში ქალის აჩრდილი დადიოდა. ზოგიერთი ამას ახლაც ამტკიცებს…

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close