სპორტი

საქართველოს ნაკრების მეტოქე უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია

22 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას 2024/2025 წლების ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.

B/C ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გამართულინ შეხვედრა წააგო ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან 2:1 და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „ჯვაროსნებმა“ პლეი-ოფის 2 შეხვედრის ჯამში გამარჯვება უნდა მოიპოვონ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ერთა ლიგის პლეი-ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური შეხვედრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ, – განაცხადა ვილი სანიოლმა. – ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, თუმცა ვიმედოვნებ, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ“.

ცნობისათვის, სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა 7 ქულით. ჯგუფში სომხეთთან ერთად იყვნენ ჩრდილოეთ მაკედონია (16 ქულით პირველ ადგილზე გავიდა), ფარერის კუნძულები (6 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა – ჩრდილოეთ მაკედონიამ მხოლოდ ფარერის კუნძულებთან ითამაშა ფრედ, დანარჩენი 5-ვე მატჩი მოიგო) და ლატვია (4 ქულით ბოლო ადგილზეა). სომხეთს B ლიგაში დაწინაურების შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის პლეი-ოფის 2 შეხვედრის ჯამში გამარჯვება უნდა მოიპოვოს საქართველოსთან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close